ახმეტის გამგებელმა ცოლის ძმა ლატვიაში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა

ახმეტის გამგებელმა ცოლის ძმა ლატვიაში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა პირადი მძღოლი შმაგი ლაგაზაური, რომელიც მისი ცოლის ძმაა, ლატვიის რესპუბლიკის ლიგატნეს მხარეში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა. გამგებლის ცოლის ძმის ლატვიაში დასასვენებლად ბიუჯეტიდან 2300 ლარი გადაირიცხა. გამგებელმა სამივლინებო დოკუმენტი შეადგინა (ბრძანება N914, 11.06.2015), სადაც წერია, რომ შმაგი ლაგაზაური ლატვიაში "კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების" მიზნით გაიგზავნა.

არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკაში ლიგატნეს მხარის ადმინისტრაციამ მიიწვია. ლიგატნეს მხარე 2010 წლიდან არის დამეგობრებული ახმეტის მუნიციპალიტეტთან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებიდან ირკვევა, რომ ლატვიაში გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი, საკრებულოს წევრი მამუკა ხოლეგაშვილი და გამგეობის ადმინისტრაციის დამხმარე მოსამსახურე (გამგებლის ცოლის ძმა) შმაგი ლაგაზაური გაიგზავნენ.

ლატვიაში ვიზიტი 7 დღე გაგრძელდა - 6 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ლატვიაში მიწვევისა და გამგზავრების თაობაზე არც ახმეტის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე და არც გამგეობის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე რაიმე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური შვებულებაშია გასული. მას სამსახურებრივი ტელეფონი გამორთული აქვს და ამიტომ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გამგებლის მოადგილის, თამაზ ქავთარაშვილის თქმით, ლატვიაში ისინი სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებოდნენ.

"ოფიციალური დელეგაცია რომ მიდის, რას აკეთებს ხოლმე? მგზავრობის ხარჯები ახმეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, იქ ცხოვრება და სხვა ხარჯები კი ლიგატნეს მხარემ აანაზღაურა", - ამბობს თამაზ ქავთარაშვილი.

-კონკრეტულად რა მიზნით იყავით? რამე მოლაპარაკებებში მონაწილეობდით, ხელშეკრულება გააფორმეთ, რა სიკეთე მოუტანა თქვენმა ვიზიტმა მუნიციპალიტეტს?

- თქვენ რომ მიდიხართ ხოლმე საზღვარგარეთ, რა სიკეთე მოგაქვთ რეგიონისთვის?

-მე საჯარო მოხელე არ ვარ ბატონო თამაზ და არც ბიუჯეტიდან ფინანსდება ჩვენი მივლინება. მაგალითად, გამგებლის პირად მძღოლს, რომელიც მისი ცოლის ძმაა, რა დანიშნულება ჰქონდა, რა გააკეთა?

- არ მცალია. თათბირზე ვარ და ვერ გიპასუხებთ".

იურისტ გელა შაშიაშვილის განამრტებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია, რომ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი