ავტორი:

ქართველი დედოფლები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს

ქართველი დედოფლები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს

საქართველოს ისტორიაში ქართველი მეფეების გარდა სამეფოს მართვა-გამგეობაში ხშირად მნიშვნელოვან როლს დედოფლებიც ასრულებდნენ. გარდა კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისა, რამდენიმე ქართველი დედოფალი პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მათზე სასაუბროდ ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს მივმართეთ.

დედოფალი საგდუხტი

ვახტანგ გორგასლის დედა საგდუხტი წარმოშობით სპარსელი, რანის ათაბაგის შვილი იყო. გარდა იმისა, რომ გათხოვების შემდეგ თვითონ გაქრისტიანდა, ქრისტიანობა იმდენად შეითვისა, რომ თავისი შვილებიც ჭეშმარიტ ქრისტიანებად გაზარდა. საგდუხტ დედოფალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვახტანგის გამეფებისას. მირდატ მეფის გარდაცვალებისას ვახტანგი 7 წლის იყო და მისი მამისა და პაპისგან მიყენებული ზიანის გამო, რანის ათაბაგს საქართველოზე თავდასხმა ჰქონდა გადაწყვეტილი, საგდუხტი კი რანის ათაბაგთან, ანუ მამამისთან წავიდა, მუხლებში ჩაუვარდა და დაითანხმა, რომ არათუ საქართველოს არ დასხმოდა, ვახტანგი ქართლის მეფედ ეცნო და რაც მთავარია, ეშუამდგომლა ირანის შაჰთან, რომ ვახტანგი ქართლის მეფედ დაემტკიცებინათ.

დედოფალი მარიამი - ბაგრატ IV-ის დედა

ერთიანი საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბაგრატ მეოთხის დედას, მარიამ დედოფალს. გარდა კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისა, მარიამი საკმაოდ დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის ორჯერ გახლდათ ბიზანტიის იმპერიაში წასული და ორჯერვე მისი მისია წარმატებით დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად შესრულდა ის მიზანი, რაც ორივე წასვლაზე იყო დასახული.

გიორგი პირველის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ მეოთხის გამეფებისას საქართველოს თავს ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე ესხმოდა, თუმცა როგორც „მატიანე ქართლისაი“ წერს, „ღმერთმა პატივი სცა ბაგრატს და კონსტანტინე გარდაიცვალაო“. მის ნაცვლად იმპერატორი გახდა რომანოსი, რომელთანაც მარიამმა მოლაპარაკება მოახერხა. დედოფალი კონსტანტინეპოლში ჩავიდა და დამყარდა მშვიდობა საქართველოსა და ბიზანტიას შორის. დელეგაციას მარიამი ხელმძღვანელობდა. ამ მშვიდობის გარეგანი გამოხატულება ის იყო, რომ ბაგრატს კურაპალატის ტიტული მიანიჭეს და მეფემ ცოლად იმპერატორის ძმისშვილი ელენე შეირთო.

მოგვიანებით ბაგრატ მეოთხეს ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი ლიპარიტ ბაღვაში აუჯანყდა, რომელიც მეფეს განსაკუთრებით ეურჩებოდა, ამიტომ ბაგრატი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი რუისში მეფედ ეკურთხებინა, თავად კი ბიზანტიაში წასულიყო, რომ ლიპარიტთან ურთიერთობა იმპერატორის მეშვეობით მოეგვარებინა. სამი წელი ბაგრატი „საპატიო ტყვეობაში“ ჰყავდათ და მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც 1057 წელს მარიამ დედოფალი ბიზანტიის იმპერიაში ჩავიდა. ამ შემთხვევაშიც მარიამმა მოახერხა ის, რომ მისმა ელჩობამ სასურველი შედეგი გამოიღო და ბიზანტიამ ბაგრატი გაათავისუფლა.

მეფე გიორგი და მარიამ დედოფალი, ხახულის ხატის დეტალი

თამარ მეფე

თამარი იყო მეფეც და დედოფალიც. მისი დონის დიპლომატი საქართველოს არ ჰყოლია. თამარს მეფობის დასაწყისშივე ხვდება პრობლემები. გარდაიცვალა ძლიერი ხელისუფალი გიორგი მესამე, რომელსაც თამარი უკვე დასმული ჰყავდა თანამოსაყდრედ. სამეფო ტახტზე დარჩენილი ახალგაზრდა მეფე-ქალის წინაშე დიდგვაროვნებმა თავიანთი უფლებების გაფართოება სცადეს. ფაქტობრივად, თავისი მეფობის პირველ ეტაპზე თამარმა მათ თითქმის ყველა სურვილი შეუსრულა: თანამდებობებიდან გაათავისუფლა გიორგი მესამის დროს დაწინაურებული დიდგვაროვნები ანუ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგნელები, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე იყვნენ დანიშნული. ამას გარდა, დათანხმდა გიორგი რუსზე ქორწინებას, ეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა. ყუთლუ-არსლანთან, რომელიც ხელისუფლების გაყოფას მოითხოვდა, თამარმა მშვიდობიანი ურთიერთობა მოახერხა. მიუხედავად ამ დათმობებისა, თამარმა ყველა პრობლემა აბსოლუტურად უსისხლოდ მოაგვარა.

თამარის მოღვაწეობის პერიოდი ოქროს ხანად არის შეფასებული. მის დროს ქვეყანაში ძალიან დიდი შემოსავალი შემოდიოდა და სამეფო კარი ამ შემოსავალს მარტო თავისი ინტერესებისთვის არ იყენებდა. სახელმწიფო ინტერესების გარდა, დღეს რომ სოციალურად დაუცველებს ვეძახით, იმ დროს გაჭირვებულ ფენას სახელმწიფო ბიუჯეტის მეათედი ხმარდებოდა.

XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი

დედოფალი მარიამი - როსტომ ხანის ცოლი

მარიამ დედოფალი როსტომ ხანის, პირველი მაჰმადიანი მეფის ცოლი და ლევან მეორე დადიანის და იყო. ქორწინება პოლიტიკური მოტივით შედგა. მაჰმადიანი როსტომ მეფე არათუ არ დევნიდა ქრისტიანებს, მარიამ დედოფალს რელიგიურ მოღვაწეობაში ხელსაც კი უწყობდა. მარიამის დახმარებით ძალიან ბევრი ეკლესიაა აღდგენილი და განახლებული.

დედოფლის ბრძანებითვე ახლიდან გადაიწერა ქართლის ცხოვრება. ამას გარდა, ის იყო სერიოზული პოლიტიკური მოღვაწე. დედოფალს შეეძლო ნებისმიერი ადამიანისთვის ეწყალობებინა რაიმე სოფელი, რომელიც მის სადედოფლო მამულში შედიოდა, თუმცა ისტორიული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მარიამს მთელი ქართლის სამეფოს მასშტაბით მიუწვდებოდა ხელი, მან შეძლო როსტომისგან დამოუკდებლად ასეთი წყალობით დაესაჩუქრებინა ქართველი თავადები. აშკარად ჩანს, როგორი სერიოზული ფიგურაა ქართულ სამეფოში მარიამ დედოფალი.

ქრისტეფორე დე კასტელოს მიერ შესრულებული მარიამის პორტრეტი

დარეჯან დედოფალი - ერეკლე II-ის ცოლი

ქართულ პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობდა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის მეუღლე დარეჯანი. სხვათა შორის, დედოფალმა გარკვეულწილად უარყოფითი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მის სიტყვას ძალინ დიდი წონა და ფასი ჰქონდა. მაგალითად, ეს გამოიხატა იმაში, რომ როდესაც მეფემ იმერეთი არ შემოიერთა, აქ მნიშვნელოვანი როლი დარეჯანმა ითამაშა, ის იყო პროთურქული ორიენტაციის. სწორედ დარეჯანმა მიაღებინა ერეკლე მეფეს კანონი, რომლის მიხედვითაც სამეფო ტახტი უნდა გადასულიყო არა მამიდან შვილზე, არამედ ძმიდან ძმაზე. ერეკლეს 20-ზე მეტი შვილი ჰყავდა და სწორედ ამიტომ ცდილობდა დარეჯანი ამის დაკანონებას, ამასთან, ერეკლეს პირველი ვაჟი გიორგი მეთორმეტე დარეჯანის გერი იყო და დედოფალს მეფის პირველი ვაჟის გამეფება არ სურდა.

დარეჯან დედოფალი

ქეთევან დედოფალი

ქეთევან დედოფალი უნიკალური მოვლენაა არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორიაში. შაჰ-აბასს წინაწარ ჰქონდა დაგეგმილი დედოფლის წამება, ამით შაჰს სურდა ქეთევანის გატეხა, რადგან იცოდა, რომ ამას ქართველების სულიერი გატეხვა მოჰყვებოდა. ქეთევან დედოფალი იყო 1606 წლის აჯანყების გმირი, ის მეთაურობდა იმ აჯანყებას, რომელმაც მამისა და ძმის მკვლელი კონსტანტინე მოკლა და კახეთის ტახტს ჩამოაცილა. თეიმურაზი 16 წლის იყო, როცა სამეფო ტახტზე ავიდა და ფაქტობრივად, ქვეყანას ქეთევან დედოფალი მართავდა, სწორედ ამიტომ სჭირდებოდა შაჰ-აბასს რომ ქეთევანი გატეხილიყო და მაჰმადიანობა ეღიარებინა. კაცი ვერ გაუძლებს იმას, რასაც ქეთევანმა გაუძლო, ასეთი წამების მოთმენისთვის მას ამის შესაძლებლობა რწმენამ მისცა. ქეთევანის მოწამეობამ საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა „გურჯისტანის“ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად, რაც მთელი მოსახლეობის გამაჰმადიანებას გულისხმობდა.

ქეთევან დედოფალი

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს