პროკურორი ბრალდებულ ხარშილაძეს - ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ

პროკურორი ბრალდებულ ხარშილაძეს - ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ

ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ, - ამის შესახებ ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის პროკურორმა, ლევან ბაჩიაშვილმა ბრალდებულ ხარშილაძეს დაკითხვისას ჰკითხა.

პროკურორი ასევე დაინტერესდა, რატომ აკეთებს ხარშილაძე მსგავს განცხადებებს, როდესაც ზურაბ ჟვანიაზე ამბობს, რომ მისი მეგობარია.

"მეგობრობა ვის როგორ ესმის", - აღნიშნა პროკურორმა და ხარშილაძეს ჰკითხა, ჟვანიას მხრიდან "შეთავაზების შესახებ, ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია". ხარშილაძემ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის შეთავაზების შესახებ ნათესავს მოუყვა, რომელიც გარდაცვლილია.

"ზურა ჩემი მეგობარია, იყო და იქნება რაც არ უნდა თქვათ. ჩემი პატარა რომ გაიზრდება, მასაც ეცოდინება, რომ მე ამ ადამიანთან ვმეგობრობდი", - განაცხადა ხარშილაძემ და დასმულ შეკითხვაზე როგორ აპირებს მისი ნათქვამის დადასტურებას, აღნიშნა, რომ ეს პროკურორების და ნაფიცი მსაჯულების გადასაწყვეტია, დაიჯერებენ თუ არა. ასევე ხარშილაძემ აღნიშნა, რომ მას გარდაცვლილის ძმა გოგლა ჟვანია მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელის გაშვერას სთხოვდა. "თავიდან ჩავთვალე, რომ შოკში იყო, თუმცა შემდეგ ეს გაგრძელდა", - განაცხადა ხარშილაძემ. მისი თქმით, იმას, რომ ზურაბ ჟვანია მისი გულგრილობის შედეგად გარდაიცვალა, ვერ დაიბრალებს.