"აი, რა მზის სიზმარია,/ აირევი, ივერია.../ აი, დროშა, აშორდია,/ აერების სიბერეა," - ეს გალაკტიონის ცნობილი ლექსი-პალინდრომია, რომლის სტრიქონი წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება... პალინდრომი გავრცელებული იყო აღმოსავლეთ სამყაროში, გვხვდება ძველ ბერძნულ პოეზიაში. ამ ჟანრის ნამუშევრები აღორძინების ხანის ქართველ პოეტებთან- შეინიშნება. თანამედროვე ქართულ პოეზიაში პალინდრომის ნიმუშები იშვიათია, თუმცა ცოტა ხნის წინ, სრულიად შემთხვევით, ამ ჟანრის ერთი თანამედროვე ქართველის სტრიქონებს გავეცანი.
გივი აბესაძე 11 წლის განმავლობაში საბერძნეთში, ემიგრაციაში ცხოვრობდა. ფილოლოგიური განათლება საქართველოში აქვს მიღებული. ლექსებს დიდი ხანია წერს, მაგრამ პალინდრომებზე უკვე 15 წელიწადია, რაც დიდი მონდომებით მუშაობს.
გივი აბესაძე:
- წერა სტუდენტობისას, უნივერსიტეტში სწავლისას დავიწყე. ჩემი ლექსები სააშკარაოზე არასდროს გამომიტანია. ოღონდ, ერთი წლის წინ ერთ-ერთ გაზეთში ბატონ რევაზ მიშველაძის ინიციატივით დაიბეჭდა.
- როგორ იქმნება საერთოდ პალინდრომი?
- მას კოლოსალური ენერგია სჭირდება, რადგანაც სიტყვათა გაუთვალისწინებელი რაოდენობა და მარაგია საჭირო, რომ თუნდაც ერთი ასეთი ლექსი შეიქმნას. ამასთან, ეს ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით გათვლას მოითხოვს, რომ ასოების განლაგება წაღმა-უკუღმა მიმართულებით ერთი და იგივე იყოს. მე ამ ყველაფერს სარკისებურ მეთოდს ვუწოდებ, ანუ რასაც სტრიქონის ერთ მხარეს ვკითხულობთ, იმავეს წაკითხვა უნდა შევძლოთ მეორე მხარესაც. ამიტომ ჰქვია პალინდრომული დამწერლობა. ძალიან საინტერესო პროცესია, მაგრამ ამავე დროს ძნელიც...
საქართველოში არის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, მაგალითად, სიმონ ჯაფარიძე, რომელსაც პირადად ვიცნობ. აქვს მსგავსი ნიმუშები ვახტანგ ჯავახაძესაც.
- ამ ჟანრში ბევრი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი?
- სულ 11 ლექსია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ საკმაოდ დიდი რიცხვია. მათ შორის არის ისტორიული, სხვათა შორის, ლირიკული სტროფებიც და სხვადასხვა თემატიკის შემცველი.
- ე.ი. პალინდრომის დაწერა ჩვეულებრივი ლექსის წერის პროცესისგან განსხვავდება, ხომ?
- კი, ის სხვა რამ არის...
- ისე, ამ ყველაფრით რატომ დაინტერსდით?
- თითოეული ადამიანი სიახლეს ეძებს და ჩემში ამან ერთ დროს დიდი დაინტერესება გამოიწვია, თუ როგორ ხდებოდა მსგავსი ხასიათის ლექსების შეთხზვა.
- მათემატიკური სიზუსტე სჭირდებაო და ეს საგანი კარგად იცით?
- კი, მათემატიკას კარგად ვსწავლობდი, ძალიან მიყვარდა, მაგრამ განათლება ჰუმანიტარული მიმართულებით მივიღე, მათემატიკის ცოდნა ბევრ რამეში დამეხმარა. ხომ ვამბობ, ამ ლექსის წყობის ტექნიკა ძალიან რთულია და ინტერესსაც ჩემში სწორედ ეს იწვევს, ასევე იმაში ჩაღრმავება, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქართულ დამწერლობას და ქართულ ანბანს. მართლაც განსაკუთრებული უნარი აქვს. ძალიან დახვეწილია. რამდენიმე ენა ვიცი და ჩვენი ანბანის მსგავსი, პრაქტიკულად, არსად იძებნება, საოცარ საშუალებას გაძლევს როგორც ასოთა, ისე ბგერათა თანწყობა და შესაბამისობა...
რაც შეეხება პალინდრომს, მასში ხშირად სიტყვების გამოყენება ხდება მეტაფორული თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ წასაკითხი ლექსი, მას სხვაგვარი აღქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ უნდა იქნას დაჭერილი რიტმი, შინაარსი. რასაც ვწერთ, მას აქვს სიტყვათა მანიპულირების არც ისე დიდი შესაძლებლობა, რადგანაც დაწერილი აბსოლუტურად უნდა გადაბრუნდეს. ორივე მხარეს იქნას წაკითხული. მოკლედ, როდესაც ესა თუ ის აზრი მოდის, მერე ვიწყებ სიტყვების ძებნას და მას აზრთან ვაყალიბებ. მოკლედ, სიტყვების წრთობა დროსა და რიცხვში, პირში მიწევს, ანუ ზმნათა გარდაქმნა ყველა დროში, რომ გარკვეული ფორმის წინადადება მივიღო, რომელსაც შინაარსი ექნება.
- რამდენი ხნის განმავლობაში იწერება ერთი ასეთი ლექსი?
- ეს არ არის ერთი დღის პროცესი, ან ერთი საათის. თვეები გრძელდება, ეძებ სიტყვებს და ის სრულიად მოულოდნელ სიტუაციაში მოდის...
- წაგვიკითხეთ თქვენი რამდენიმე ლექსი...
- ლექსი "აი რა ქარია" 1999 წელს დავწერე: "ანა მზეს ეზმანა/ სიზმარი "რა" მზის:/ დარდი ვაკმიე მეიმკა ვიდრად/ და ის იდარა მარადის - იად./ აი, რა ქარია, აი, რა ქარია,/ აი, რა დარია, აი, რა დარია,/ არეს ინათა, თან, ისე - რა,/ არე განათთა მათთან, აგერ – ა?/ აი, რა ქარია, აი, რა ქარია,/ აი რა დარია, სიზმარი "რა" მზის".
ახლა რომ აგიხსნათ მისი შინაარსი - "რა" ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღვთაებაა. ჰოდა, მან დარდი მოაფინა სამყაროს, რომელიც იად მოიმკა, ანუ მზემ თავის მოსვლით ეს შედეგი მოგვცა...
საერთოდ, გატაცებული ვარ "ცისფერყანწელებით". მათ ქართულ ლიტერატურაში ახალი სიცოცხლე შემოიტანეს. გამოაცოცხლეს მიძინებული პოეზია. ჰოდა, მაქვს ასეთი ლექსი - "სიბერე ფერე ფერების", რომელიც ტიციან ტაბიძეს მივუძღვენი:
"იმონა იცი? ტიციან ომი,/ ის ომად იმ მიდამოსი,/ სიბერე ფერე ფერების./ იბერა დილას ალი დარები,/ როგორად დიდდა როგორ.../ ცისა იერად იდარე, ფერად იდარე იასიც./ მოკლედ, ომი "ცისფერყანწელებმა" წამოიწყეს, ძალიან გაუჭირდათ დამკვიდრება, მაგრამ ცდამ გაამართლა. ძველი უფერული პოეზია ანუ "სიბერე" გააფერადეს და გაახალისეს.
ქართულ ენაში, რომ უდიდესი საიდუმლოა დამარხული, ამ თემაზე მაქვს ასეთი სტრიქონები: "ქალაქ-ქალაქ,/ დაბა-დაბად/ სიმსა თასმის/ თითით/ ვაბავ./ დამაქ ამად/ ცით რა ნართიც/ ან სხვა ავხსნა/ დამალული ილულა მად,/ ანა ბანა".
ქართულ სამხმიანობას, მუსიკალურ ჟღერადობას ასეთი სტრიქონები მივუძღვენი: "ირუდუნა ფანდური,/ და მის სიმად/ სამ ხმას,/ და მას სამად/ სამ ხმას,/ ფერად ადარეფ/ დასსა იასსად,/ დასია იგი აისად". ქართულ ფანდაურსაც სამი სიმი აქვს და მასზე სამ ხმაში საოცარ ჰანგებს ასრულებ, რაც რომანტიკულ განცდას განიჭებს. მოკლედ, ყველაზე რთულია რითმის დაწვა, - ხმოვნებისა და თანხმოვნების გადანაწილება. ეს პროცესი მიდის ტრანსპორტში, სუფრასთან, დიალოგში, სულ დევს ქვეცნობიერში და პერიოდულად თავს იჩენს და თანდათან იხვეწება.
ამასთან, მაქვს კიდევ მათგან ყველაზე გამორჩეული ლექსი, რომელიც როგორც წაღმა-უკუღმა, ისე ზემოდან და ქემოდან, ანუ ჯვარედინად იკითხება. ასეთი რამ ხმამაღლობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ჯერ არსად მინახვას და წამიკითხავს, მას "აისია" დავარქვი: "აისია, მაისია,/ აირია-დაირია,/ ა, ის ია-ა, ის ია?/ აი ნაირიანია./ აისია? აისია./ აირია-დაირია,/ ა, ის ია? მა - ის ია?"
ლალი ფაცია
AMBEBI.GE