გაიცანით “ზარაფხანას” გუნდი: „ზარაფხანას“ სამკაული - გზა კრეატიული იდეიდან საიუველირო ნაკეთობამდე

გაიცანით “ზარაფხანას” გუნდი: „ზარაფხანას“ სამკაული - გზა კრეატიული იდეიდან საიუველირო ნაკეთობამდე

კომპანია „ზარაფხანას“ მომხმარებელი კარგად იცნობს - აქ თითოეული ნაკეთობა ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. აქ ყველა თანამშრომელს საკუთარი ისტორია აქვს, თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი და გამოცდილება კი კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

მრავალი წელია "ზარაფხანა" ძველი ოქრომჭედლობის ტრადიციების გზას აგრძელებს. პროცესი რთულია, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, სწორედ თანამშრომლების პროფესიონალიზმი და მათი დაუღალავი შრომა არის იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ „ზარაფხანა“ დღესაც აოცებს მომხმარებლებს უნიკალური ნაწარმით და საქართველოში, ქართული წარმოების საიუველირო პროდუქტის შეძენის შესაძლებლობით.

უნიკალური ნაკეთობების შექმნა „ზარაფხანაში“კრეატივის სამსახურში იწყება. სწორედ აქ მუშაობენ ადამიანები, ვინც იმ გამორჩეული და ექსკლუზიური სამკაულის დიზაინს ქმნის, რომელსაც უამრავი მომხმარებელი აღფრთოვანებაში მოჰყავს. ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ კრეატივის სამსახურის უფროსს, ქალბატონ თეა თეთრაძეს.

თეა თეთრაძე:

38 წლის

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი

1994 – 1998 წლებში სწავლობდა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში

1998 – 2004 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში

2007 – 2010 წლები კომპანია „ზარაფხანა“ მხატვარ-დიზაინერი

2010 წლიდან - დღემდე კომპანია „ზარაფხანას“ კრეატივის სამსახურის უფროსი

- თეა, როდის შეუერთდით „ზარაფხანას“ გუნდს?

„ზარაფხანაში“ უკვე 8 წელია ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში შევიკრიბეთ საუკეთესო გუნდი, რომლის აქტიური შრომითა და გუნდური ჩართულობით იქმნება „ზარაფხანას“ სამკაული. მინდა სათითაოდ გამოვყო თითოეული მათგანი და აუცილებლად ვახსენო, რომ მყავს გამორჩეული დამხმარე დიზაინერები - ქეთი ჭიჭივეიშვილი და თინათინ დარსაველიძე, ასევე უნიჭიერესი იუველირ-მემოდელეები ლევან კოტია და გერა ტორჩინავა.

- ახალ კოლექციაზე მუშაობისას რა არის თქვენი მუზა, ინსპირირების წყარო. საიდან მოდის იდეები ?

თითოეული კოლექციის შექმნა შემოქმედებითი პროცესია, რომლის განმავლობაშიც მთელი გუნდი რამდენიმე იდეას განვიხილავთ და საბოლოოდ ვთანხმდებით კოლექციის კონცეფციაზე. ინსპირაციის წყარო შესაძლოა, გახდეს ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, გვაქვს კოლექციები, რომელთა ინსპირაციის წყარო არის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი ქართული ნაკეთობები, ასეთია მცხეთის კოლექცია, კოლექცია კოლხური ლეგენდა. ასევე ვქმნით თანამედროვე, ორიგინალურ სამკაულს, რომლის ინსპირაციაც თანამედროვე მოდის ტენდენციების გაცნობის შემდეგ მოდის.

- "ზარაფხანას" კოლექციები ყოველთვის გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით და ორიგინალურობით. როგორ იქმნება ახალი კოლექცია, რა პროცესს გადის თითოეული ნაკეთობა ?

თითოეული ნაკეთობა ძალიან ბევრ ეტაპს გადის. საწყის ეტაპზე იდეაზე ჩამოყალიბების შემდეგ, ვიწყებთ ესკიზზე მუშაობას. თითეული მოდელი პირველ ეტაპზე იხატება ხელით, რომელიც შემდგომ პროგრამულად გადადის 3D ვერსიაში, სადაც ხდება მისი დახვეწა ნატურალური ზომებისა და ფორმების მიხედვით და გადის პირველად სამხატვრო საბჭოზე დასამტკიცებლად. სრულყოფილი სახის ესკიზი გადაეცემა იუველირ-მემოდელეს, რომელიც ქმნის პირველად მასტერ-მოდელს. შექმნილ მოდელზე იჭრება ყალიბი და ხდება მისი ოქროში ჩამოსხმა, ეძლევა სრულყოფილი სახე: მუშავდება, პრიალდება, ისმება ესკიზში განსაზღვრული ქვები, გადის ხარისხის კონტროლს, საბოლოო პროდუქტი გადის მეორედ სამხატვრო საბჭოზე საბოლოოდ დასამტკიცებლად, რის შემდეგაც ნაკეთობა მზად არის სერიული წარმოებისთვის.

