"დიდი დანაშაული აქვს დასაფარი და ამან აიძულა, ასეთი ჩირქი მოსცხოს პირველ რიგში საკუთარ თავს" - ხათუნა ხოფერია კობა ხარშილაძეზე

"დიდი დანაშაული აქვს დასაფარი და ამან აიძულა, ასეთი ჩირქი მოსცხოს პირველ რიგში საკუთარ თავს" - ხათუნა ხოფერია კობა ხარშილაძეზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ჟვანიას მეგობრის, ხათუნა ხოფერიას თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძის განცხადება ზურაბ ჟვანიას ორიენტაციასთან დაკავშირებით დიდი დანაშაულის დასაფარად ნათქვამი სიტყვებია.

"ადამიანს ბევრად დიდი დანაშაული აქვს დასაფარი და მხოლო და მხოლოდ ამან შეიძლება აიძულოს კაცი, რომ ასეთი ჩირქი მოსცხოს პირველ რიგში საკუთარ თავს. ძალიან დიდი დანაშაულის დაფარვის მიზნით, თორემ სხვა არანაირი ლოგიკა მის სიტყვებში არ არსებობს და სიმართლე რომ არ არსებობს, ეს უკვე ყველამ ვიცით", - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ AMBEBI.GE-სთან ხარშილაძის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მისგან შეთავაზებაც მქონდა, - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ ბრალდებულის სტატუსით დაკითხვის დროს განაცხადა.

როგორც ხარშილაძემ აღნიშნა, ამ შეთავაზების შემდეგ სამსახურიდან იმ მოტივით არ წამოვიდა, რომ ზურაბ ჟვანიას მასზე ბევრი ამაგი ჰქონდა. "ზურას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

კობა ხარშილაძეს ადვოკატმა ჰკითხა, თუკი შეთავაზება იყო ჟვანიას მხრიდან, რატომ დარჩა დაცვის სამსახურში. "18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინეო და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი, რომ არ შემიცვლია", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

მისი თქმით, ამ პერიოდში პოლიციის აკადემიაში ჩაბარება სურდა, თუმცა ვერ მოახერხა და შემდეგ ზურაბ ჟვანიამ აკადემიის ხელმძღვანელობასთან დარეკა, რის შემდეგაც მან პოლიციის აკადემიაში შეძლო ჩაბარება. სწორედ აქედან გამომდინარე, ხარშილაძე აცხადებს, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სამსახურიდან ვერ წამოვიდოდა.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ შეხვედრებზე ხშირად დადიოდა, ნაწილი საქმიანი იყო, ნაწილი კი პირადი. დაცვის წარმომადგენლები კონსპირაციული ბინის სადარბაზოსთან არ ჩერდებოდნენ, რათა ეჭვი არ გამოეწვიათ მეზობლებში.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE