"შარვალი აიწია და რამდენიმე წუთში ბეტონზე სახით დაეცა" - სერგო თეთრაძის წამების შემზარავი დეტალები და საქმის ახალი გარემოებები

"შარვალი აიწია და რამდენიმე წუთში ბეტონზე სახით დაეცა" - სერგო თეთრაძის წამების შემზარავი დეტალები და საქმის ახალი გარემოებები

განახლება| ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, "იმედმა" დაბლოკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ამ კვირაში ხმაურით დაიწყო. თეთრაძის მეუღლის დაკითხვა ახლაიას გულშემატკივრების პროტესტის ფონზე გაიმართა. რა მოხდა 2011 წლის 23 სექტემბერს გლდანის ციხეში? თეთრაძის საქმეში ახალ გარემოებებს სიუჟეტი "იმედი კვირამ" მიუძრვნა.

ოფიციალური გამოძიების თანახმად, 4 წლის წინ 57 წლის თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე სასტიკაც აწამეს. "იმედის კვირამ" მოიპოვა იმ პატიმრის აღიარებითი ინტერვიუ, რომელიც სერგო თეთრაძის წამებასა და სექსუალურ ძალადობაშია მსჯავრდადებული. ინტერვიუში პატიმარი წამების შემზარავ დეტალებს აღწერს.

"შარვალი ჩავხადეთ, მე დავიჭირე და მეორეს ვეუბნებოდი მიდი გააკეთე-მეთქი რამე, მე მეჭირა ტრუსიკჩახდილი. ინსცენირება უნდოდათ, თან იღებდნენ ვიდეოკამერით ამას. ამ ამბის მერე, ხელი გავუშვი, ჩვეულებრივად ადგა, შარვალი აიწია, სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთში გადმოვარდა და ბეტონზე სახით დაეცა. ცუდად გახდა", - ყვება პატიმარი.

საქმის მასალების მიხედვით, სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი პატიმარი მონაწილეობდა. ორივე მსჯავრდადებული დანაშაულს აღიარებს და საქმეში მათი ჩვენებებია. ჩვენებიბის მიხედვით, ისინი იყვნენ ე.წ. აბსლუგის მუშა პატიმრები. ამავე დროს ირიცხებოდნენ ე.წ. ქათმეში, სადაც განსხვავებული ორიენტაციის პატიმრები არიან. გლდანის ციხის მაშინდელი ხელმძღვანელობა მათ აიძულებდა, აღიარებითი ჩვენებების გამოძალვის მიზნით, პატიმრებზე სექსუალური ძალადობა მოეხდინათ. სერგო თეთრაძის შემთხვევაშიც ეს გეგმა იყო.

"ისეთი ნაწამები იყო, რომ იმას აღარც უნდოდა ხელის ხლება. მე არ მიწამებია, კი მოვცხე ერთი 4-5-ჯერ. დავარტყი სახეში, მხარში, ბეჭებში. არჩევანის უფლება რომ მქონოდა, საეთოდ არ დავუშავებდი არაფერს. ენით ვერ აგიღწერ ისეთები ხდებოდა. მაგრამ შეიძლებოდა იმ დღეში მე აღმოვჩენილიყავი და ვინუჟდენი გავაკეთე, რა უნდა მექნა", - აცხადებს პატიმარი.

ეს საზარელი ფაქტი გლდანის ციხეში 2011 წლის 23 სექტმებერს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული თადარიგის პოლკოვნიკის შესახლებიდან მეხუთე დღეს მოხდა. 20 წუთში სერგო თეთრაძე საკნიდან უგონო მდგომარეობაში საკაცით გაიყვანეს.

"ჩამოდის საპყრობილის დირექტორი, მეძახის მე და მართმევს ვიდეოკამერას, ვიდეოკამერა ინახებოდა ოპერატიული მორიგის ოთახში და ხდებოდა მსგავსი ფაქტების დაფიქსირება", - იხსენებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლადო ბედუკაძე.

ლადო ბედუკაძე პირველი იყო, ვინც 2012 წლის არჩევნების შემდეგ უშუალოდ გლდანის ციხეში თეთრაძის წამების ფაქტი გაახმაურა. თუმცა მანამდე თეთრაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში პოლკოვნიკის წამების ამსახველი მასალა ირაკლი ალასანიას პარტიამ გაასაჯაროვა.

"როცა ყვირილის ხმები გავიგე, ჩამოვედი კარანტინში. კარანტინის კარი დაკეტილი იყო, გადმოღებული იყო მხოლოდ ე.წ. კარმუშკა და თავდაპირველად კარმუშკიდან იღებდა, თუ არ ვცდები, ოლეგ ფაცაცია, რაც შიგნით ხდებოდა. შემდეგ იღება საკნის კარი და გადაღებას იწყებს დირექტორი მუხაძე. უცბად წყდება განწირული ყვირილი ამ კაცის და საპყრობილის დირექტორი მეუბნება, რომ ექიმი გამოვიძახო. ამბობს: "მგონი მოკვდა" და იგინება", - ყვება ბედუკაძე.

ბედუკაძის მტკიცებით, წამებამდე რამდენიმე საათით ადრე ციხის დირექტორმა სერგო თეთრაძე ციხიდან თავდაცვის სამინისტროში უკანონოდ გაიყვანა. საიდანაც უკან დაბრუნებული სერგო თეთრაძე მან ჩაიბარა.

"თანამშრომლებმა გათიშეს ყველა კამერა, რომელიც საპრყრობილედან ამ ადამიანის გაყვანას აფიქსირებდა. გაიყავნეს ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე - თავდაცვის სამინისტროს შენობაში. ამის ვარაუდის საფუძველს მე მაძლევს ის ფაქტი, რომ გაყვანისას დირექტორი მუხაძე ტელეფონით საუბრისას ახსენებდა შეფს: "შეფ მოვდივართ, გამოვდივართ", - აცხადებს ბედუკაძე.

კარანტინში მდებარე საკანი, სადაც თეთრაძე აწამეს, კარგად ჩანს მოპირდაპირედ მდებარე პირველი კორპუსის 70-ე საკნიდან. ამ საკნის ორი პატიმარი კახა ხაინდრავა და ლევან სულაქველიძე ამტკიცებენ, რომ თეთრაძის წამება საკუთარი თვალით დაინახეს.

"ვხედავდით, რომ დაცემის შემდეგ ქათმები წამოაყენებდნენ და განაგრძობდნენ მათ ცემას. საშინლად მოქმედებდა ამ პირის ღმუილი", - აღნიშნულია ერთ-ერთი პატიმრის ჩვენებაში.

საქმეში გლდანის ცხიდან ამოღებული ინფორმაციაა, სადაც დაფქსირებულია, რომ გლდანის ციხეში თეთრაძე 19 სექტემბერს უკვე დაზიანებებით შეიყვანეს. გარდაცვალებამდე თეთრაძემ ადვოკატს უთრა, რომ სამხედრო პოლიციაში მეგის ქარდავამ და ბაჩო ახალაიამ პოლიეთილენის პარკებით აწამეს. თამარ იესეშვილმა პატიმარს დაკავებიდან მეორე დღეს დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორში მიაგნო.

"სერგო თეთრაძე იყო საშინელ მდგომარეობაში, ფეხზე ძვლის იდგა თვალებთან და ცხვირთან დალურჯებული ჰქონდა. თვალები ჩაწითლებული და ცხვირი გატეხილი. ცხვირი მას შესიებული ჰქონდა და ხშირად ხელს იკიდებდა. მეუბნებოდა, რომ ცხვირი უყანყალებდა. მითხრა, რომ მთელი დღე-ღამის განმავლობაში სამხედრო პოლიციაში აწამებდა ბევრი ადამიანი, ამბობდა რომ ვიცანი მხოლოდ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავაო. ისინი უშუალოდ მაწამებდნენო, მითხრა ასევე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჩამოაცვეს და იმიტომ უჭირდა სუნთქვა", - აღნიშნულია თეთრაძის ადვოკატის თამარ იესეშვილის ჩვენებაში.

ახალაიას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი:

"მისი ჩვენება ირიბი ხასიათის ჩვენებაა, რომელიც სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ემყარება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო ირიბი ჩვენების არსებობა", - აცხადებს ახალაიას ადვოკატი იესეშვილის ჩვენების შესახებ.

ახალაიას ადვოკატები ამბობენ, რომ სერგო თეთრაძეს გული აწუხებდა და 2010 წელს კარდიოლოგთანაც არის ნამყოფი. ფოტოებზე არსებულ დაზიანებებს კი ველიჯანაშვილი გვამურ ლაქებს უწოდებს.

"როდესაც ადამიანი გულით გარდაიცვლება, მას გვამური ლაქები უფრო მკვეთრად აქვს წარმოჩინებული - რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად შავია. შეიძლება მთლიანად გაშავებულიყო გვამი, რაც ცემასთან კი არა, მის გულით გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული. მე მაქვს დასკვნა, რომელსაც მალავს დღევანდელი პოროკურატურა, სადაც წერია, რომ თეთრაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია სექსუალურ ძალადობას", - აცხადებს ველიჯანაშვილი.

ბაჩო ახლაიამ "იმედის კვირის" შეკითხვებს ციხიდან უპასუხა:

"ახლა ყველამ იცის - როგორც ჩანს - მას გული გაუსკდა და ამიტომ დადგა სიკვდილი. ხელისუფლებამ ეს ვერსია გადაამოწმა, ჩაატარა ექსგუმაცია, დამატებითი ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს იყო. ხოლო გაუპატიურება საერთოდ გამოირიცხა. და ახლა ჩემთვის სრულიად აუხსნელია, რატომ აყენებენ ადამიანს ისეთ შეურაცხყოფას, როგორც აღმოჩნდა, რომ მისთვის არავის მიუყენებია სიცოცხლეში. ამიტომაც მოიტანეს ახლა რაღაც ცელოფნები, რომელიც ამ წლების განმავლობაში არავის სმენია. თუ არ არის გაუპატიურება, რამე მიახლოვებული ჯალათობა მაინც უნდა ამტკიცონ".

ექსგუმაცია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამხარაულის ექსპერტების და დამოუკიდებელი ცენტრის "ვექტორის" ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა. მათი დასკვნები განსხვავებულია. "ვექტორის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავის დროზე გულთან დაკავშირებით დადებული სამხარაულის დასკვნის გადამოწმება ახლა შეუძლებელია, ვინაიდან პროცედურების დარღვევით სამხარაულის ბიურომ თეთრაძის შინაგანი ნაწილაკები გაანადგურა, რაც კვლევისათვის მთავარია. დამოუკიდებელი ექსპერტიზა თეთრაძის გარდაცვალების სხვა ვერსიას არ გამორიცხავს.

ალექსანდრე გეჯაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი:

"არ არის გამორიცხული ქალა-ტვინის ტრავმას გამოეწვია თეთრაძის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება".

რაც შეეხება ექსგუმაციის შემდეგ სამხარაულის დასკვნაში გაკეთებულ ჩანაწერს, რომ უკანა ტანის გამოკვლევის შედეგად დაზიანება არ აღმოჩნდა, გეჯაძისათვის გაუგებარია, საიდან დაადგინეს, როდესაც ცხედარი უკვე ლპობაში იყო წასული. გეჯაძის დასკვნაში წერია, რომ ამ საკითხის დადგენა ლპობითი პროცესების გამო შეუძლებალია.

"საინტერესოა, თუ რის საფუძველზე ამტკიცებენ ამას, ჩემთვის ყველანაირად გაუგებარია. რამეთუ თეთრაძის გვამის პირადი საექსპერტო გამოკვლევის დასკვნაში ინფორმაცია - გამოიკვლია ექსპერტმა უკანა ტანის მიდამო გარეგნულად, თუ არ გამოიკვლია - არ ფიგურირებს. გვამის ექსპერტიზის გამოკვლევის არსებული სტანდარტის გათვალისწინებით, დათვალიერების დროს ნებისმიერი ექსპერტი ვალდებულია აღწეროს არსებული ყველა დაზიანება. და მათ შორის დააფიქსიროს გარეთა სასქესო ორგანოებისა და ასევე უკანა ტანის მდგომარეობა", - აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.

სამხარაულის ექსპერტიზის ძველ დასკვნაში, სადაც გარდაცვალების მიზეზად გულია დასახელებული თეთრაძის სახეზე ძირითადი დაზიანებები, გარდა წარბთან ერთი დაზიანებისა, საერთოდ არ ფიქსირდება. ექსგუმაციამ კი დაადასტურა, რომ თეთრაძეს ცხვირი ჰქონდა მოტეხილი, რაც სამხარაულის მაშინდელ ექსპერტებს რატომრაც გამორჩათ.

"გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა ახლად აღმოჩენილი გარემოება, მიუხედავად ლპობითი პროცესებისა, ცხვირის ძვლების მოტეხილობის სახით. რაც ბუნებრივია, პირველადი ექსპერტიზის დროს დადგენილი და გამოტანილი არ ყოფილა", - აცხადებს გეჯაძე.

ჯარჯი წიკლაური, სპიკერი პროკურორი:

"სერგო თეთრაძესა და მის ადვოკატს შორის საუბრის შინაარსი ცალსახად დადასტურდა ექსგუმაციით, როდესაც სერგო თეთრაძეს გვამს დაუდასტურდა ცხვირის ორმხრივი მოტეხილობა".

"იმედის კვირა" გარდაცვლილი პოლკოვნიკის მეუღლეს, ნანა თეთრაძეს ესაუბრა:

"ახალაიას თემა არსაიდან არ მოსულა - პირველივე დღიდან, როცა აიყვანეს ჩემი ქმარი ვიცოდი, რომ მას უშუალოდ აწამებდა ბაჩანა ახალაია. პოლიეთილენის ცელოფანს ჩემს მეუღლეს ბაჩანა ახალაიას ბრძანებით და მონაწილეობით აცმევდნენ".

თადარიგის პოლკოვნიკმა სერგო თეთრაძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 25 წელი იმსახურა. იყო აფხაზეთისა და ავღანეთის ომების ვეტერანი. ბოლოს თავდაცვის სამინისტროში დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშობდა. სამასახური 2007 წელს დატოვა და დაკავებამდე პენსიაში 4 წლის გასული იყო.

"სამხედრო პოლიციას ჰქონდა რაღაცა ინეტერსი ოფიცერ ლონდარიძესთან და მაგის ტელეფონში, საქმის გასამყარებლად, ნახეს რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარი, მათ შორის იყო გენერალი ნაირაშვილი, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, კიდევ ვიღაცა მესამე პიროვნება. გამოკითხეს ინფორმაცია ამ სამხედრო პირებზე და ნაირაშვილი არმოჩნდა მაგ დროს ინგლისში, ლონდოდნში და ასე ამ სიაში, საქმის გასამყარებლად, გამოჩნდა სერგო თეთრაძე", - აცხადებს ნანა თეთრაძე.

დავით ლონდარიძე, ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული:

"ტვინში მაქვს 4 სისხლჩაქცევა. ამჟამად ორი დამრჩა. რომ დამაკავეს, სანამ არ მაღიარებინეს ის სისულელე..."

დაკავების შემდეგ დავით ლონდარიძე ახლა ტრავმირებულია, თუმცა დაკავებამდე იგი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ოფიცერი იყო. ყველაფერი 2014 წლის 11 სექტემბერს მისი დაკავებით დაიწყო. დაკავების საფუძველი კი ლონდარიძის სტუდენტობის მეგობრის ბელორუსის მოქალაქის, ედუარდ ტომაშუკის სატალეფონო ზარი გახდა. ტომაშუკი თბილისში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა და დავით ლონდარიძეს დაურეკა. ვინაიდან სამხედროებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კონტაქტი ეკრძალებოდათ, ლონდარიძემ მას შეხვედრაზე უარი უთხრა.

"მას ტელეფონში ვუთხარი, იმ ბელორუსს რომ ვერ შეგხვდები-მეთქი, რომ ვერ მიხვდა ეს 37 რას ნიშნავდა. ახლა საქართველოში 37 წელია-მეთქი", - იხსენებს ლონდარიძე.

იგი ამბობს, რომ მისი ტელეფონი უკანონოდ ისმინებოდა. სატაელეფონო საუბრის შემდეგ კი დააკავეს და დაიწყეს ე.წ. საქმის შეკერვა. ლონდარიძის მტკიცებით, ამ პროცესს უშუალოდ თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. წამების შედეგად იძულებული იყო არარსებული დანაშაული ეღიარებინა და შემთხვევით შერჩეული პირებიც დაესახელებინა.

"ქარდავა ყველა ნომერზე მეკითხებოდა ეს ვინაა, ა-დან დაწყებული ზეტ-ამდე ყველას ნომერს მეკითხებოდა. პირველად მაღალჩინოსნებს, აარჩია რამდენიმე, მათ შორის იყო თეთრაძე. როდესაც იყო საუბარი, რომ სექსუალური ძალადობა გამოეყენებინათ, მე ვუთხარი - ოღონდ ეგ არა, ყველაფერს ვაღიარებ-მეთქი", - აცხადებს ლონდარიძე.

ჯარჯი წიკლაური, სპიკერი პროკურორი:

"მხოლოდ ლონდარიძე არ იყოს საკმარისი და გადაწყვიტეს, რომ ლონდარიძეს დაესახელებინა თანამზარახველად მათ მიერ მითითებული პირი. ამის მიზანი იყო ის, რომ მათ წარმოეჩინათ თითქოსდა გამოავლინეს ჯაშუშური ქსელი და სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ, რომ კიდევ სხვადასხვა პირები ჩაერთიოთ ლონდარიძესთან ერთად ამ ე.წ. სქემაში".

თეთრაძის ბინაში სწორედ ლონდარიძის ჩვენების საფუძველზე შევიდნენ. ბინაში მეხსიერების ბარათის ჩადების ფაქტს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი მიხეილ კუჭუხიძე ადასტურებს:

"მე ფლეშკა დავდე აბაზანაში კარებთან, მაგიდაზე თუ სარეცხ მანქანაზე ზუსტად არ მახსოვს. ჯერ არ ვიყავი გამოსული სადარბაზოდან, რომ გავიგონე ქალის ხმა "ეს ფლეშკა თქვენ არ მოიტანეთო".

ლონდარიძის ჩვენებითვე დააკავეს თბილისში მცხოვრები სერგეი ჩაპლიგინი, რომელიც 25 წლის წინ თბილისის საარტილერიო სასწავლებელ "ტაოში" ლონდარიძის მასწავლებელი იყო. პედაგოგის კონტაქტიც ტელეფონში აღმოაჩინეს.

სერგეი ჩაპლიგინი, ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული:

"ბაჩო ახალაიამ პირველი რაც თქვა - შენ საბჭოთა არმიაში მახურობდი და ჯაშუში ხარო. იქ ყველა დავერბოვკებულები იყავითო. თქვა, კარგი გამომძიბლები გვყავს, ისინი დაგკითხავენო. იმედი მაქვს აღიარებით ჩვენებას მისცემო. ახლაიას და ქარდავას ხელი არ დაუკარებიათ ჩემთვის, მაგრამ მათი ხალხი ამ საქმით იყვნენ დაკავებული და მცემეს".

ჩაპლიგინის განცხადებით, ცემის შემდეგ, როდესაც უკვე ოჯახით დაემუქრნენ, იძულებული გახდა არარსებული დანაშაული ეღიარებინა.

"მეგის ქარდავამ და ვიღაც გამომძიებლებმა თქვეს, რადგან ეს მეთოდი შენზე არ ჭრისო, გავაგზავნით ორ ოპერატიულ ჯგუფს - ერთი მოიყვანს შენს ცოლს, მეორე შენს შვილსო და ისინი იქნებიან დაჭერილები, როგორც ჯაშუშობაში თანამონაწილეებიო", - იხსენებს ჩაპლიგინი.

თეთრაძის სასამართლო პროცესი ამ კვირაში ხმაურით დაიწყო.

მაგდა კოტრიკაძე, თეთრაძის ოჯახის ადვოკატი:

"მაქსიმალურად ცდილობდნენ ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერები, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ ნანა თეთრაძეზე".

შეგახსენებთ, თეთრაძის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 9 პირის მიმართ გამოიტანა. მათ შორის გლდანის ციხის დირექტორის, ახლექსანდრე მუხაძისა და მეგის ქარდავას მიმართ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ახალაიას 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ვიდეოები:

"კიბეებზე ჩარბენის ხმამ გამაღვიძა, ეტყობა, მკვლელი გარბოდა. ვიღაც ყვიროდა, ხანძარია, გარეთ გადითო, აფეთქების საშიშროება იყო" - რას ყვებიან მეზობლები თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

"დათოს ორსული მეუღლე დარჩა... უქმეებზე სულ ტაძარში დადიოდნენ" - ვინ იყო 31 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში თანასოფლელმა მოკლა

მკვლელობა ქობულეთში - თანასოფლელების დაპირისპირების შედეგად მამაკაცია მოკლული