"ეს ხალხი, როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს საზრუნავია, რადგან ისინი არიან ბიუჯეტში თანხის შემომტანები და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ"

"ეს ხალხი, როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს საზრუნავია, რადგან ისინი არიან ბიუჯეტში თანხის შემომტანები და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ"

საქართველოში ბიზნესი დაცული თითქოს არასოდეს არის... ჯერ იყო და, ეს სფერო კორუფციის ჭაობში იხრჩობოდა, ამას მრავალწლიანი რეკეტი მოყვა და თითქოს ახლა ვითარება უნდა დალაგებულიყო, რომ დოლარის გამყარებამ მსოფლიო ბაზარზე, ეროვნული ვალუტის დევალვაცია გამოიწვია, რამაც კიდევ ერთხელ დააზარალა ბიზნესი. ადგილობრივი ბიზნესმენები ყველანაირად ცდილობენ შექმნილი სირთულეების დაძლევას და ერთ-ერთ გამოსავლად მიაჩნიათ ის, რომ საბანკო ვალდებულებები აღარ გაიცემოდეს უცხოურ ვალუტაში.

როდესაც კრედიტი უცხოურ ვალუტაში გაიცემა, ბიზნესი პირდაპირაა დაკავშირებული მსოფლიო რყევებზე და ეს ნაკლებსახარბიელო ფონს ქმნის, - განმარტავს "ლილო მოლის" პრეზიდენტი ლევან გაგუა და იმ პერიოდს იხსენებს, როცა ბიზნესი მართლაც ღაფავდა სულს საქართველოში: "წლების წინ ბიზნესი წნეხის ქვეშ იყო. რაც მეტი ქონება გქონდა, მით მეტად გაფასებდნენ პროკურატურაში და აქედან გამომდინარე, ბიზნესის გაფართოების სურვილი არავის გააჩნდა. ახლა ვითარება კარდინალურად შეცვლილია და ჩვენც გარკვეული ინვესტიციების განხორციელება გადავწყვიტეთ, თუმცა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ რიგი პრობლემები წარმოშვა".

ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - ბიზნესმენებს სესხი გაუძვირდათ, დოლარის კურსის გამყარებამ ფასების მატებაც განაპირობა და ერთგვარ ჩაკეტილ წრეში აღმოვჩნდით. რაც ყველაზე უკეთ, სწორედ "ლილო მოლში" ჩანს, რადგან ეს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრია, სადაც მეწარმეები მთელი კავკასიიდან იყრიან თავს და ლოკალური თუ გლობალური პრობლემებიც ხელისგულზე ჩანს.

"ლილო მოლი" ერთგვარი პულსია იმის გასარკვევად, თუ რა ხდება საზოგადოებაში. ფაქტობრივად, ესაა ქალაქი ქალაქში, სადაც სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან... იყრიან თავს მეწარმეები და აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცით ერთი რამ - დღეს საკმაოდ რთულ ვითარებაში ვართ. გაძვირდა იმპროტირებული საქონელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეებმა დიდი მოგება ნახეს, სამაგიეროდ შემცირდა პროდუქციის რეალიზაცია - მომხმარებელმა იკლო, რაც ბიზნესზე უარყოფითად აისახება", - აცხადებს ლევან გაგუა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ასეთი ფონისა, "ლილო მოლი" მოწინავე პოზიციებს მაინც არ თმობს და არც კონკურენტუნარიანი ბაზრის წინაშე იხევს უკან. რა არის მათი წარმატების საიდუმლო? - მომხმარებელსა და დასაქმებულ მეიჯარეებზე ორიენტირებული გარემო და ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ამ ბრენდმოლის ბეგრაუნდს.

იგი 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა რგოლმაც და დასაქმებულმა ადამიანებმაც ერთად გამოიარეს იმდროინდელი უკანონო ბანდფორმირებების თარეშიც, "ქვედა ეშელონებისა" თუ ელიტური კორუფციაც, ვალუტების ცვლაცა და მათი ინფლაციაც, მაგრამ მათ არასოდეს გადაუხვევიათ იმ პრინციპისთვის, რასაც ბიზნესის ეთიკური ნორმები ჰქვია, - "სტუდენტი ვიყავი, ჩემმა ძმამ ამ საქმეში დახმარება რომ მთხოვა. სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ ბიზნესის კეთება იცის, მაგრამ აქ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არსებობს ეთიკური ნორმები, დაუწერელი კანონები, რისი გადახვევაც არაფრით შეიძლება. და ტყუილია, რომ ამბობენ, ბიზნესში მეგობრობა საქმეს აფუჭებსო - ბიზნესში არსებობენ მეგობრები, ხოლო ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, რაც უნდა მოხდეს, ისინი მეგობრებად რჩებიან... ხომ გაგიგიათ - "არაფერი პირადული, ეს მხოლოდ ბიზნესია" - ეს მაშინ ხდება, როცა ორივე მხარემ იცის, რომ არანაირი ნორმა არ დარღვეულა. ბევრჯერ შევმცდარვარ, ბიზნესში ხომ 100-პროცენტიანი გამართლება არ არსებობს, მაგრამ ეთიკური ნორმებისთვის არასოდეს გადამიხვევია", - ამბობს ლევან გაგუა და ეს არცაა გასაკვირი, რაც უნდა იყოს, შიშველი ხელებით დაწყებული საქმე არასოდეს მოგცემს საშუალებას დაივიწყო, რა გზა განვლე იქამდე, სანამ წარმატებული გახდებოდი. ალბათ სწორედ ესაა კიდევ ერთი მიზეზი მათი წარმატებისა, მათ არასოდეს დაავიწყდებათ, ზუსტად 25 წლის წინ, ოთხმა პედაგოგმა აუთვისებელი, ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია იმისთვის რომ გამოიყენა, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები დაესაქმებინა. მათ დამოკიდებულება დღემდე არ შეუცვლიათ. ცდილობენ, ყველა სიახლე ისე დანერგონ, "ლილო მოლში" დასაქმებული ადამიანების ინტერესები არ შეილახოს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო, აცხადებს ლევა გაგუა და დასძენს: "ჩვენი ორგანიზაციის შინაარსი და ისტორია განსხვავებულია, მიდგომაც და ხასიათიც ინდივიდუალური აქვს. უნდა ვეცადოთ, მეწარმეებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. სწორედ ეს ხალხია საზრუნავი, როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ისინი არიან ბიუჯეტში თანხის შემომტანები, გადამხდელები და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ".

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი