ახლა მტკვარზე და იმაზე, რომ ის დედაქალაქს შუაზე ჰყოფს, არ ვილაპარაკებთ. გვინდა, იმ სხვა მდინარეებზე მოგითხროთ, რომელებიც ამ ქალაქში ჩამოედინება.
მდინარე ვერე (სკვირეთი, სკორეთი), სათავეს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იღებს და მტკვრის მარჯვენა შენაკადია. სათავე დიდგორის მთის მიდამოებში აქვს და როგორც ვთქვით, თბილისის ფარგლებში ერთვის მტკვარს. მისი სიგრძე 45 კმ-ია. აუზის ფართობი 194 კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. ვერეს მთავარი შენაკადებია - მარცხენა: ლასტისციხისხევი და ვენახევისხევი, მარჯვენა - ბეთანიისწყალი. მის წყალს შუა დინებასა და უფრო ქვემო ნაწილში სარწყავად იყენებენ. ვახუშტი ბატონიშვილი სკვირეთადაც მოიხსენიებდა. ვერეს ხეობაში მდებარეობს ბეთანიის მონასტერი, თბილისის ზოოპარკი, ბავშვთა ქალაქი "მზიური".
გლდანისხევი - თბილისის ჩრდილოეთ ნაწილის მდინარეა. სათავე აქვს საგურამოს ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1162 მეტრ სიმაღლეზე. მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ და მდინარე მტკვარს ავჭალასთან ერთვის. ზემო ნაწილში მდინარე ცნობილია როგორც "ლელუბნისხევი" (ამ მონაკვეთში იგი ვიწროა და ტყითაა შემოსილი), ქვემო მონაკვეთში კი "გლდანულა" ეწოდება. მდინარე გლდანისხევის საერთო სიგრძეა 17 კილომეტრი, აუზის ფართობი 63 კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – ზაფხულსა და შემოდგომით. ახასიათებს წყლის მცირე ხარჯი, რაც აიხსნება მისი წყლის გამოყენებითა და ცოტა შენაკადებით. გლდანისხევის ხეობა შუა და ქვემო დინებაში ვრცელია, აქვს დაბალნაპირებიანი კალაპოტი.
გლდანისხევს ერთვის 9 მცირე შენაკადი. მდინარის მარჯვენა მხარეზე გაშენებულია ავჭალა, მარცხენა მხარეზე კი გლდანულა.
გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის ვახუშტის მთავარ შრომაში მდინარე მოიხსენიება როგორც "გრდანის მდინარე".
წავკისისწყალს (ლეღვთახევი) - სათავე აქვს მთაწმინდის ქედის, უძოს მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1200 მ-ზე. სიგრძე 9 კმ, აუზის ფართობი 21,3 კმ. მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოლოლაკის სერის აღმოსავლეთ დაბოლოებასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და ძლიერი წყალმოვარდნა.
წავკისისწყალი ციცაბოკალთებიანი ხეობით გამოირჩევა. აქვს დაბალი ნაპირები. ხეობის გაფართოებულ მონაკვეთში გაშენებულია თბილისის ბოტანიკური ბაღი, სადაც ქმნის მაღალ ჩანჩქერს. აქ მდინარის ფსკერი და მიდამოები დაბალია და მოფენილია ნალექი ქანებით. ბოტანიკური ბაღის მიდამოებში მდინარეს გამომუშავებული აქვს საკმაოდ ღრმა და ვიწრო ხეობა (სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრი), რომლის გვერდები სხვადასხვა ტიპის მცენარეულობითაა შემოსილი...
აღსანიშნავია, რომ 1955 წელს მდინარე წავკისზე აღინიშნა მეტად ძლიერი წყალდიდობა.