ვალერი გელბახიანი, რომელიც 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, გაზეთ "ვერსიასთან" პატარკაციშვილისა და ივანიშვილის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:
ვალერი გელბახიანი: ბადრი პატარკაციშვილმა რუსეთში მოღვაწეობა ისე დაამთავრა, რომ ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.
"ვერსია": ესე იგი, მითია, რომ ამბობენ, ბიძინა და ბადრი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ და ერთხელ, გასვენებაში, ბადრიმ ბიძინას შეაგინაო?
ვალერი გელბახიანი: არა, არა... რომ გითხრათ, ბადრის ბიძინა უყვარდა-მეთქი, ტყუილი იქნება. ბადრის თავისი წარმოდგენები, შეხედულებები ჰქონდა და მისგან საქებარს ვერასოდეს გაიგებდით. მიაჩნდა, რომ ბიძინას ის დონე არ ჰქონდა, რაც მსხვილ ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს. ბადრი ამბობდა, მთავარი ჯერ ადამიანობაა და მერე, ფულიო. ფასეულობების თვალსაზრისით, არ თვლიდა, რომ მისი ტოლფასი ადამიანი იყო - ეს სიმართლეა! მტრად არ მიაჩნდა, მაგრამ ბოლო დროს ეჭვობდა, რომ ბიძინა მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო.
"ვერსია": ბიძინამ ბადრის მიშა "დააწერა"?
ვალერი გელბახიანი: გამოვიდა, რომ ბიძინამ ბადრის ადგილი დაიკავა - ბადრი მიშასთან ძალიან ახლოს იყო და აფინანსებდა კიდეც.
"ვერსია": რამდენს აძლევდა?
ვალერი გელბახიანი: მხოლოდ მაშინ, როცა "ვარდების რევოლუციის" აქციები იწყებოდა, ვიცი, 300 ათასი მისცა.
"ვერსია": ჟვანიასაც ხომ აფინანსებდა?
ვალერი გელბახიანი: ჟვანიას, "ახლებს" სერიოზულ ფულს აძლევდა. სხვათა შორის, რევოლუციის დროს, მიშას კულუარებიდან ეხმარებოდა - ბადრიმ შტაბი შექმნა, სპეციალისტები ჩამოიყვანა...
"ვერსია": რუსები?
ვალერი გელბახიანი: არა, ბალტიისპირელები...
"ვერსია": ეს ბალტიისპირელები, "პიარშჩიკები" იყვნენ?
ვალერი გელბახიანი: არა, დემონსტრაციებისა და აქციების სპეციალისტები, რომელთაც კავშირი მიშას შტაბთან ჰქონდათ. ამ შტაბში რამდენჯერმე მივედი და ბადრის ვკითხე, აქ რას ზიხარ, "არკადიაში" რატომ არ ხარ-მეთქი და მიპასუხა, აქედან პროცესებს უკეთ ვაკონტროლებთო.
"ვერსია": საიდუმლო შტაბი სად მდებარეობდა?
ვალერი გელბახიანი: ავლაბარში, ქალაქის პროკურატურის ყოფილ შენობაში...
"ვერსია": ამ შტაბზე მედიასთან დღემდე არ გილაპარაკიათ?
ვალერი გელბახიანი: არა... შტაბში ნახაზებსაც ნახავდით - ქუჩები როგორ უნდა გადაკეტილიყო, ხალხის ნაკადი საიდან დაძრულიყო და თავი სად მოეყარა. მოკლედ, აქ ინსტრუქციები, ასე ვთქვათ, იჭედებოდა და მერე, მიშას შტაბში მიდიოდა...
"ვერსია": თუ გავყვებით ვერსიას, რომ პატარკაციშვილი მოკლეს, მკვლელობის მოტივი შეიძლება, სწორედ ის გამხდარიყო, რომ მიშაზე ბევრი რამ იცოდა?
ვალერი გელბახიანი: ადამიანებს ამის გამო არ ხოცავენ...
"ვერსია": ბატონო ვალერი, ბადრი რუს ოლიგარქად ითვლებოდა და თუკი სააკაშვილი მისი ინსტრუქტაჟით მოქმედებდა, მაშასადამე, "ვარდების რევოლუცია" რუსული პროექტი გამოდის...
ვალერი გელბახიანი: რუსული რატომ იყო? სხვათა შორის, ეჭვი ბადრისაც ჰქონდა, ავანსცენაზე რუსული მოთამაშეები არ გამოჩენილიყვნენ. ცალსახად ვამბობ, რომ აქ რუსული წილი არ ყოფილა - მაშინ ბადრის რუსეთთან ურთიერთობა ისე ჰქონდა გართულებული, რუსული სპეცსამსახურებისგან თავისდასაღწევად ანტირუსულ ხელისუფლებას ეძებდა.
"ვერსია": ... ბადრი როგორ გაიცანით?
ვალერი გელბახიანი: მაშინ აღორძინებაში ვიყავი. ბადრი აჭარაში, ასლანთან ჩამოვიდა, კარგად მახსოვს - თეთრი კოსტუმი ეცვა, თვალშისაცემად გამოიყურებოდა. ვიკითხე, ვინაა-მეთქი. მითხრეს, ბადრი პატარკაციშვილაიო. ეს სახელი და გვარი გაგონილი მქონდა... ვისაუბრეთ, მერე, ასლანის გარეშე, ყავა დავლიეთ. მითხრა, გიცნობ, შენზე დადებითი შთაბეჭდილება მაქვს და ვიმეგობროთო. რატომაც არა-მეთქი.