"ამით ჩემს შვილს არაფერი მოაკლდება" - მარიამ როინიშვილი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე

"ამით ჩემს შვილს არაფერი მოაკლდება" - მარიამ როინიშვილი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე

როინიშვილები ერთ-ერთია იმ ცნობილ ოჯახებს შორის, რომელთა მიმართ მკითხველის ინტერესი არასდროს კლებულობს. განსაკუთრებულად კი მარიამ როინიშვილი აინტერესებთ, რასაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ მარიამმა თავად გამოიჩინა გულახდილობა პრესასთან და შესაბამისად, ხალხთან...

როგორ უყურებს მომღერალი საკუთარ მომავალს განქორწინების შემდეგ, ის ამ საკითხზე "სარკეს" ესაუბრა. Ambebi.ge გთავაზობთ მონაკვეთს ინტერვიუდან.

"სარკე": სწავლაზე, კარიერის აწყობაზე, შვილის აღზრდაზე ხართ ორიენტირებული. პირადი ცხოვრება გვერდზე გაქვთ გადადებული?

მარიამ როინიშვილი: ასე არ არის. ის ტიპაჟი არ ვარ, რომ პირადი ცხოვრება გვერდით გადავდო. პირადი რომ აწყობილი მქონდეს, ამით ჩემს შვილს არაფერი მოაკლდება, თუმცა ამ ეტაპზე არ მაქვს. ამას არც განვიცდი. ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ისევ შემიყვარდება. ჩემთვის სიყვარულის გარეშე რაღაც ურთიერთობები გამრათლებული არ არის. სიყვარული დიდი გრძნობაა, ველოდები, კარი ჩაკეტილი არ მაქვს. თუ მოვა, მოვა.

"სარკე": ფიქრობთ, რომ სიყვარული იმდენჯერ შეიძლება მოვიდეს, რამდენჯერაც გულის კარს გაუხსნით?

მარიამ როინიშვილი: სიყვარული ერთხელ არ მოდის. შეუძლებელია, ის ერთხელ მოვიდეს, თუმცა გამონაკლისი ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც მთელი ცხოვრება ის ერთი ჰყვარებია. ჩემს შემთხვევაში კი სიყვარული მეორედ მოვა, თუმცა არ ვიცი, როდის.

"სარკე": მეორედ გათხოვებაზეც გიფიქრიათ?

მარიამ როინიშვილი: ხანდახან მეგობრებთანაც მითქვამს, მეორედ არასდროს გავთხოვდები-მეთქი, მაგრამ მერე მიფიქრია, თუ მოვა ადამიანი, რომელიც ღირსეული იქნება, მეყვარება და ამ ნაბიჯის კიდევ ერთხელ გადადგმას გადამაწყვეტინებს, რა თქმა უნდა, გადავდგამ.

"სარკე": და ალბათ პირველი ქორწინების გამოცდილებასაც გამოიყენებთ.

მარიამ როინიშვილი: გამოცდილებამ ფრთხილი გამხადა, ამიტომ ცხოვრებასაც ფრთხილად მივუყვები, ფაქიზად აღვიქვამ ისეთ ნიუანსებს, რასაც ადრე არ ვუკვირდებოდი.

"სარკე": როგორი უნდა იყოს მამაკაცი, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმას გადაგაწყვეტინებთ?

მარიამ როინიშვილი: ალბათ, პირველ რიგში, კეთილშობილი უნდა იყოს, რაც დღესდღეობით ადამიანებში ძალიან იშვიათად მხვდება.

"სარკე": თქვენი ცხოვრების ამ პერიოდს როგორ შეაფასებდით?

მარიამ როინიშვილი: ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეტაპი მაქვს. 2014 წელიც ძალიან საინტერესოდ დამთავრდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" იყო. ის პერიოდი დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. ამ კონკურსმა ბევრი ისეთი რამ შემძინა, რაც სცენისთვის მჭირდებოდა. 2015 წელიც საინტერესოდ დაიწყო ჩემთვის. ახლა ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება დუღილის პროცესშია და მინდა, კიდევ მეტად ათუხთუხდეს.