ყველაფერი, რაც 9 აპრილის შესახებ უნდა ვიცოდეთ: "ტრაგედია კი არა, გმირობის ერთ-ერთი ფურცელი იყო!"

ყველაფერი, რაც 9 აპრილის შესახებ უნდა ვიცოდეთ: "ტრაგედია კი არა, გმირობის ერთ-ერთი ფურცელი იყო!"

1989 წლის 9 აპრილიდან 26 წელი გავიდა, თუმცა დრომ ვერ გაანელა ის განცდა, რაც მაშინ მთელ საქართველოში სუფევდა. რა შეცვალა 9 აპრილმა და იყო თუ არა ეს დღე ტრაგედია, ამაზე კომენტარი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს ვთხოვეთ:

- ქართველთა ცნობიერებაში ცხრა აპრილმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა. ამ დღის შემდეგ დამოუკიდებლობის თემა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დამდგარა. ამ დღემ ყველას დაანახა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ყოფნა და ბრძოლა. ამ დღემ შეცვალა გათითოკაცებული ქართველი კაცის ფსიქიკა, რადგან ხალხი ერთმანეთს ეფარებოდა და ერთ ორგანიზმად იყვნენ. ყველას ერთი საერთო სტკიოდა. 26 წელი გავიდა ამ დღიდან, მაგრამ დღესაც კი დიდია ტენდენციები, რომ ისევ დავბრუნდეთ მონობაში, მაგრამ საჯაროდ ამის აღიარება უჭირთ, რადგან 9 აპრილის ბრძოლის მერე შეუძლებელია ნორმალურმა ადამიანმა ისევ ისურვოს მონობაში დაბრუნება.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა 9 აპრილი, დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღი გადაიწეოდა?

- დამოუკიდებლობის აღდგენა ეს ერთი მთლიანი პროცესია. რომ არა 1988 წლის ნოემბრის ცნობილი შიმშილობა, 1983 წლის აქცია (რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ იყო მიმართული), 1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენები და სხვა. რომ არა ეს ყველაფერი, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არ ვიქნებოდით. აუცილებელია, რომ ყველა თაობამ თავისი ბრძოლა იბრძოლოს და თავისი მსხვერპლი მიიტანოს სამსხვერპლოზე. თავისით გამზადებული არაფერი მოდის. ჩვენ პროცესს შევადარებდი ეგვიპტიდან მონების გამოსვლის პროცესს. სწორედ ეს ეტაპი გავიარეთ ჩვენ.

- ბატონო მამუკა, შეიძლებოდა სისხლისღვრის თავიდან აცილება?

- მარაბდის ველზე დაცემული გმირები წმინდანად არიან შერაცხულნი და ახლა ჩვენ რომ ვთქვათ, რამე ტაქტიკური მონახაზი რომ ყოფილიყო, ისინი გადარჩებოდნენო, იქნება თუ არა ეს მკრეხელობა?! ყველაფერი უნდა მივიღოთ ისე, როგორც მოხდა. ბუნებრივი პროცესია, რომ ბრძოლას მსხვერპლი მოჰყვება. 9 აპრილს, რა თქმა უნდა, იყო გაუთვლელი მომენტებიც, მაგრამ იქ სისხლი იმიტომ ხომ არ დაღვრილა, რომ ვინმეს ამის დაღვრა უნდოდა; სისხლი მხოლოდ იმიტომ დაიღვარა, რომ მტერი იყო პირსისხლიანი. ჩვენ რომ კონტაქტი გვქონოდა იმ დროინდელ ხელისუფლებასთან, რომლებიც არც გვეკარებოდნენ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა ამ სისხლის თავიდან არიდება, მაგრამ ასეთი პარტნიორი ეროვნულ მოძრაობას არ ჰყავდა. ჩვენ სად გვქონდა იმის დრო, რომ ტაქტიკური მონახაზები ან გეგმები გვეხაზა. იქ გაუცნობიერებელი ბრბო არ მდგარა და იქ ყველამ იცოდა, რომ საომრად იყვნენ მოსული, შეიარაღებულ მტერთან შიშველი ხელებით საომრად. როცა ქუჩაში ჯავშან-ტექნიკა გამოჩნდა, იმის მაგივრად ხალხი დაშლილიყო, ხალხის რაოდენობამ მოიმატა.

ასევე დაგაინტერესებთ| 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაცია და რუსი ოფიცრის მწარე მოგონებები

- იმ დროინდელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერები მეორე დღეს მწუხარებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ცოტა ადამიანი დაიღუპა...

- ასეთი რაღაც არავის უთქვამს და ეს მორიგი ტყუილია, რომ ვითომდა ვიღაცას მსხვერპლი უნდოდა. შეიძლება ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე, მაგრამ მთლიანობაში, იქ ვინც იდგა, ყველა მზად ვიყავით, რომ ჩვენი წილი სიკვდილი მიგვეღო. ხალხი შიშველი ხელებით იბრძოდა მსოფლიოს ყველაზე სასტიკი არმიის წინააღმდეგ. დღეს ეროვნული მოძრაობის რომელიმე ლიდერის სისუსტეზე იმიტომ ახდენენ აპელირებას, რომ დამოუკიდებლობის იდეას მიაყენონ ჩრდილი, ვინც მაგას ამბობს, ვინ შეუშალა ხელი, რომ თვითონ გამხდარიყო ლიდერი?! საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს თვითონ აეტაცებინათ დროშა და თავად წარემართათ სიტუაციები, დაუშალა ვინმემ?! თუკი ეს მოახერხა ლიტვის კომუნისტურმა პარტიამ და ჩვენთან რა ეტაკათ?

- 1989 წლის 9 აპრილიდან ორი წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, თუმცა დღემდე ცხრა აპრილის ხსენებისას გვახსენდება უდიდესი ტრაგედია და არა 1991 წლის 9 აპრილი...

- ამ დღეს ტრაგედიას რატომ ვუწოდებთ?! ეს ტრაგედია კი არა, გმირობის ერთ-ერთი ფურცელი იყო. იმ პერიოდში, როცა საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადება მოხდა, ეს უკვე საბჭოთა იმპერიის შიგნით მიმდინარე პროცესებს დაემთხვა, ზუსტად ამავე პერიოდში საბჭოთა კავშირის ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამ ყველაფრის ფონზე დამოუკიდებლობის გამოცხადებას ის ეფექტი აღარ ჰქონდა, რაც მანამდე ექნებოდა, თანაც ამ დღეს დამოუკიდებლობა არ გამოცხადებულა, ამ დღეს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე დამოუკიდებლობის დაბრუნება მოხდა. სხვათა შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირში, რომელსაც საკუთარი კონსტიტუცია ჰქონდა. ჩვენ ვართ ისტორიული ქვეყანა და ამ რწმენით უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

----------------------

9 აპრილის ტრაგედია:

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. "ლიხნის ასამბლეის" ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

დაღუპულთა სია:

აზა ადამია, 22 წლის

ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის

ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის

ნატო გიორგაძე, 23 წლის

თამუნა დოლიძე, 28 წლის

თინა ენუქიძე, 70 წლის

ნინო თოიძე, 25 წლის

ზაირა კიკვიძე, 61 წლის

მანანა ლოლაძე, 33 წლის

თამარ მამულიშვილი, 50 წლის

ვენერა მეტრეველი

მამუკა ნოზაძე, 22 წლის

ნანა სამარგულიანი, 41 წლის

შალვა ქვასროლიაშვილი,

მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის

ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის

თამარ ჭოველიძე, 16 წლის

ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის

მზია ჯინჭარაძე, 43 წლის

მანანა მელქაძე, 23 წლის

გია ქარსელაძე, 25 წლის

სამებაში გურამ დოჩანაშვილს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში