ფსევდონიმი ადამიანის გამოგონილი, ალტერნატიული სახელია, რომელსაც ხშირად მხატვრები, მწერლები, მსახიობები და მუსიკოსები იგონებენ, ან მათ სხვები უგონებენ, რომ საზოგადოებას მასობრივად ასე წარუდგნენ. თითოეულს თავისი ისტორია აქვს და ხშირად ის ამა თუ იმ პიროვნების ბედსაც განსაზღვრავს.
დიახ, ჩვენშიც საკმაოდ ბევრია ადამიანი, რომელთაც რაღაც მიზეზით, ფსევდეონიმი გაუჩნდა, თუმცა მათ რა ჩამოთვლის? მხოლოდ რამდენიმე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის ფსევდონიმსა თუ შერქმეულ მეტსახელს შეგახსენებთ...
მაია ბურჭულაძე - ეს სახელი და გვარი დეტექტივების ცნობილ ავტორს უკავშირდება, რომელიც სინამდვილეში ლეილა ხომერიკი გახლავთ. ხოლო თუ რატომ გააცნო საზოგადეობას თავი მაია ბურჭულაძით, ამაზე აი, რას ჰყვება:
- პირველი დეტექტივი რომ დავწერე, თაროზე შემოვდე და სადმე მისი დასაბეჭდად მიტანა მერიდებოდა. ვფიქრობდი, რას იტყვის ხალხი? ჯერ ინჟინრობა უნდოდა, მერე მხატვრობა გადაწყვიტა, ახლა კალამს მოჰკიდა ხელიო... ჩემმა დისშვილმა მიყურა, მიყურა და მითხრა: ამ ნამუშევარს ჟურნალ "სარკეში" წავიღებო. დავთანხმდი, მაგრამ ერთი პირობით: ფსევდონიმი მიაწერე-მეთქი. მაია ჩემს დისშვილს ჰქვია, ბურჭულაძე - ჩემი უფროსი შვილიშვილის გვარია. მოკლედ, ასე გაჩნდა მაია ბურჭულაძე.
დიზაინერ ზალიკო ბერგერს, რომლის ნამდვილი გვარი ხეცურიანია, საზოგადოება ბერგერად იცნობს. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ ზალიკო რეალურად არა ბერგერი, არამედ ხეცურიანია.
- "რადიო 105-ში" დიჯეი რომ ვიყავი, იმ პერიოდში გერმანულს ვსწავლობდი. თან, მსახიობ ჰელმუტ ბერგერსაც მამსგავსებდნენ... ხეცურიანი ვარ, სვანი, მთაშია ჩემი ფესვები. "ბერგი" კი გერმანულად მთას ნიშნავს.
იმ პერიოდში როგორც მოდელიერი, პირველ ნაბიჯებსაც ვდგამდი. ჰოდა, პირველ ჩვენებაზე ბუკლეტში ზალიკო ბერგერად ჩამწერეს და ჩვენებაზეც ასე წარმადგინეს, რადიოში კი დიჯეი ბერგერი გახლდით.
- წლების შემდეგ, ეს ფსევდონიმი რა არის შენთვის?
- ის ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. საქართველოში პოპულარობა სწორედ ამ სახელმა მომიტანა.
- აეროპორტში საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები არ შეგქმნია?
- საქართველოში თითქმის ყველამ იცის, რომ პასპორტში ხეცურიანი ვარ.
- ალბათ გეუცხოვება, თუ ვინმე ხეცურიანით მოგმართავს, არა?
- არა, ზოგი მეგობარი ხეცურასაც მეძახის...
ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია, პასპორტით მზია მოდებაზეა. ვფიქრობ, ისე მოირგო ფსევდონიმი, გამოგონილი სახელი და გვარი, რომ მგონი, თავადაც აღარ ახსოვს, რომ ადრე მზიას ეძახდნენ.
- რადიო "აუდიენციაში" რომ დავიწყე მუშაობა, ქართული სახელი დამიწუნეს. მაშინ კოკა ყანდიაშვილი იყო რადიოს მფლობელი და რადიო რუსულენოვანი იყო... ავდექი და ბებიაჩემის სახელი და გვარი - ლიზა ვადაჭკორია ავიღე და ასე მოხდა ჩემი რეინკარნაციაც...
ამის გამო სულ გაუგებრობაში ვარ, ხან სასტუმროში, სადაც ლიზა ვადაჭკორიას ელოდებიან და ვინმე მზია მოდებაძე მიდის. ხან საზღვარზე, როცა მებაჟეები მცნობენ - "ოჰ, ლიზა, გამარჯობა" და მერე პასპორტში იყურებიან და ეს ვინ არისო?
ერთხელ "ოლიმპიურში" ალეკო ახვლედიანმა იკითხა, პრესსამსახურში მზია მოდებაძე ვინ არის, რატომ არ ვიცნობო? ასეთი ფაქტი ხშირად ყოფილა.
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი "ფესიბუქის" საკუთარ გვერდზე ასე სულაც არ არის დაფიქსირებული, ის სუხიტა კარალელია, რაზეც თავად ასეთ განმარტებას აკეთებს:
- ჩემმა მეტსახელმა ტრანსფორმაცია განიცადა, რაც ძირითადად, გვარიდან მომდინარეობს: "სუხო," "სუხა," "სუხარა," "სუხიტა" და ა.შ. მათგან განსაკუთრებით "სუხიტა" გამოირჩევა, - თითქმის ყველა ასე მომმართავს, არა აქვს მნიშვნელობა, მეგობარია თუ უცხო ადამიანი.
რაც შეეხება კარალელს, გამორჩეულად მიყვარს ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ყველა იმ ადამიანს დიდ პატივს ვცემ, ვინც არ ცდილობს, იმ "ტოტის" მოჭრას, საიდანაც წარმოიშვა. გორი-კარალეთი ჩემი სამშობლოა, იქიდან ვარ და ამით ვამაყობ. არავის არაფერს ვუმტკიცებ. ჩემთვის ის არავის დაურქმევია, თვითონ გამოვიგონე, რადგანაც ხშირად მეძახდნენ "კარალეთელს," "გორელს," "გორის," "კარალეთის", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ მომწონს. გიორგი ის სახელია, რომელიც ალბათ ყველა ქართველისთვის მითიურია, რელიგიური და ბევრ ასოციაციას იწვევს და ყველა ერთად, რაღაც დადებითს უტოლდება. გვარი ჩემი ფესვია, რომელსაც პატივს ვცემ და მეამაყება...
ისე, გვარ-სახელებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ყველას თავისი სილამაზე და ისტორია აქვს, მთავარია ამ გვარ-სახელების უკან როგორი ადამიანები ვართ...
პეტრე კოლხი, დეკანოზი პეტრე კვარაცელია გახლავთ. ის გარდა იმისა, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობს, პოეტიც გალავთ და ეს სახელიც, სწორედ მისი პოეტობიდან მომდინარეობს, თუმცა თავად მიაჩნია, რომ პეტრე კოლხი ფსევდონიმი სულაც არ არის.
- სოციალურ ქსელში ასე დავრეგისტრირდი და შემომრჩა... რაც შეეხება სასულიერო პირების ფსევდონიმს - ეს უცხო არ არის მამათა ცხოვრებიდან... ყველამ ჯანსაღად მინდა გამიგოს, არავის ვეტოლები, მაგრამ "გარეჯელი", "სამთავნელი" თუ სხვა, ვფიქრობ, ფსევდონიმებია...
ლუკა, იგივე მზია შარაშიძე თბილისის ზოოპარკის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია, თუმცა წლების წინ როგორც ტელე-რადიოწამყვანი ისე გაიცნეს:
- 1999 წელს მუშაობა "პირველ რადიოში" (FM 106-ში) დავიწყე. მზია დიჯეისთვის დიდად შესაფერისი სახელი არ იყო, ამიტომ ფსევდონიმის მოფიქრება მთხოვეს. მაშინ სახელების მოგონება მიჭირდა: კატა მყავდა და ფისო დავარქვი, იადონს - ჩიტი... ჰოდა, ვთქვი, პირველ ეთერამდე რაღაცას მოვიფირებ-მეთქი. რომ მივედი, არაფერიც არ მქონდა მოფიქრებული. ქვემოდან რაციით დირექტორმა ამომძახა, - რა ქენი? მოვიფიქრე-მეთქი, - ვუთხარი, - ოღონდ, რისი იმედი მქონდა, არ ვიცი... უცბად მაგიდას დავხედე და გვერდით მედო Suzanne Vega-ს დისკი, სადაც მეორე სიმღერა იყო ლუკა, რომელიც მაშინ ძალიან მომწონდა. არც ვაციე, არც ვაცხელე, - ლუკა-მეთქი, - ჩავძახე. მეგონა, გაუკვირდებოდა, მაგრამ მოიწონა. ასე შემრჩა ლუკა. მერე ეს ფსევდონიმი ტელევიზიაშიც გადამყვა. ამან ის გამოიწვია, რომ ვინც "გალუკებამდე" მიცნობდა, მზიას მეძახის, ვინც "გალუკების" შემდეგ - ლუკას. ზოგისთვის კი უბრალოდ მზიალუკა ვარ...
სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი - ლიკა ყაზბეგის შემთხვევაშიც გამოგონილ სახელთან და გვართან გვაქვს საქმე. მან ფსევდონიმი დიდი მწერლის - ალექსანდრე ყაზბეგის პატივსაცემად აიღო:
- მჟღერი და დასამახსოვრებელი ფსევდონიმი მაქვს. ბევრს უთქვამს და მეც ვიცი, რომ "ჩემი გვარი" არ არსებობს (სინამდვილეში, კი 200 წლის ისტორია აქვს). ახლა ადვილია ნებისმიერი რარაცის საბუთში ჩაწერა და ეს ოფიციალურად დასაშვებია. ამიტომ მეც მინდოდა, მაგრამ ცხოვრებისეულმა სიტუაციებმა გადამაფიქრებინა.
ყაზბეგი რომ ჩაეწერათ დოკუმენტებში, ცოტა უხერხულობასაც შემიქმნიდა. რეალურად კი წიკლაური ვარ და ყველა საბუთი ამ გვარზე მაქვს.
- რა პრობლემებს შეგიქმნიდა?
- მაგალითად, ვარ ექიმთან და მისაღებში ყაზბეგს აცხადებენ, ვთქვათ, წელი მტკივა, ან ტერფი, ყველამ უნდა გაიგოს? არადა, იქნებ არ მინდა ამის აფიშირება? წიკლაურის გამოაცხადებისას კი ისე შევიპარები კაბინეტში, ვერავინ გაიგებს.რაც შეეხება სახელს, რომ დავიბადე, დაბადების მოწმობაში ლიკას და თიკას არავინ წერდა და ულამაზესი ფრანგული სახელი - ლილიანა ჩამიწერეს. ერთი პერიოდი ამ სახელსაც მეძახდნენ და არ არის გამორიცხული, ბრენდი "ლილიანაც" შევქმნა.
- ლიკა ყაზბეგმა რა მოგიტანა?
- წარმატება. ის, რომ წერა დავიწყე, ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. ვფიქრობ, რომ მხოლოდ პოდიუმზე კი არა, წიგნის ყდაზეც საინტერესო იქნება "ლიკა ყაზბეგი".
რეპერი ლექსო ქავთარაძე საზოგადოებას ლექს-სენის სახელით წარუდგა (ეს მისი სასცენო სახელი გახლავთ), რადგანაც როგორც რეპერს, მეტსახელი, თუ ფსევდონიმი სჭირდებოდა...
ლექსო თავიდანვე გატაცებული იყო მუსიკით: რეპით, ჰიპ-ჰოპით, წერდა ლექსებს და ეს საქმე ლამის სენად, ავადმყოფობად ჰქონდა გადაქცეული. ჰოდა, სკოლის შემდეგ, სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე რომ განაგრძო, ამ ყველაფერს მაინც ვერ შეეშვა და პირველი სიმღერაც სტუდენტობისას დაწერა. 2001 წელს მისი პირველი ჰიტი - "არ თქვა უარი" გამოვიდა, რასაც სხვა ჰიტები მოჰყვა და საბოლოოდ, საზოგადოებას ლექს-სენად გაეცნო.
რეპერების თემა რომ გავაგრძელოთ, გიორგი პავლიაშვილზე, იმავე მასტერზეც ვისაუბროთ. გიორგი: "როდესაც მე და ჩემმა ძმაკაცმა რეპი დავიწყეთ, მე მუსიკის შექმნა მევალებოდა და კლავიშებთან მუშაობა მეხებოდა. დიახ, თავიდანვე ასე იყო, - არ ვიპარავდი მუსიკას და თავად ვაწყობდი. ძმაკაცს მოსწონდა და მეუბნებოდა, - აუ, კლავიშების "მასტერი" ხარო. მერე ძალიან მიყვარს ბულგაკოვის (რუსულად ვიტყვი) "მასტერ ი მარგარიტა" და ამანაც განაპირობა... საერთოდ, როცა რამე კარგად გამომდის, საქმეს კარგად დავაგვირგვინებ ხოლმე, ამ ფრაზას ვამბობ.
- ფსევდონიმმა გაამართლა?
- კი. საერთოდ, რეპერს უნდა ჰქონდეს გამოგონილი სახელი. დღეს ყველა "მასტერ", - ასე მომმართავს. მაგრამ "მასტერას" რომ მეძახიან, არ მომწონს. ადრე ჩემზე პრესაშიც ასე წერდნენ, რასაც ვაპროტესტებდი, რადგანაც კრიმინალის სახელთან ვასოცირდებოდი... ბევრი კურიოზიც ყოფილა. გოგოებს როცა ვუახლოვდები, ვთხოვ, მასტერით მომართონ და მსიამოვნებს, ჩემი გოგო მასტერს რომ მეძახის.
იუმორისტ ვახო ბიჭიკაშვილს მართალია მასობრივად მისი მეტსახელებით არ იცნობენ, მაგრამ "ფეისბუქზე" ვახანხალა ხანხალა - თაგვი, ასეა დაფიქსირებული:
- ამ სახელებს სამსახურში მეგობრები მეძახიან, ქუჩაში ადამიანები ხან ჟიმნის, ხან ზაურას, გივის, - პერსონაჟების სახელებით მომმართავენ. რაც შეეხება თაგვს, ეს ნიკა გრიგოლიამ შემარქვა, პრინციპში, სწორიც არის და ზუსტად შემეფერება, რადგანაც ძალიან მიყვარს თხილი, ნიგოზი, ყველი... რაც შეეხება ვახანხალას, ეს სალომე ბაკურაძის დამსახურებაა და ესეც მომწონს...
მწერალი აკა მორჩილაძე, ცნობილია, რომ გვარად გიო ახვლედიანია. როდესაც ერთხელ ვკითხე, თუ რა იყო მისი ფსევდონიმის გამოგონების მიზეზი, მითხრა, რომ ამ სახელის გამოგონებისას პატარა კომერციული გათვლაც კი ჰქონდა, რადგანაც მიაჩნდა, რომ მასობრივად მკითხველს გიო ახვლედიანის დამახსოვრება გაუჭირდებოდა და უფრო მარტივი გვარ-სახელისკენ გადაიხრა, რამაც გაამართლა.
ყველამ ვიცით, რომ მუსიკოსი ნიკა რაჭველი წლების წინ ნიკა მემანიშვილი გახლდათ. შემდეგ გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის თავი რაჭველად წარედგინა, რითაც მის რაჭულ ფესვებსა და წარმომავლობას გაუხვა ხაზი. თუმცა ზოგიერთმა კრიტიკოსმა ეს ფაქტი ასე შეაფასა: ნიკა კომერციულად მიუდგა საქმეს, ვინაიდან უცხოეთში ხშირად უხდება ვიზიტები, იქ რაჭველს ცხადია ადვილად გაიგებენ, ვიდრე მემანიშვილს, თან ის დიდი ფრანგი კომპოზიტორის მორის რაველის გვარის მსგავსად ჟღერს.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის