შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ვარკეთილში, ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, იყო თუ არა მძღოლი პოლიციის თანამშრომელი .
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
"ავარიას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, თუმცა ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გიდასტურებთ. გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები", - აცხადებენ უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში, ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ცნობით, ავტომანქანას, რომელიც რესტორანში შევარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მართავდა.