ანაკლიაში გასამართი GEM Fest სოციალურ ქსელში დიდი განხილვის თემად იქცა, წლევანდელმა ფესტივალის დაანონსებამ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. მომხმარებლების ერთი ნაწილი წერს, რომ ფესტივალი ჩავარდება, თუ მის ტერიტორიაზე ისეთივე მაღალი ფასები იქნება, როგორც შარშან. ამასთან დაკავშირებით GEM Fest-ის ოფიციალურ გვერდზე უკვე დაიდო სპეციალური განცხადება:
"ჩვენთვისაც კი ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 15 ივნისიდან იწყება GEM Fest-ზე მულტიპასების წინასწარ გაყიდვა ზღაპრულად დაბალ ფასებში: 99 ლარად. ისიც არ გვინდა, რომ უცებ შეგაჩვიოთ მეტისმეტად კარგს, ამიტომაც მულტიპასების პრომო-პული ერგება ყველაზე პრაქტიკული ადამიანების პირველ ათასეულს, რომელთაც უკვე იციან, თუ რას იზამენ აგვისტოში", - აღნიშნულია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე - www.gem-fest.com
შეგახსენებთ, ფესტივალის გუნდმა პირველი ჰედლაინერების ნაწილი 8 ივნისს დაანონსა, საქართველოს ეწვევიან ელექტრონული მუსიკის ისეთი არტისტები, როგორიცაა Dubfire, Tiefschwartz, M.A.N.D.Y., Booka Shade და სხვა. ამასთანავე, მონაწილეების სიას ორგანიზატორები სამ ნაწილად წარმოადგენენ და მონაწილეების სახელების სრული ვერსია თვის ბოლომდე გახდება ცნობილი.