დადიანების მუზეუმის დირექტორი: ვერ გავიგე, რა საშიშროებას ხედავს მეუფე

დადიანების მუზეუმის დირექტორი: ვერ გავიგე, რა საშიშროებას ხედავს მეუფე

დადიანების მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ვერ ხედავს აუცილებლობას, დამატებით შეიქმნას კომისია ზუგდიდის მუზეუმებში დაცული საეკლესიო ნივთების აღსაწერად, რის შესახებაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ კვართის საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა. მიტროპოლიტმა მაშინ დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ აღდგება ძველი ტრადიცია, როცა სიწმინდეებს, საეკლესიო ნივთებს სპეციალურ კიდობანში ათავსებდნენ, ორი პლომბით ლუქავდნენ და ერთი გასაღები სახელმწიფოს, მეორე კი ეკლესიას ეკუთვნოდა.

ლილი ბერაია მიტროპოლიტის ინიციატივით გაკვირვებულია. მისივე განმარტებით, მუზეუმი საპატრიარქოს არ ექვემდებარება, არამედ ის სახელმწიფო დაწესებულებაა და კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. შესაბამისად, დირექტივებს და მითითებებს სწორედ მათგან იღებენ.

"რაც შეეხება გასაღებებზე რომ მიდგა საქმე, ეს მეუფე გერასიმემ კი არ უნდა გადაწყვიტოს და კიდევ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ამას გადაწყვეტს თუ საჭირო იქნება კულტურის სამინისტრო. ვერ გავიგე, რა საშიშროებას ხედავს მეუფე, რომ შეიქმნას ეს ორი გასაღები. მთელს საქართველოში არცერთ მუზეუმში არ არის მსგავსი რამ. მე მაგალითად, შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ეს არის უნდობლობა ეპარქიის მხრიდან ჩვენს მიმართ", - განუცხადა ლილი ბერაიამ "ლაივპრესს".

მანვე აღნიშნა, რომ მუზეუმში უკვე მუშაობს კომისია, რომელიც ორი წლის წინ კულტურის სამინისტროს დავალებით შეიქმნა და რომლის მიზანიც დაცული კოლექციების შეჯერებაა. ის არ არის წინააღმდეგი კიდევ ერთის ამოქმედების, მაგრამ ამას "ღია კარის მტვრევად აფასებს". მუზეუმის დირექტორის თქმით, უკვე მესამე წელია ნივთებს დარგების - ჭედურობის, გამოყენებითი ხელოვნების, საარქივო დოკუმენტების მიხედვით ახარისხებენ. ამას გარდა, დადიანების მუზეუმმა არაერთხელ გაიარა კომისიური შემოწმება და შესაბამისი აქტებიც დაიდო:

"მე ანგარიში ხომ არ უნდა ჩამებარებინა მეუფისთვის, რა ხდება ჩვენთან? უმოქმედოდ არ ვსხედვართ. ადგილობრივი ხელისუფლება რა შუაშია, ესეც ვერ გავიგე. მიმართონ მაშინ კულტურის სამინისტროს და მაშინ მთელ საქართველოში დაიდოს ორი გასაღები. მე ისიც კი მაქვს აღნუსხული, რამდენი თვალი არის თითოეულ ხატზე დატანილი".

იხილეთ ვრცლად

livepress.ge