გიორგი სამანიშვილი: ”რთველი 2015” გამორჩეული იყო ბევრი თვალსაზრისით

გიორგი სამანიშვილი: ”რთველი 2015” გამორჩეული იყო ბევრი თვალსაზრისით

”რთველი 2015” ფინალურ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე უკვე დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 135 ათასი ტონა ყურძენი. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით დაიკრიფა და გადამუშავდა რქაწითელი - 72 ათასი ტონა და საფერავი - 44 ათასი ტონა. მოსავლის ნახევარზე მეტი 700 ტონამდე, უკვე დაიკრიფა რაჭაში და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჩაბარების პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ წლევანდელ მართველმა წარმატებით ჩაიარა და რეკორდული რაოდენობის ყურძნის გადამუშავება მოხდა.

გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: `კახეთში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია. მაქსიმუმ, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს ყურძნის კრეფა. რაც შეეხება რაჭას, მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე მოწეულია. მთლიანობაში ყურძნის რაოდენობა იყო გაცილებით მეტი, ვიდრე წინა წლებში და შარშანდელ მაღალ მაჩვენებელსაც კი გაუსწრო ღვინისთვის გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ. უკვე 135 ათასი ტონა ყურძენია ამ ეტაპზე გადამუშავებული, მაშინ როცა, გასულ წელს ყურძნის გადამუშავებამ 124 ათას ტონას მიაღწია. შესაბამისად, წლევანდელი რთველი მოსავლის მოცულობითაც უხვი იყო, ვიდრეშარშანდელი და მეტი ყურძნის გადამუშავება მოხდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყურძენი გაიყიდა ბაზრობებზე საქართველოს დიდ ქალაქებში. სხვათა შორის, ხარისხის თვალსაზრისითაც 2015 წლის მოსავალი გამორჩეული იყო წინა წლებთან შედარებით.

- კიდევ რით იყო გამორჩეული წლევანდელი რთველი?

- წლევანდელი რთველი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ყურძენი ცოტა უფრო გვიან შევიდა სიმწიფეში ამინდებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყურძნის კრეფა გვიან დაიწყო, ასევე იყო გარკვეული უკმაყოფილება ფასთან დაკავშირებით. ზოგადად, რთველი ყოველთვის ასე იწყება - მყიდველები და გამყიდველები ერთმანეთში ყურძნის ფასს ათანხმებენ. ამას ისიც დაემატა, რომ უხვი მოსავლის მოლოდინი არსებობდა, ხოლო მოთხოვნა შემცირებული იყო და შესაბამისად იყო მოლოდინი, რომ ფასი არ იქნებოდა ისეთი მაღალი, როგორც წინა წლებში. ამან მცირე დაძაბულობა გამოიწვია კახეთში, თუმცა ყველაფერი სწრაფად გაირკვა და მთავარი პრობლემა, რომ ყურძენი გადაუმუშავებელი არ დარჩებოდა, დღის წესრიგიდან მოიხსნა. სახელმწიფო საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. ყურძნის თითქმის მესამედი ბაზრისთვის ფაქტობრივად ჭარბი აღმოჩნდა და ის სახელმწიფომ გადაამუშავა.

- შეგვიძლია თუ არა ამ ეტაპზე ვთქვათ, რომ კახეთში დაუკრეფავი და გადაუმუშავებელი ყურძენი არ დარჩა?

- მოსავალი მთლიანად დაიკრიფა და მიმდინარეობს მისი გადამუშავება. სხვათა შორის, ყურძნის ფასი კერძო სექტორში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ეს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული. საკმაოდ კარგად გაიყიდა ყურძენი დიდ ქალაქებში, სადაც საგანგებოდ ამისთვის ბაზრობები იყო მოწყობილი.

- რთველის საორგანიზაციო შტაბის მუშაობას როგორ შეაფასებდით?

- რთველის საორგანიზაციო შტაბი დაახლოებით აგვისტოს ბოლოს გაიხსნა და მუშაობდა როგორც თელავში, ასევე გურჯაანში. შტაბის ძირითადი ფუნქციაა ზუსტად აღწეროს ყურძნის გადამუშავება, რაც საკმაოდ კარგად მოახერხა. ციფრულად გვაქვს აღრიცხული, რეალურ დროში, ყოველი კილოგრამის ჩაბარება-გაყიდვა. ამასთან, შტაბის წევრები გადიოდნენ მოსახლეობასთან და აწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და როგორ ხდებაყურძნის ჩაბარება, სად რა ფასებია და ა.შ.

როგორც უკვე გითხარით, წელს რთველი გვიან დაიწყო და ფაქტობრივად 30 დღეში მოხდა რეკორდული რაოდენობის ყურძნის გადამუშავება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რთველი საკმაოდ ორგნიზებულად მიმდინარეობდა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის განმავლობაში, ყურძნის დღიურმა გადამუშავებამ 7 ათას ტონას გადააჭარბა. ბოლო 20 წელია, დღე-ღამის განმავლობაში ასეთი მოცულობის ყურძნის გადამუშავება არ მომხდარა. ესეც კარგი ორგანიზებულობის და კარგად დაგეგმილი კრეფის დამსახურებაა.

- რაჭაში როგორი მოსავალია წელს და ყურძნის ჩასაბარებელი ფასით რამდენად კმაყოფილი არიან მევენახეები?

- რაჭაშიც წელს შარშანდელთან შედარებით უხვი და ხარისხიანი მოსავალია. მოთხოვნა ყურძენზე აქაც შემცირებულია და შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად, ვიდრე კახეთში. ჩვენ მიერ წინასწარ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რაჭაში 1 კილოგრამი ყურძნის საშუალო ფასი 2-3 ლარი იქნებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ჩაერთო რთველის მიმდინარეობაში და რაჭაში შეისყიდის სახელმწიფო ყურძენს, ამიტომ კილოგრამი ალექსანდროული და მუჯურეთულის ფასი, რომლისგანაც მზადდება ღვინო "ხვანჭკარა", 5 ლარამდე გაიზარდა.

- რთველის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მთავარი საზრუნავი ალბათ ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიება იქნება?

- ღვინის კომპანიებთან და ასოციაციებთან ერთად, ვაგრძელებთ იმ მარკეტინგულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა და ერთობლივად შევიმუშავეთ. ამ გეგმის ძირითადი მიმართულებებია ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს ტრადიციულ, მაგრამ არასტაბილურ ბაზრებზე. მონაწილეობას მივიღებთ ყველა მნიშვნელოვან გამოფენაში. რა თქმა უნდა გვექნება გარკვეული აქტივობები ჩვენს სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთი და 2016 წლიდან აქტივობები დაემატება ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და იაპონიაში.

ემა ტუხიაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი