წუხელ, თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 12 ადამიანს მიაღწია. სრულიად გადადგურებულია თბილისის ზოოპარკი, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორია და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, თბილისის საავადმყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული ადამიანი. მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობებით რჩება სტაციონარებში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, ქალაქის ზოგიერთ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტები განთავსებულია შსს-ს ვებ-გვერდზე. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, კვლავ ჩაკეტილია წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალი. მეწყერის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ახალდაბა. სოფელში ჩარჩენილი დაახლოებით 180 ადამიანს დღესვე მიეწოდება სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება, რაც მოიცავს სასმელ წყალს, საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საბნებს და ლეიბებს.