"მეზობლები ფანჯრებიდან ყრიდნენ ბავშვებს..." - რას ყვება თვითმხილველი სვანიძის ქუჩიდან

"მეზობლები ფანჯრებიდან ყრიდნენ ბავშვებს..." - რას ყვება თვითმხილველი სვანიძის ქუჩიდან

სვანიძის ქუჩის მცხოვრები ლელა ძაგანია სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლს მოხალისეებთან ერთად ასუფთავებს. სასტუმროში, სადაც მერიამ დააბინავა, ღამეს არ ათევს, არც იძინებს, სურს საკუთარ სახლში მალე დაბრუნდეს, ამიტომ დღისით მოხალისეებთან ერთად, ღამით კი მარტო მუშაობს. ძაგანია სახლის პირველ სართულზე შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რადგან შლამით და წყლით არის დაფარული.

- ჩვენ ძველი უბანი ვართ. ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. რამდენიმე მეზობლის პოვნა ვერ ხერხდება და განსაკუთრებით მტკივნეულია ეს ჩვენთვის. პატარა უბანია და ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. აქ ჩემი დედამთილ-მამათილი 50-იან წლებში დასახლდნენ. მათგან ვიცი, რომ 1961 წელს მოხდა მსგავსი უბედურება ჩვენს ქუჩაზე. მაშინ უბრალოდ დღე იყო და ასეთი საზარელი მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამჩნევთ ალბათ, ძველ სახლებს, იმდროინდელი სახლებია. ყოველთვის ამბობდა ჩემი დედამთილი და მამამთილი, ვერემ საშინელი ადიდება იცის და ფრთხილად უნდა ვიყოთო, მათ ნანახი ჰქონდათ ის, რაც 13 ივნისის ღამეს მოხდა. ქვევით უნივერსიტეტის ლაბორატორიაა, ამ ლაბორატორიასთან იყო ერთი სახლი, რომელიც 1961 წელს ადიდებულმა ვერემ წაიღო. ის მოსახლე კი სვანიძის ქუჩის დასაწყისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ათი დღის უკან რომ წაიღო ძაღლების თავშესაფარი, მაშინ მაინც მიექციათ ყურადღება, რა დაიტევდა იმ წყალს? როცა ამ გვირაბს აკეთებდნენ, ეკითხათ ძველი ხალხის ან გეოლოგების აზრი.

- რა ხდებოდა სტიქიის ღამეს?

- საშინელი ღამე გვქონდა, სახლში თითქმის ყველას ეძინა. ხალხმა კივილი რომ დაიწყო, სასწრაფოდ გავაღვიძე ოჯახი წევრები. როცა გავიგეთ, რომ პეტრიაშვილების სახლი უკვე წყლით იყო დაფარული, ბავშვების ზევით აყვანა დავიწყეთ. უნდა გენახათ, აქ რა ხდებოდა, ვინ როგორ ცდილობდა გადარჩენას, ვერ გეტყვით. უბნის ბიჭები დაგვეხმარნენ. 70 წლის მოხუცი რაღაცაზე შებრუნდა სახლში და წყალში დაიხრჩო, მეზობლები ფანჯრებიდან ყრიდნენ ბავშვებს და ბიჭებს გაყავდათ წყლიდან. ჩვენ გვეგონა, წყალი ზევიდან ჩამოდიოდა და ქვევით გავიქეცით და ამაში მოვტყუვდით. ჯიბუტის გოგო სტუმრად იყო თავის მეგობართან და წყალმა წაიღო, საწყალი. ქარხნის ტერიტორიაზე ერთი ფსიქოლოგი გოგო ცხოვრობს, ალბათ პროფესიამ შეუწყო ხელი, პანიკას არ აყვა. მთავარი საქმე უბნის ბიჭებმა გააკეთეს, გადაგვარჩინეს მაშველების მოსვლამდე, თორემ წყალში დავიხრჩობოდით.

- რა მდგომარეობაა თქვენს სახლში, ბავშვები სად გყავთ ახლა?

- ბავშვები ბებიასთან გვყავს გაგზავნილი. ტირიან, სახლში გვინდაო, მაგრამ ჯერ სად მოვიყვანო... მე სასტუმროში მომცეს ადგილი, მაგრამ არ გამითევია იქ ღამე. აქ ვიყავი და ვმუშაობდი, მალე მინდა ჩემს სახლში დაბრუნება. მოდიან ახალგაზრდები და მეხმარებიან, მადლობის მეტი რა მეთქმის? რა ოდენობის ზარალი მაქვს, ჯერ არ ვიცი, პირველი სართული სულ განადგურებულია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია