კახეთში რთველი დასასრულს უახლოვდება და ყურძნის კრეფა რაჭაში იწყება

კახეთში რთველი დასასრულს უახლოვდება და ყურძნის კრეფა რაჭაში იწყება

რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, ხოლო ყურძნის რეალიზაციისგან მიღებულმა შემოსავალმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა. კახეთის შემდეგ ყურძნის კრეფა რაჭაში დაიწყება.

რთველი წელს ბარაქიანი გამოდგა, თუმცა ღვინის დაყენების შემდეგ მეღვინეებისა და სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი ქართული ღვინისთვის სარეალიზაციო ბაზრების გაფართოება იქნება. საინტერესოა, რომ 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ღვინო მსოფლიოს 33 ქვეყანაში გავიდა. მართალია, არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, ორ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა ექსპორტი გაიზარდა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი, იაპონია, ლატვია, ესტონეთი, გერმანია, კანადა, აშშ, ყაზახეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰონკონგი და სხვა.

ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: `რთველი კახეთში ბოლო ფაზაში გადადის. 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია ამ ეტაპზე გადამუშავებული. დაახლოებით ათი დღის განმავლობაში კახეთში ყოველდღიურად რეკორდული მოცულობის _ 7-8 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება ხდებოდა, რაც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, მოწესრიგებული იყო რიგები ყურძნის გადამამუშავებელ ქარხნებთან და ჩაბარების პროცესში შეფერხებები არ ყოფილა. ამავე დროს, ჩვენ დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები რაჭაში. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გვქონდა შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოვინახულეთ ადგილობრივი საწარმოები, გვაქვს კომუნიკაცია სხვა ღვინის კომპანიებთან, რომლებიც აპირებენ რაჭაში ყურძნის მიღებას.

_ პრობლემები, რომელიც კახეთში ყურძნის ფასთან დაკავშირებით არსებობდა, ამ ეტაპზე აღმოფხვრილია?

_ ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივი კომუნიკაცია მაქვს მევენახეებთან. მინისტრი ხშირად სტუმრობს რეგიონს და ჩვენ გვიწევს საწარმოების მონახულება, ვხვდებით მევენახეებს. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორად მოხდა მევენახეებთან კომუნიკაცია და ახსნა იმ ვითარების, რომელიც რეალურად არსებობს. მესმის, რომ ძალიან რთულია, როცა დაბალია ფასი, მაგრამ სწორმა კომუნიკაციამ შედეგი გამოიღო. მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება დღეს ბაზარზე, რომ მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს ფასს და ფასი ვერ იქნება ხელოვნური. ამავე დროს ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ მოთხოვნის შემცირების საფუძველზე შემცირდა ყურძნის ფასი. ამავე დროს აღინიშნა, რომ სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირებით გარკვეულწილად მოახდინა ყურძნის სარეალიზაციო ფასის კომპენსირება და ამით მევენახეების შემოსავლების კომპენსირებაც მოხდა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით პრობლემები ნამდვილად არ არის. პირიქით, ზოგ შემთხვევაში, გაზრდილი მოსავლის გამო, რიგი მევენახეების შემოსავალი მიუხედავად დაბალი ფასისა, შარშანდელთან შედარებით 20-30%-ით არის გაზრდილი.

_ მოსავლის ნაწილს სახელმწიფო იბარებს და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ეტაპზე რა მოცულობის ყურძენია გადამუშავებული იმ საწარმოების მიერ, რომელიც სახელმწიფომ რთველისთვის დაიქირავა?

_ სახელმწიფოს უწევს არა მხოლოდ დაზიანებული ან დასეტყვილი ყურძნის მიღება, არამედ, სამწუხაროდ, გვიწევს ჭარბი მოსავლის მიღებაც. იმას, რასაც კერძო სექტორი არ ყიდულობს, ჩვენ გარანტირებულად მაინც ვიბარებთ და ხდება მისი გადამუშავება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ საწარმოებში. რთველის დასრულების შემდეგ უკეთ გამოჩნდება იმ ყურძნის მოცულობა, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით გადამუშავდა, თუმცა ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ეს საერთო მოსავლის დაახლოებით 25-30%-ია.

_ სახელმწიფომ მეღვინეების მისამართით მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ ის არ შევა კერძო სექტორთან კონკურენციაში და გადამუშავებული ყურძნისგან არ აწარმოებს ღვინოს. საინტერესოა, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს მის წილად გადამუშავებულ ყურძენთან დაკავშირებით?

_ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ ქვეყანაში ხარისხიანი ღვინის წარმოება მოხდეს, რადგან ქართული ღვინის რეპუტაცია არის ის, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ. ბუნებრივია, ჩვენ მიერ დაქირავებულ ყველა ქარხანაში ხარისხიანი ყურძნის გადამუშავება ვერ მოხდება. შესაბამისად, იქ, სადაც ხარისხიანი ყურძნის გადამუშავება მოხდა, მისგან დამზადდება ღვინომასალა, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში, წლის განმავლობაში კომპანიები შეისყიდიან. სხვა შემთხვევაში მოხდება საბრენდე სპირტის წარმოება. გარდა ამისა, ჩვენ ვამზადებთ ყურძნის კონცენტრირებულ ტკბილს, რომელიც ასევე გამოიყენება მეღვინეობაში, მაგალითად, ზოგი ნახევრად ტკბილი ღვინისთვის სიტკბოს მოსამატებლად.

_ რაც შეეხება რთველს რაჭაში, ამ შემთხვევაში ყურძნის ისეთ ჯიშებთან გვაქვს საქმე, რომლის სუბსიდირება საჭიროებას არ წარმოადგენს?

_ ბოლო წლების განმავლობაში, რაჭაში იმ ყურძნის ჯიშების ფასი, რომლისგანაც `ხვანჭკარა~ მზადდება, საკმაოდ მაღალი იყო. ცნობილი მიზეზების გამო, წელს რაჭაში ყურძენზე ფასი შარშანდელთან შედარებით შემცირდება, თუმცა არა იმდენად, რომ სუბსიდირებას საჭიროებდეს, რადგან მისი ფასი თვითღირებულებას მაინც რამდენჯერმე აღემატება. შესაბამისად, ჩვენ სუბსიდირებაში ვერ შევალთ და კერძო სექტორი მოახდენს ფასის ფორმირებას. ჩვენი ამოცანაა, რომ მოვახდინო სწორი აღრიცხვა ყურძნის ჯიშების, რომელიც `ხვანჭკარას~ წარმოებისთვის გამოიყენება. დანარჩენზე მევენახეები და მწარმოებლები თავად შეთანხმდებიან. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ დარჩა მოსავლის გარკვეული ნაწილი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ აბინავებს, დავეხმარებით მევენახეებს რომ დაუბინავებელი მოსავალი, არ დარჩეს.

_ ერთია წარმატებით წარმართო რთველი, მეორეა _ ყურძნისგან დამზადებული მოსავალი კარგად გაყიდო, მით უფრო, იმ ფონზე, როცა გასულ წელს ორ მსხვილ საექსპორტო ბაზარზე _ რუსეთსა და უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. რა მიმართულებით გაგრძელდება სახელმწიფო პოლიტიკა ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოპოვების თვალსაზრისით?

_ ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ჩვენ ვინარჩუნებთ აღებულ გეზსა და ტემპს. ჩვენ გავასამმაგეთ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი. დაქირავებული გვყავს მარკეტინგული კომპანიები ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მთელ რიგ ქვეყნებში. შერჩეულია ბაზრები, გაკეთდა კვლევები და რეგულარული ღონისძიებები მიმდინარეობს. მომავალი წლისთვის, იმ ქვეყნებში, სადაც ორი-სამი წლის წინ დავიწყეთ აქტივობა, კონკრეტულ შედეგებს ველოდებით, რაც ღვინის გაყიდვებზე უნდა აისახოს. თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას, იმ ქვეყნებში, სადაც აქტივობებს ვაწარმოებთ, ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიუჯეტი ვერ ეყოფა ყველა იმ ქვეყანას, სადაც ქართული ღვინო იყიდება, მაგრამ ძირითად და პერსპექტიულ ბაზრებზე ჩვენ ეს რეგულარული ღონისძიებები შენარჩუნებული გვექნება. პირველ რიგში ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ჩინეთი, აღმოსავლეთი ევროპა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები. რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, აქ ქართული ღვინის ცნობადობა საკმაოდ მაღალია. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს ამ ქვეყნებში მარკეტინგული კამპანიის წარმოებისთვის, მაგრამ გარკვეულწილად მაინც დაეხმარება ღვინის მწარმოებლებს, რადგან მაინც საჭიროა მარკეტინგული აქტივობა იმისთვის, რომ ეს ცნობადობა შენარჩუნდეს, იმიჯი და რეპუტაცია გადახალისდეს, რათა შევინარჩუნოთ ან გავზარდოთ ქართული ღვინის წილი ამ ბაზრებზე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი