თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დიდი ნაწილი დაკეტილია. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. მარჯვენა სანაპირო გახსნილია მხოლოდ ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით.
დაკეტილი გზით გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომობილები, რომლებსაც სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების შედეგად შეგროვილი შლამი და ნაგავი გადააქვთ, ასევე მოძრაობენ სამხედრო სატვირთო ავტომობილები, რომლებსაც გმირთა მოედანსა და ვერეს ხეობაში ჯარისკაცები გადაჰყავთ.
გასაწმენდია მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო გზა, რომელზეც მდინარის გადმოსვლის შედეგად შლამია დარჩენილი.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ირეცხება გზები და ასევე მუშაობენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ვახუშტის ხიდიდან გმირთა მოედნამდე დასუფთავების სამსახურის მხოლოდ ორი თანამშრომელი მუშაობს.
იხილეთ ვიდეო: დაკეტილი გზა, მონგრეული ჯებირები და ორად ორი მუშა მარჯვენა სანაპიროზე