- რა ძირითად დეტალებს ექცევა ყურადღება ახალი სამკაულის ან კოლექციის შექმნისას?

სამკაულის შექმნა მრავალმხრივი პროცესია, რომლის დროსაც თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ გამოდის, რომ თითოეული ნაკეთობის შექმნა დიდ ყურადღებას და დაკვირვებას მოითხოვს. შექმნის პროცესი ერთმანეთზე დამოკიდებული ეტაპებისგან შედგება, ერთი დეტალის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი პროცესის ცვლილება.

- რომელია თქვენი საყვარელი კოლექცია ?

ცოტა რთულია გამოვყო რომელიმე, რადგან თითოეული მათგანის შექმნაზე ძალიან ბევრი დრო და ენერგია მაქვს დახარჯული, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის, ყველაზე წარმატებული 2012 წელი იყო, როცა დაიბადა ჩემი შვილი, დათა და შევქმენი კოლექცია „კოლხური ლეგენდა“. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ყველაზე წარმატებული პროექტები არის დათა და კოლხური ლეგენდა.

კრეატიული გუნდის მუშაობის შემდეგ, ნაკეთობის სრულყოფილი ესკიზი იუველირის ხელში გადადის. სწორედ იუველირ-მემოდელე ასხამს ხორცს კრეატიულ იდეას, რის შემდეგაც ნაკეთობა სერიულ წარმოებაში ეშვება.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ „ზარაფხანას“ იუველირ-მემოდელე ლევან კოტიას, რომელიც „ზარაფხანაში“ უკვე 9 წელია მუშაობს.

ლევან კოტია:

34 წლის

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

1998 – 2002 წლებში სწავლობდა პრ.ჯ.რობაქიძის სახელობის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში

1996 წლიდან მუშაობს იუველირად

2006 წლიდან - დღემდე მუშაობს ზარაფხანაში იუველირ- მემოდელედ

სამკაულის შექმნის პროცესი დიზაინით იწყება და შემდეგ თქვენს ხელში გრძელდება. რა ხდება ამ დროს, რა ეტაპებს გადის სამკაული საბოლოო სახის მიღებამდე ?

ესკიზის მიღების შემდეგ, პირველ რიგში ნაკეთობას ვქმნი გონებაში, ასე ვთქვათ, იქმნება ვირტუალური ნაკეთობა, რომელიც გადის ყველა ეტაპს ნაკეთობის დასრულებამდე. უკვე შემდეგ გადავდივარ მის შექმნაზე ლითონში და როგორც წესი, გამოდის ისეთივე, როგორც გონებაში. შექმნილი მასტერ-მოდელი განიხილება კრეატივის სამსახურის შიდა საბჭოზე, სადაც ხდება ნაკეთობის კორექტირება იმისათვის, რომ საბოლოოდ სრულყოფილი პროდუქტი მივიღოთ.

რას ნიშნავს თქვენთვის საიუველირო საქმე ? რა არის ყველაზე საყვარელი ეტაპი მუშაობის პროცესში ?

ეს არის საქმე, რომლითაც 18 წელია დაკავებული ვარ. პირველი ჩემი საიუველირო ნაკეთობა შევქმენი 16 წლის ასაკში. როდესაც მივხვდი, რომ ეს საქმე მომწონს, ბიძაჩემთან საიუველირო საამქროში მუშაობა დავიწყე. შემდეგ გავიცანი სხვა გამოცდილი იუველირები, რომლებმაც მასწავლეს საიუველირო საქმე და რომლებთან ერთადაც დღესდღეობით ვმუშაობ „ზარაფხანაში“. მუშაობის პროცესში პირველი ეტაპის შემდეგ, როცა ნაკეთობას გონებაში ვქმნი, საყვარელი ეტაპი ნაკეთობის დასრულებაა, როცა პირველ ეტაპზე ჩაფიქრებულის საბოლოო შედეგს ვხედავ.

რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს პროფესიონალი იუველირი ?

როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიონალს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს თავისი საქმე და სულ უნდა ცდილობდეს, საკუთარი პროფესიონალური დონის ამაღლებას და სიახლეების შესწავლას, ანუ როგორც იტყვიან, „სწავლა სიკვდილამდე“.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი