გეგუთის საიდუმლო - მისტიკური სასახლის არქეოლოგიური კვლევა 50 წლის შემდეგ

გეგუთის საიდუმლო - მისტიკური სასახლის არქეოლოგიური კვლევა 50 წლის შემდეგ

"ნახევარი საუკუნის შემდეგ - წელს გეგუთის კომპლექსის კვლევითი სამუშაოები განახლდება. არქეოლოგთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალი კვლევითი სამუშაოები გეგუთის ძეგლზე თამარის ეპოქაზე უფრო ძველი არტეფაქტების აღმოჩენის ალბათობას შექმნის. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, გეგუთის სასახლის სრული კონსერვაცია იმ გრძელვადიანი პროგრამის გაგრძელებაა, რასაც დასავლეთ საქართველოს ძეგლთა რეაბილიტაცია ჰქვია. აღსანიშნავია, რომ შარშან, ამავე პროექტის ფარგლებში გეგუთის არქიტექტურის ყველაზე რთული და განადგურების პირას მყოფი ადგილების კონსერვაცია უკვე განხორციელდა - გაკეთდა კოპლექსის გალავნის რესტავრაცია და მოეწყო განათების სისტემა, რაც შესაძლებლობას იძლევა დამთვალიერებელმა გეგუთი ქუთაისის ახალი შემოვლითი გზიდან ღამის საათებშიც აღმოაჩინოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით - "გეგუთის საიდუმლო / 50 წლის შემდეგ მისტიკური სასახლის არქეოლოგიური კვლევა განახლდება".

"წელს, ფაქტობრივად 50 წლის შემდეგ, გეგუთის სასახლის არქეოლოგიური და კვლევითი სამუშაოები განახლდება, ახლად გამოვლენილი მასალა კი არქიტექტორ-რესტავრატორებს სამუშაოების სწორად წარმართვის შესაძლებლობას მისცემს. გეგუთის სასახლე განვითარების ახალ ფაზაში გადადის, ზაფხულის პერიოდში ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლიდან საინტერესო სიახლეები გვექნება", - განუცხადა "რეზონანსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია მურაჩაშვილმა.

"ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორისა და არქეოლოგიის დოქტორის, როლანდ ისაკაძის თქმით, გეგუთი თავისი მნიშვნელობით განუზომელია, ვინაიდან ის ფეოდალური ხანის სამეფო ტიპის სასახლეებს შორის ერთადერთი კარგად შემონახული ძეგლია. არქეოლოგი ყურადღებას ძეგლის პრეისტორიაზე ამახვილებს და ამბობს, რომ გეგუთის სასახლე თავისი ღირებულებით მეცნიერთა ინტერესს მუდმივად იწვევდა."აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გეგუთის მნიშვნელობა ძალიან კარგად შეაფასა შვეიცარიელმა მოგზაურმა და მეცნიერმა დიუბუა დე მონპერემ, რომელმაც 1833 წელს სასახლის გადარჩენილი ნაწილის გეგმა და ცალკეული სათავსოების ფუნქცია განსაზღვრა. "სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლება იმ პერიოდში გეგუთის აგურებს შლიდა და ქუთაისს აშენებდა, რაც მონპერეს ჩანახატის შემდგომაც გაგრძელდა, ამიტომაც მისი შეფასება ძალზედ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მეცნიერის სახელს უკავშირდება ცალკეული სათავსოების, სამეფო ოთახების აღმოჩენა და მათთვის მნიშვნელობის მინიჭება. შემდეგი ეტაპი 1837 წელს დაიწყო, როცა პროფესორმა ლევან მუსხელიშვილმა, არქიტექტორ წილოსანის ხელმძღვანელობით, არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება დაიწყო, რომელიც მხოლოდ ერთ სეზონს გაგრძელდა. ცხადია, ძეგლის სრული შესწავლისთვის ეს საკმარისი დრო არ იყო. სწორედ ამ პერიოდში მეტ-ნაკლებად გაირკვა ისეთი დეტალები, რომლებიც მანამდე უცნობი იყო - დადგინდა, რომ აქ არის ისეთი შრეები, რომელიც თამარის ეპოქაზე ძველია და გიორგი მესამესა და დავით აღმაშენებლის პერიოდს უკავშირდება. ცნობილია, როცა დავითი სანადიროდ დადიოდა, გეგუთში ხშირად ჩადიოდა და ისვენებდა", - აღნიშნავს არქეოლოგი.

"ისაკაძის თქმით, სწორედ ამ პერიოდში დადგინდა, რომ სასახლის ყველაზე ძველი, ბუხრიანი ოთახი მე-8 საუკუნის იყო, რის გარშემოც შემდგომ სასახლე გაშენდა. საგულისხმოა, რომ ქართულ ისტორიულ წყაროებში გეგუთის სასახლე სწორედ მე-8 საუკუნით თარიღდება. არქეოლოგი აღნიშნავს, რომ ძეგლის კვლევის შემდგომი ეტაპი 1951-62 წელს დაიწყო, როცა პროფესორ ვახტანგ ცინცაძის ხელმძღვანელობით, თითქმის ყველა სათავსი გაიწმინდა. მისივე თქმით, ეროვნულ მუზეუმში გეგუთის სასახლეში აღმოჩენილი 60-ამდე ნივთი ინახება. "60-იანი წლების გათხრებმა გარკვეული შრეების აღმოჩენა და შემდგომ ძეგლის რესტავრაცია მოახდინა. ამ სეზონზე ჩვენი მთავარი მიზანი ახალი კვლევებისა და არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება ერთგვარი დაზვერვა, თუ რა საიდუმლოს ინახავს კიდევ ძეგლი. დადგინდა, რომ სასახლე, რომელიც აქ დგას, თამარის ეპოქისაა, თუმცა არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ აქ კიდევ უფრო ძველი შრეები აღმოჩნდეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თამარის ოთახი დაახლოებით მე-6 საუკუნის აგურის მასალით ე.წ კასტელათია ნაშენები, თუმცა ბოლო სამუშაოებმა აჩვენა, რომ ამ მასალის ქვეშ კიდევ უფრო ძველი ციხე-სიმაგრის ნაშთი იკითხება, რომელიც ქვითაა ნაშენები. ვვარაუდობთ, ეს ციხე-სიმაგრე მე-4 საუკუნით თარიღდება. თავის დროზე ეს ციხე ქუთაისისთვის ერთგვარი დამცავი ჯებირი იყო, ვინაიდან მტერი მისი გავლის გარეშე ქალაქში ვერ შევიდოდა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიმდინარე სეზონზე დაახლოებით 15-ამდე თხრილი უნდა გავაკეთოთ, რაც დამატებით ძველი არტეფაქტებისა და ეკლესიის ნაშთების აღმოჩენის საშუალებას მოგვცემს, რაც სავსებით რეალურია. კვლევითი სამუშაოები ძეგლზე მაისის თვეში დაიწყება და დაახლოებით სექტემბრის დასაწყისში დასრულდება", - ამბობს ისაკაძე და დასძენს, რომ გეგუთის სასახლის კონსერვაცია ტურისტების გაზრდის მიმართულებითაც მნიშვნლოვანი ექნება.

"სასახლეს სამხრეთის ნაწილიდან 300 მეტრის მოშორებით ავტობანი ჩაუვლის და ვინაიდან ძეგლი განათებულია, ტურისტს ის ღამითაც შეუძლია ნახოს. დასავლეთის მხრიდან კი სასახლე ქუთაისის მთავარ შემოსავლელ გზას უკავშირდება, ანუ ერთგვარი რკალი ტერიტორიული თვალსაზრისითაც იქმნება. ამავე ტერიტორიაზე უკვე დარეგისტრირებული გვაქვს ფართობი, სადაც შეიძლება ტურისტების დასასვენებელი ადგილის, კარვების ქალაქისა და სხვა დანიშნულების ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ძეგლს დამატებით შემოსავალს მოუტანს", - აღნიშნავს "რეზონანსთან" საუბრისას არქეოლოგი.