შსს-მ სპილენძის სადენების ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შსს-მ სპილენძის სადენების ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ორი პირი ქურდობის ბრალდებით, ხოლო ერთი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გოჩა ნ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული გურამ ა. და 1986 წელს დაბადებული ჯემალ ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გოჩა ნ-მ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე, ორ თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ მოჭრა 500 მეტრი სიგრძის სპილენძის საკონტაქტო სადენი და წასაღებად გაამზადა. სამართალდამცველებმა გოჩა ნ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, თანამზრახველებმა კი მიმალვა მოახერხეს.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე თანამზრახველი წალკა-თეთრიწყაროს ავტომაგისტრალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. გურამ ა-მ და ჯემალ ა-მ აღიარეს, რომ რამდენიმე დღის წინ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე 200 მეტრი სიგრძის სპილენძის საკონტაქტო სადენი მოიპარეს და წალკაში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მიტოვებულ შენობაში გადამალეს. სამართალდამცველებმა ყველა მოპარული სადენი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით).

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია