კანონიერი ქურდები, მახვშები, უხუცესები და ხევისბერები - არაფორმალური უმაღლესი პირები, რომლებიც ადამიანებს აკონტროლებდნენ

კანონიერი ქურდები, მახვშები, უხუცესები და ხევისბერები - არაფორმალური უმაღლესი პირები, რომლებიც ადამიანებს აკონტროლებდნენ

საქართველოში ოდითგანვე იყვნენ არაფორმალური მმართველები, რომელთაც არცთუ ისე იშვიათად, გაცილებით მეტი უფლება ჰქონდათ, ვიდრე კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელს. ამიტომაც იყო, რომ ამ არაკანონიერ მმართველთან ახლო ურთიერთობის დამყარებას დანიშვნის პირველი დღიდან ცდილობდა კანონიერი ხელისუფალი.

მმართველის საინტერესო ტიპი იყო ხევისბერი, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე იყო კანონიერი ხელისუფლების დანიშნული. ხევისბერი წინამძღოლი იყო არა მხოლოდ სასულიერო ცხოვრებაში, მასვე ევალებოდა საომარი და სამართლებრივი საკითხების წარმართვა და გადაწყვეტა. ფუნქციონალურად ერთმანეთს უტოლდებოდა ხუცეს-ხელოსანთა ინსტიტუტი ხევსურეთში და ხევისბერის ინსტიტუტი - ფშავში. ხევისბერების სათავეში იდგა თავხევისბერი, რომელსაც ყველა ხევისბერი ემორჩილებოდა. თავხევისბერს ეკითხებოდა სათემო საქმეები. ის ხელში ლაშარის დროშით და ჯვრით აფიცებდა და წინ მიუძღოდა საომრად მიმავალ ლაშქარს.

ხევისბერთა შორის საზოგადოებრივ-ადმინისტრციული ფუნქცია ასე იყო განაწილებული: თითოეულ თემში საქმეებს აწესრიგებდა თემის ხევისბერი და გვარის ბჭეები. თუ საქმეს ხევისბერი ვერ გადაჭრიდა, ან ეს მისთვის სამძიმო იყო, მაშინ თავხევისბერს მიმართავდნენ, რომლის გადაწყვეტილება თემისათვის სავალდებული იყო. თავხევისბერს ებარა ლაშარის დროშაც. ლაშქრობისა და ზავის საქმეს არჩევდა და წყვეტდა თორმეტივე თემის საერთო ყრილობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავხევისბერი. ამისთვის იწვევდნენ ყველა თემის ხევისბერებს და გვარის საპატიო მოხუცებს, რომლებიც იკრიბებოდნენ მათურხევასთან, დამასტეს მინდორზე ან ღელეში, სადაც ღამისთევით დგებოდნენ და თან თავიანთი სურსათიც მიჰქონდათ, თემების ამ ყრილობაზე წყდებოდა ზავისა და ლაშქრობის საქმე და აქედან ყველანი ლაშარის გორაზე ადიოდნენ. ლაშარში თავხევისბერი გამოიტანდა დროშას და ყველანი ფიცს დებდნენ. თუ მტერზე გალაშქრება გადაწყდებოდა, თავხევისერი ხელში დროშით ლაშქარს წინ მიუძღოდა და ყველა თემი ერთად იბრძოდა.

არაფორმალურ მმართველად შეგვიძლია მივიჩნიოთ მახვშიც, რომელიც სვანეთში თითქმის იგივე ფუნქციებს ასრულებდა, რასაც ხევისბერი. სვანეთში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა: მახვშს, ანუ თემის მეთაურს, თემის საერთო კრება ირჩევდა. კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა თემის ორივე სქესის ზრდასრულ (20 წლის) წევრს. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი. სვანეთში სახნავ-სათესი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბ-საძოვრები და ტყე - საერთო სათემო სარგებლობაში. ამის გარდა არსებობდა ხატის ტყე და მიწა, რომელიც ეკლესიის მოთხოვნებისა და რელიგიურ დღესასწაულებისათვის გამოიყენებოდა. მახვში არეგულირებდა სათიბ-საძოვრითა და ტყით სარგებლობის პროცესს, საძოვრების მონაცვლეობის, მიწის განაწილების, ნაკვეთების საზღვრის დადგენის საკითხებს და სხვა. ყველა სადაო საკითხს მახვში პირადად განიხილავდა 4-5 კაცის თანდასწრებით.

მახვში იყო მეტად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თავის გადაწყვეტილებებში. ავისა და ცუდის ჩამდენს, ქურდსა და თემის შემარცხვენელს მახვში გაკიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. "მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს" (ვაჟა ფშაველა).

განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვშის თაოსნობით გაიმართებოდა ხევის ყრილობა, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეს (ან დამნაშავეებს) თემიდან და მის სახლ-კარს გადაწვავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმესი დანაშაულისათვის, მაგალითად, თემის ღალატისათვის ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანია.

პანკისის ხეობაში დღემდე უდიდესი კრძალვა აქვთ უხუცესთა საბჭოს მიმართ, სადაც ხეობისათვის პატივსაცემი ადამიანები არიან გაერთიანებული. მათი გადაწყვეტილება კანონის ტოლფასია, ასე იყო ადრეც, უხუცესთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარღვევა ხშირად თემიდან მოკვეთით და ზოგჯერ სიკვდილითაც კი სრულდებოდა (თუმცა მოკვდინება ეს უკიდურესი ფორმა იყო). ამიტომ უხუცესთა გადაწყვეტილებას ყველა რიდით ეპყრობოდა, ასევე უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ თვითონ უხუცესები, რომლებიც აუცილებლად გონიერებით, ზომიერებით და სამართლიანობით იყვნენ გამორჩეული.

მეოცე საუკუნემ არაფორმალურ მმართველთა ახალი კასტა შექმნა - კანონიერი ქურდები. "კანონიერი ქურდები" - დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია. ტრადიცია ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში და ახასიათებს კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე. ძირითადად, "კანონიერი ქურდი" ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს. "კანონიერი ქურდებისადმი" ხალხის პატივისცემა ერთგვარი პროტესტი იყო საბჭოთა ხელისუფლებისადმი, რომლის წინააღმდეგი იყო "კანონიერი ქურდი", თუმცა ნელ-ნელა ეს პატივისცემა შიშმა შეცვალა. ხშირად იყო, რომ "კანონიერი ქურდები" დაახლოებული იყვნენ ხელისუფლების კანონიერ მმართველებთან და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სამართალდამცავებთანაც კი, ვისგანაც მათ ჰქონდათ სრული "კარტ-ბლანში" და ეს გარემოება მათ გავლენას კიდევ უფრო ზრდიდა.

არცთუ იშვიათად "კანონიერი ქურდები" იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებას (მას შემდეგ კანონიერი მმართველი აკანონებდა), რომელიც ამ სინდიკატის წისქვილზე ასხამდა წყალს. ფული და გავლენიანი სანაცნობო წრე, ამ ორ ფაქტორს წარმატებით იყენებდნენ და საზოგადოებაში ჩანდნენ, როგორც ხელშეუხებელი ადამიანები. მართლაც 70-80-იან წლებში იშვიათად იყო შემთხვევა როდესაც "კანონიერი ქურდს" პოლიცია აპატიმრებდა, მათი უმრავლესობა ისევ საკუთარი "თანამოძმის" მსხვერპლი ხდებოდა.

საბედნიეროდ, დღეს არაფორმალური მმართველები თითქმის აღარ არიან (თუმცა პანკისის ხეობაში დღემდე არ კარგავს ძალას უხუცესთა საბჭო) და ყველაფერს კანონი არეგულირებს, თუმცა თითქმის ყველა სოფელსა თუ ქალაქში არიან ადამიანები, რომელთა სიტყვას უდიდესი პატივისცემა აქვს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

პირველი ხელფასი გათამაშდა!

"გაჩნდა ახალი წყარო - გარდაბნის კლასტერი" - რას უკავშირებენ ექიმები კორონავირუსის შემთხვევების მატებას და რას ამბობენ ინფიცირებულთა წყაროებზე

"წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა" - რას ამბობს კომპანიის დირექტორი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა