2015 წლის 16-18 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება სერგო (სეირან) მაზმიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ,,ინოვაციური ტექნოლოგიები მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში’’.
სერგო მაზმიშვილი გახლდათ სტუ-ს ღვაწლმოსილი პროფესორი და პედაგოგი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჭიათურისა და საზღვარგარეთის მანგანუმის ღარიბი მადნების გამოწვა-გრავიტაციული მეთოდით გამდიდრების რაციონალური ტექნოლოგიის დამუშავებაში. როგორც თვალსაჩინო მეცნიერი, 2002 წელს ერთსულოვნად იქნა არჩეული უკრაინის უმაღლესი სკოლის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
პროფესორი ს. მაზმიშვილი დაჯილდოებულია ღირსების მედლით და ორდენით. მას გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და არაერთი გამოგონების ავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.
ბ-ნ ს. მაზმიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სამრეწველო ბრიკეტ-დანადგარის პროექტირებისათვის საჭირო მასალების დამუშავება-წარდგენა. მისივე ორგანიზებით აშენდა საცდელი სამრეწველო საამქრო ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში, სადაც მის მიერ დამუშავებული მადნების გამდიდრების თერმოგრავიტაციული მეთოდით ყოველწლიურად 30 000 ტონა კარბონატული კონცენტრატის გადამუშავება ხდებოდა, ეს კი ჭიათურის საბადოს რაციონალური გამოყენებისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.
ბატონი სერგო არაერთი სამეცნიერო ჯილდოს მფლობელი გახლდათ, მათ შორის სტუ-ს უმაღლესი ჯილდოს - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლის კავალერი.
აღნიშნული კონფერენცია მეტალურგიაში თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციების გაცნობა-დანერგვას, ქართველ მეცნიერთა უნივერსიტეტებთან, კვლევით დაწესებულებებთან და უცხოელ კოლეგებთან საერთაშორისო კონტაქტების აღდგენა-დამყარებას ემსახურება.
კონფერენციის სამუშაო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ნანოტექნოლოგიები მეტალურგიასა და ქიმიაში; შავი ლითონების მეტალურგია; ფერადი ლითონების მეტალურგია; შედუღება; ლითონმცოდნეობა; ლითონების თერმული და წნევითი დამუშავება; სამსხმელო წარმოება; პრეციზიული და კომპოზიციური მასალები; ფიზიკური ქიმია მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში.
კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები და დარგის სპეციალისტები, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან, კერძოდ: უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბრაზილიიდან.
კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანია და გარდა საკონფერენციო სხდომებისა, მონაწილეთათვის მოეწყობა ექსკურსიები როგორც თბილისსა და მცხეთაში, ასევე ნეკრესში, სადაც ისინი გაეცნობიან ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებს.
R