ვიქტორია ნულანდი - უკრაინას და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ

ვიქტორია ნულანდი - უკრაინას და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა საქართველო-უკრაინის ორმხრივი საკითხია და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

"რამდენადაც ჩვენ ვიცით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაპატიჟეს, რომ იყოს წევრი იმ ფართო მრჩეველთა ჯგუფისა, რომელიც პრეზიდენტმა პოროშენკომ ჩამოაყალიბა. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა მიისწრაფვის იმისკენ, რომ მიიღოს ფართო გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ბევრი უმუშავიათ რეფორმების საკითხებზე. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის კერძო მოქალაქე და ეს მისი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ექსტრადიციის მოთხოვნას, ეს არის საქართველოს მოთხოვნა უკრაინისადმი, ამდენად, ეს არის ორმხრივი საკითხი ორ ქვეყანას შორის და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

მისივე თქმით, მას სურს სხვა კომენტარის გაკეთება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების თაობაზე. "ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან თქვენ ორივე ცდილობთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დადგეთ და მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს და უკრაინის ყველა მოქალაქეს, ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, თქვენ გჭირდებათ ერთმანეთი", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

"ინტერპრესნიუსი"