გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აგვისტოს ნომერი

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აგვისტოს ნომერი

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" აგვისტოს ნომერი #8 (56), რომელშიც წაიკითხავთ:

იუდეის უდაბნოს მონასტერთა დიდი ტრიადა და ქართველები

ლავრა, როგორც სამონასტრო ორგანიზაციის ერთ-ერთი სახეობა, ისტორიულად იუდეის უდაბნოს კლდოვან ხეობებში წარმოიშვა. ტერმინი "ლავრა" ნიშნავს "სენაკების, გამოქვაბულების ქუჩას"; თავდაპირველად კი შესაძლოა უბრალოდ გამოქვაბულთა კრებულს აღნიშნავდა. ლავრა წარმოადგენდა შუალედურ ფორმას განდეგილობასა და კინობიას შორის. ყოველი ლავრიოტი განმარტოებულად ცხოვრობდა მისთვის განკუთვნილ ცალკე სენაკში - გამოქვაბულში. წინამდებარე წერილში იუდეის უდაბნოს სამ ცნობილ ლავრაზე ვისაუბრებთ. საინტერესოა, რომ ქართველ მოწესეთა ჯგუფებს აქ პალესტინური ლავრების არსებობის საწყის ეტაპზევე ვხედავთ.

საბაწმინდის დიდ ლავრას (არაბ. "მარ საბა") წმინდა მიწის ქრისტიანულ სავანეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის დღესაც იუდეის უდაბნოს მონასტერთა დიდ სამეულში შედის თეოდოსი დიდისა და გიორგი ქოზებიტის ლავრებთან ერთად. საბაწმინდის მონასტრის კედლებში ასკეტი ბერები უკვე თხუთმეტ საუკუნეზე მეტია, უცვლელი ტიპიკონით მოსაგრეობენ; დღეს ის მართლმადიდებელ მამათა ერთადერთი მონასტერია წმინდა მიწაზე, რომლის ზღურბლზეც ქალს ფეხის გადადგმა ეკრძალება...

აჰმედ მელაშვილი - თურქეთის ქართველობის ილია ჭავჭავაძე / როგორ აღმოაჩინეს თურქეთელმა ქართველებმა საქართველო

კავკასიას რკინის ფარდა ეფარა. მის მიღმა თურქეთში მცხოვრებთათვის მხოლოდ დიდი, წითელი იმპერია არსებობდა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. საქართველოს, მათ დედასამშობლოს, არავინ ახსენებდა. არც გაზეთში იბეჭდებოდა რამე, არც წიგნში იყო პატარა საქართველოს ხსენება...

21 წლის აჰმედი ლიცეუმის ბოლო კლასში სწავლობდა, როდესაც 1944 წელს სამხედრო შეკრებაზე გაგზავნეს. საჯარისო დანაყოფში, სადაც მელაშვილი მსახურობდა, საბჭოთა რეჟიმს გამოქცეული, ევროპელი ემიგრანტი ქართველი მუშაობდა (სამწუხაროდ, ისტორიამ მისი გვარ-სახელი არ შემოგვინახა). აჰმედი ქართველს მაშინვე გამოეცნაურა, თუმცა გააკვირვა მისმა დიქციამ, მეტყველების ფორმამ. ის, რაც ესმოდა, ქართული იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც თურქეთში გაეგონა, არამედ უფრო "ცქვიტი", "მარდი"; წინადადებები ლამაზი იყო, სიტყვები ერთმანეთს მწყობრად, რაკრაკით მიჰყვებოდა. თანამოსაუბრე ლაპარაკში თურქულ სიტყვებს არ ურევდა და გამართულად მეტყველებდა. აჰმედ მელაშვილი დარწმუნებული იყო, რომ თურქეთის რომელიმე რეგიონის ქართული სოფლის მკვიდრს ესაუბრებოდა.

თვალები დაუფართოვდა, ტანზე დაბურძგლა და სიხარულით ლამის ჰაერში აიწია, როცა ამ გურჯისგან გაიგო, რომ ქართველთა ქვეყანა არსებობდა, რომ ორ ზღვას შუა, კავკასიის ქედებქვეშ, მის სისხლსა და ხორცს თავისი მიწა-წყალი ჰქონდა!

"სეპარატისტული იეროგლიფური" - შარლატანობის იშვიათი ნიმუში მეცნიერებაში, ანუ რა "აღმოაჩინა" რუსმა მეცნიერმა გეორგი ტურჩანინოვმა

1960 წელს ქალაქ მაიკოპთან (ადიღეის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი) ახლოს მდებარე ხუტორში აღმოაჩინეს ქვა მასზე ამოკვეთილი იდუმალი ნიშნებითურთ. ამ გარემოებამ იმხანად და შემდეგშიც, წლების განმავლობაში, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იფიქრეს, რომ იგი იყო უცნობი დამწერლობის ნიმუში. მის გაშიფვრას შეეცადა სანქტ-პეტერბურგელი ენათმეცნიერი გეორგი ტურჩანინოვი, რომელიც ხშირად ფანტაზიორობდა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მის ქმედებას ანგარებითი მოტივიც ედო საფუძვლად.

გეორგი ტურჩანინოვმა გამოიტანა ნაუცბადევი დასკვნა, თითქოს მაიკოპის ქვაზე ამოკვეთილი ნიშნები წარმოადგენდა უძველესი დამწერლობის ძეგლს, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნებოდა. უფრო კონკრეტულად, იგი თითქოსდა ნაზავი იყო ძველი ბიბლოსური, ფსევდოიეროგლიფური და ხეთური იეროგლიფური, აგრეთვე ფინიკიური ანბანური დამწერლობისა. "გამშიფრველმა" იგი დაათარიღა ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებით. რაც შეეხება ენას, რომელზედაც აღნიშნული "წარწერა" იყო შესრულებული, თითქოსდა იგი იკითხებოდა აფხაზურად და თანაც მისი თანამედროვე ფორმით. ტურჩანინოვის "აღმოჩენით", წარწერა ეკუთვნოდა ძველი კოლხეთის მეფეს, რომელიც საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენით, ქართველების დასავლელ წინაპრებს კი არ განასახიერებდა, არამედ - აფხაზებისას...

თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია

გულახდილად რომ ვთქვა, ვერაფრით წარმომედგინა, ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამეცნიერო-კულტურულ დაწესებულებებში ამდენი ქართველი თუ იქნებოდა. ამის შესახებ ახლახან შევიტყვე, როცა გავეცანი მურად ქასაბის (ქასაყაშვილის) ვრცელ მონოგრაფიას "ოსმალეთის ქართველები".

კრებულის შინაარსის მიხედვით ჩანს, რომ მუსლიმ ქართველებს: მწერლებს, პუბლიცისტებს და საზოგადო მოღვაწეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანიათ ოსმალური, შესაბამისად, თურქული მწერლობისა და კულტურის გამდიდრება-განვითარების საქმეში.

კიდევ უფრო მეტი ქართველი იყო ოსმალური იმპერიის სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელე: დიდვეზირი ქართველი სულ ცოტა 20 ყოფილა, მინისტრები - 14, ვეზირები, სარდლები, ბეგლართ-ბეგები, ფაშები კი 100-ზე მეტი.

თურქეთის დიდი ეროვნული კრების ბათუმელი ქართველი დეპუტატები 300-ს აღემატება. მურად ქასაბს ცალკე თავად აქვს გამოყოფილი სულთნების ქართველი დედები, უფლისწულთა ქართველი მეუღლეები და სხვ.

ბოროტების იმპერიის მბრძანებელი / პაბლო ესკობარი - ნარკობარონი და ადგილობრივი წმინდანი

ლათინური ამერიკის ყველა დროის ყველაზე გავლენიან ადამიანთა ჩამონათვალში მას გამორჩეული ადგილი უჭირავს. პაბლო ესკობარი კოლუმბიაში უგვირგვინო მეფე იყო, მისი ნარკოიმპერია კი მსოფლიოს მოიცავდა. ქვეყნის ღარიბი მოსახლეობაც მხარს უჭერდა და თავიანთი დროის რობინ ჰუდად აღიქვამდა. მედელინელ ნარკობარონზე ლეგენდები გავრცელდა.

პაბლო ესკობარი ყველაზე ცნობილი ნარკობარონი და ყველა დროის ყველაზე ძლევამოსილი კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი იყო. 1980-იან წლებში იგი ნარკოტიკებისა და მკვლელობათა გლობალურ იმპერიას განაგებდა. მან მილიარდობით დოლარი იშოვა, ათასობით ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, საგანგებოდ გაწვრთნილი კრიმინალებისგან საკუთარი სამხედრო შენაერთები ჩამოაყალიბა და კერძო თვითმფრინავების, სასახლეებისა და ზოოპარკის საკუთარი იმპერია შექმნა. ცნობილი "კოკაინის მეფე" პაბლო ესკობარი ისტორიაში შესულია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უმდიდრესი კრიმინალი. 1990 წლის დასაწყისში მისი ქონება 30 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

პიზის საოცრებათა მოედანი - კომპლექსს, რომელშიც დახრილი კოშკიც შედის, მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს

იტალიის ქალაქი პიზა ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრია ტოსკანის მხარეში. პიზის ფართობი სულ 185 კვკმ-ია, მოსახლეობა - დაახლოებით 100 ათასი. ამ პატარა ქალაქის ძველ ნაწილში, საოცრებათა მოედანზე (პიაცა დეი მირაკოლი) დგას პრაქტიკულად ყველასთვის ცნობილი პიზის დახრილი კოშკი. მაგრამ მსოფლიო არქიტექტურის განუმეორებელ შედევრად არა მარტო კოშკი, არამედ საოცრებათა მოედნის მთელი არქიტექტურული ანსამბლია აღიარებული.

შუა საუკუნეებში პიზა გენუის მეტოქე იყო ხმელთაშუა ზღვაზე სავაჭრო გზებისთვის ბრძოლაში. რესპუბლიკის "ოქროს ხანაზე" მეტყველებს სწორედ სატაძრო ანსამბლი საოცრებათა მოედანზე. უამრავი სპეციალისტისა და შემფასებლის აზრით, თამამად შეიძლება ითქვას, - ამ კომპლექსს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება! ქალაქის ცენტრში თეთრი მარმარილოს სამი კაშკაშა ნაგებობა საგანგებოდ მოვლილ, ხასხასა ზურმუხტოვან მინდორზე დგას. ცენტრში ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარია - დუომო დი სანტა მარია ასუნტა, დასავლეთით ბაპტისტერიუმია, მარცხნივ კი ისტორიაში სამუდამოდ შესული დახრილი კოშკი. საოცრებათა მოედნის ჩრდილოეთ ნაწილს მონუმენტური სასაფლაო კამპო-სანტო იკავებს. ძირითადი ანსამბლი - ტაძარი, ბაპტისტერიუმი და კოშკი თითქმის 300 წელიწადს შენდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ სამივე კომპონენტს თავისი გამოხატული ინდივიდუალობა აქვს, სტილის გასაოცარი ერთიანობით გამოირჩევა...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ქართველი ჯარისკაცის ისტორია

რატომ შეაჩერა სტალინმა თავდასხმა ჰიტლერზე

ფულის გაყალბების დიდოსტატები - როგორ აითვისეს ერთ-ერთი უძველესი დანაშაულებრივი პროფესია სახელმწიფოს მეთაურებმა

"შეხვედრა" კონსტანტინე აფხაზთან

შავი ჭირი და ლუდხანები ბრიტანეთში

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები