"საკუთარი გადაცემა აქვს მისი ალბინოსი შვილის ტელევიზიაში, საიდანაც საზოგადოებრივი აზრის მართვას ცდილობს" - რას წერს Daily Mail-ი ივანიშვილზე

 "საკუთარი გადაცემა აქვს მისი ალბინოსი შვილის ტელევიზიაში, საიდანაც საზოგადოებრივი აზრის მართვას ცდილობს" - რას წერს Daily Mail-ი ივანიშვილზე

"საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შუშის სასახლეში ცხოვრობს, რომელიც თბილისს დაჰყურებს. ამის დანახვა სკარამაგას სიწითლეს მოგვრიდა", - ასე იწყებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail.

"ივანიშვილს საკუთარი გადაცემა აქვს მისი ალბინოსი რეპერი შვილის ტელევიზიაში, საიდანაც საზოგადოებრივი აზრის მართვას ცდილობს. გარდა ამისა, როგორც ბევრ ადამიანს სჯერა, ის კვლავ მართავს საქართველოს სახელმწიფოს. 59 წლის ოლიგარქის ქონება დაახლოებით 5,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილიც 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში რუსეთში იშოვნა.

ივანიშვილს ძალიან უყვარს ცხოველები და სახელმწიფოს შეპირდა კიდეც, წყალდიდობის შემდეგ განადგურებული ზოოპარკის აღდგენაში დაგეხმარებითო. მან თავის ქონების დაგროვება რუსეთში კომპიუტერების და უცხოური ტელეფონების გაყიდვით დაიწყო, სანამ მეტალზე, ბანკებზე, სასტუმროებზე, აფთიაქზე გადავიდოდა და იმდენ ქონებას დააგროვებდა, რამდენიც საქართველოს ადგილობრივი პროდუქციის შემოსავლის ნახევარია. ხალხში პოპულარობა ძირითადად, ფილანტროპობით მოიპოვა. ყოველთვიურად 10 მილიონ დოლარს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და კულტურის მოღვაწეებს ხელფასებს უხდიდა. საკუთარი სოფლის, ჭორვილას ყველა მცხოვრებს თვეში 80 ფუნტს უხდიდა, ახალდაქორწინებულებს კი 1,200 სტერლინგს ჩუქნიდა და დამატებით მათ საქორწინო ხარჯებსაც ანაზღაურებდა.

სააკაშვილის მთავრობა ცდილობდა მის ჩამოშორებას და არჩევნებში მონაწილეობის საშუალების მოსპობას. ივანიშვილს ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, დაუყადაღეს მილიონობით დოლარი და მის კომპანიებს დაუწესეს ლიმიტები, რომ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დაფინანსება შეეწყვიტა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს ღიმილით იღებდა საკუთარ 30 მილიონიან სახლში, რომელიც ჯეიმს ბონდის საცხოვრებელს ჰგავს.

მის საცხოვრებელ კომპლექსში ორი სართული მთლიანად შუშისაა, სახურავზე კი ვერტმფრენის დასაფრენი ადგილი აქვს გამოყოფილი. აუზი განთავსებულია როგორც სახლის ეზოში, ისე შიგნით, ოთახში. ბაღებში ჰენრი მონროს და დემიენ ჰირსტის სკულპტურები დგას, სახლში კი 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. ივანიშვილი სერიოზული კოლექციონერია, 2006 წელს მან პიკასოს ნახატი შეიძინა 95,2 მილიონ დოლარად. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარს ეგზოტიკური ცხოველები და ყავს მრავალი ზებრა, ზვიგენი, პინგვინები, ფლამინგოები და თუთიყუშები.

თავიდან ივანიშვილი ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და ქარხნის დამლაგებლად მუშაობდა. იანიშვილს ოთხი შვილი ჰყავს, ორი მათგანი ალბინოსია, ერთ-ერთი, ბერა ცნობილი რეპერი და ბოდიბილდერია. ოცი წლის ვაჟი წინასაარჩევნო კამპანიაში მამას გვერდით ედგა. ივანიშვილი პოლიტიკური ასპარეზიდან 2013 წელს წავიდა, თუმცა მაინც სერიოზულ კულუარულ ძალად რჩება. ზოგჯერ კი ამას ღიადაც აფიქსირებს.

შვილის არხზე ივანიშვილს საკუთარი გადაცემა აქვს, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული არხის "რუსთავი 2"-ის საპირწონედ შეიქმნა, არხის, რომელიც, როგორც ივანიშვილი ამბობს, "ტყუილის მანქანაა" და რომელსაც სააკაშვილი და მისი წრე მართავს", - წერენ ბრიტანულ გამოცემაში.

ინგლისურენოვანი ვერსია| Inside the weird world of the factory cleaner turned billionaire 'Georgian Scaramanga' – Daily Mail about Bidzina Ivanishvili

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"