29 ოქტომბერს, მხოლოდ ერთი დღით, თავგადასავალი, რომელიც IMAX-ის ბუმბერაზ ეკრანზე უნდა ნახო და შეიგრძნო! ორიგინალური ქართული დრამის "ტიფლისის" პირველი და მეორე სერიის ჩვენება სავაჭრო ქალაქ "ისთ ფოინთში" ახლად გახსნილ "კავეა აიმაქსის" გიგანტურ ეკრანზე გაიმართება. "სამეფო კარის თამაშების" შემდეგ, მთელს მსოფლიოში, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სერიალის ჩვენება კინოთეატრში იმართება. შემქმნელები გვპირდებიან, რომ "ტიფლისის" მეორე სეზონი გაცილებით დახვეწილი და ღრმა იქნება.ორიგინალური ქართული დრამის, მხოლოდ პირველ სერიას, ინტერნეტ-სივრცეში ნახევარი მილიონი ნახვა ჰქონდა,რაც ქართული ბაზრისთვის ძალიან დიდი რიცხვია. ჩვენ " ტიფლისის" მეორე სეზონის შესახებ რეჟისორსა და სცენარისტს ივა ფეზუაშვილს გავესაუბრეთ.
"ტიფლისის" პირველი სეზონის თავადები თავისი ისტორიებით რჩებიან მეორე სეზონში , თუ მხოლოდ ერთი ხაზი გაგრძელდება, ციმბირის?
ისტორიები რჩება და გრძელდება, თუმცა ჩვენ გავზარდეთ მასშტაბი, გმირები კი ახალ ძალებს იკრებენ, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს. ცდილობენ გაათავისუფლონ თავიანთი ქვეყანა იმ ძალებისგან, ვინც მაშინდელ სამყაროს მართავდა. მართლა ძალიან ბევრი საინტერესო პერსონაჟი შემოდის, ციმბირის თემასაც შემოაქვს ახალი ხაზი. ეს თემა ქართველებისათვის კარგად ნაცნობია. ეს კიდევ ერთი მიზეზია რატომაც უნდა უყუროს ტიფლისის ერთგულმა მაყურებელმა ახალ სეზონს და იმედი გვაქვს, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
და მაინც, რატომ უნდა ვუყუროთ "ტიფლისი 2"-ს და განსაკუთრებით კინოთეატრში?
ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს სერიალი ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ და მნიშვნელოვან პერიოდს ასახავს. რეალურად, სწორედ ამ დროს გადაწყდა საქართველოს ბედი. ჩვენი ენის, დამწერლობის მომავალი. ის, თუ სკოლებში რა ენაზე ვისწავლიდით - ქართულად თუ რუსულად. რა ენაზე ვისწავლიდით ჩვენს ისტორიას და ა.შ. და კიდევ, ამ სერიალს უნდა უყუროთ მისი დასასრულის გამოც. "ტიფლისი 2" საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბის დასაწყისით სრულდება. ეს იუნკერების ამბავია. დიახ, "ტიფლისი 2"-ში ისინიც გამოჩნდებიან. კინოთეატრში მისი პირველი და მეორე სერიის ნახვის შესაძლებლობა,სხვა მრავალ პოზიტივთან ერთად, ეს არის საუკეთესო შანსი "ტიფლისის" ყველა თაყვანისმცემლისთვის და ასევე ყველა კინომანისთვის, რომ სრულყოფილად შეიგრძნოს ხარისხი.
R