უბედური შემთხვევა მოხდა წუხელ რუსთავში, ქუჩიშვილის ქუჩა #1-თან. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საკანალიზაციო ჭაში სანახევროდ ჩასული მამაკაცი სიბნელეში ვერ შენიშნა და გადაუარა. 31 წლის დავით მელიქიძე ადგილზე გარდაიცვალა. კიდევ ერთმა მოქალაქემ, გიორგი აბულაშვილმა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ქვემო ქართლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა, პაატა ბაჩილავამ განაცხადა, ქუჩიშვილის ქუჩაზე გამოძახებულ ბრიგადას დავით მელიქიძე უკვე გარდაცვლილი დახვდა, მეორე მამაკაცი კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის პაპუნა ბახტაძის განცხადებით, გიორგი აბულაშვილს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა და მას ოპერაცია ჩაუტარდა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.