სამი ქართული სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი

სამი ქართული სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი

მართლმადიდებლები თავყვანს სცემენ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატს, მათ შორის არის ქართული სახელწოდების მქონე ხატებიც, რომლებსაც ჩვენი წინაპრები განადიდებდნენ. მათ შორისაა აწყურის, წილკნისა და ბოდბის ღვთისმშობლის ხატები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა დროს შემოვიდა და დამკვიდრდა.

აწყურის ხატი ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომლის მეშვეობითაც ქართველებმა პირველად იხილეს მათი მფარველი.

აწყურის ხატი

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, მოციქულებმა წილი ჰყარეს, - საქადაგებლად ვინ სად წასულიყო. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო. გადაწყვიტა კიდეც აქეთ წამოსვლა, მაგრამ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებული იყო და გადაიფიქრა.

მაშინ ღვთსმშობელს საკუთარი ძე, უფალი გამოეცხადა და უთხრა, - ნუ მიატოვებ შენს წილხვედრ ქეყანას, გაგზავნე ანდრია პირველწოდებული, თან, შენი ხატი გაატანე, რომ იქაურებს იცავდესო. ღვთისმშობელმა მოციქულს უფლის დანაბარები გადასცა. მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, სადაც მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. შემდეგ ის ანდრია მოციქულს გადასცა, დალოცა, მოციქულ მადლიერების ნიშნად, მის წინ დაემხო და წმინდა ხატით საქართველოსკენ გამოემართა.

გზაში ურწმუნოთაგან უამრავი განსაცდელი დაითმინა, გაჩერებამ სხვადასხვა ადგილას მოუწია. წმინდა ხატის შეწევნით, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ბევრი ადამიანი მოაქცია.

ანდრია პირველწოდებული სამცხეში ერთ დაბას მიადგა, რომელსაც სოსანგეთს ეძახდნენ (ახლანდელ აწყურს). იქაურები თაყვანს სცემდნენ კერპებს, სადაც ასევე საკუთარი ღვაწლით, ბევრი გააქრისტიანა, ლოცვითა და ხატით მკვდარიც აღადგინა. ასწავლა ხალხს ქრისტეს სჯული, დაუდგინა სასულიერო პირნი, მერე კი ისევ გზას გაუდგა. იქაურები შეევედრნენ, ღვთისმშობლის ხატი მათთვის დაეტოვნებინა. მოციქულმა თხოვნა შეუსრულა და ხატის შექმნის ამბავსაც მოუყვა. როცა შეიტყვეს, რომ მათი მფარველი ღვთისმშობელი იყო, ყველა სიხარულით აღივსო.

წმინდა ანდრიამ გზა განაგრძო, წმინდა ხატი კი საქართველოში დარჩა. აწყურის ღვისმშობელი უამრავ სასწაულს აღასრულებდა...

სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალულია მაცხოვრის კვართი, სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა, რასაც არ აღიარებდნენ სამცხის ათაბაგები, მცხეთის საყდრისგან გამოყოფას ცდილობდნენ. ამის გამო სამცხე მართლმადიდებლებიგან დაცარიელდა. იქაურობა დატოვა ღვთისმშობლის ხატმაც და ამის შემდეგ იყო, რომ სამცხე-საათაბაგოს მოსახლეობა გამაჰმადიანდა. მართლმადიდებელი მესხები მთელ საქართველოში გაიფანტნენ, თან წაიღეს წმინდა ხატები, ჯვრები, გადმოცემები, ლეგენდები და იმედი, რომ დადგებოდა დრო, როცა მეხსეთს ქრისტიანი პატრონი გამოუჩნდებოდა, აწყურის ღვთისმშობლის ხატიც დაუბრუნდებოდა თავდაპირველ ადგილს, შემოიკრებდა ყოველ მხარეს გაფანტულ მესხებს.

მუზეუმში დაცული წმინდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს. არავინ იცის აღდგება თუ არა აწყურის საყდარი და ინებებს თუ არა ღვთისმშობლის ხატი (უკვე მუზეუმის ტყვეობიდან თავდახსნილი) იქ დამკვიდრებას, მაგრამ მაცხოვრი ბრძანებს, რომ იგია ჩვენი მცველი უკანასკნელ ჟამამდე.

წილკნის ღვთისმშობელი

წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, თავისი მადლმოსილებით ყოველთვის გამოირჩეოდა, რომელიც მორწმუნეებს დიდად უყვარდათ.

ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელს მიეწერება. ხატი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში, მეფე მირიანის ძის – ბაქარის დროს ბიზანტიიდან ჩამოასვენეს. სავარაუდოა, რომ ის თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დაბრძანდა, სადაც უამრავ სასწაულს ახდენდა და საიდანაც მიიღო თავისი სახელწოდებაც.

წილკნის ღვთისმშობლის ფერწერული ხატი უპირველესია საქართველოში, სადაც გამოსახულია ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის ნახევარფიგურა და მის ორივე მხარეს – წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ფერწერა ტემპერის საღებავებითაა შესრულებული. ხატი განვითარებული შუა საუკუნეების ოთხ ბიზანტიური მინანქრის მედალიონს შეიცავს. მასზეა მოჭედილი ფირფიტები წმიდა გიორგისა და ღვთისმშობლის გამოსახულებებით, რომლებიც XVI საუკუნეს განეკუთვნება.

ხატს ჩარჩოზე დაფენილი მეთვრამეტე საუკუნის გლუვზედაპირიანი ფირფიტები ამშვენებს. წილკნის ღვთისმშობლის ხატი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენს, რადგან ასეთი ფერწერული ხატები ცოტაა შემორჩენილი.

1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება. ტაძარში კი ამჟამად ხატის ასლია დაბრძანებული.

ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი

ის ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლია, რომელიც აღსრულებული სასწაულებით არის განდიდებული. მდებარეობს ბოდბის დედათა სავანეში, წმინდა ნინოს საფლავზე. ხატი 1905 წელს ათონის მთაზე დაიწერა.

საბჭოთა კავშირის დროს მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და წმიდა ნინოს საფლავს ფარულად ემსახურებოდა.

მონასტრის მახლობლად მცხოვრები მორწმუნე ქალბატონი რაისას მონათხრობი: მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტარად მუშაობდა. რამდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი, რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, რომ წმინდა ნინო საქართველოში ფეხით ჩავიდა და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და დაზიანებულ ნაწილებს აღვადგენო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა: რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თავადაც მაგიდათ იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ დაავადებულა. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკან დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვენტარი და აქაურობას გავაცილოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.

ღვთისმშობლის ამ ხატთან დაკავშირებით კიდევ ერთ ამბავს ჰყვებიან:

იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი "ჩეკისტი" ცხოვრობდა და რელიგიურ სიწმინდეებს სიძულვილით შეურაცხყოფდა. ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზეც აღმართა - სახე დაუსერა და საგანგებოდაც დაისაჯა: ჯანმრთელი და საღსალამათი მოულედნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი დღეს მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს.

მოამზადა ლალი ფაციამ

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს - "ეს სანატრელი დღე დადგა - ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში"

ახალი მილიონერი საქართველოში!

სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა