ცნობილ ადამიანებს ერთმანეთთან ნათელ-მირონობა აკავშირებთ. ვინ ვისი ნათლიაა, ამის შესახებ AMBEBI.GE გიამბობთ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ვაჟის ერთ-ერთი ნათლია, ხვიჩა კვარაცხელიაა.

“ქართული ოცნების" დეპუტატმა, კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ უმცროსი ვაჟი - სანი სანიკიძე რამდენიმე თვის წინ მონათლა. სანის ნათლიები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი არიან.

ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუას შვილის ნათლიებს შორის იყო გორის ქალთა კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილისა და მისი მეუღლის, ექიმ თათია ერქვანიძის შვილი სულ რამდენიმე კვირის წინ მოინათლა. პატარა კესანეს ნათლიები ოჯახის ახლო მეგობრები – მომღერალი ლელა წურწუმია და ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა არიან.

მომღერლები თიკა ჯამბურია და ნინი ქარსელაძე, ასევე რეჟისორი დავით დოიაშვილი ლელა წურწუმიას და მამულიჩას ქალიშვილის, მარიკოს ნათლიები არიან. თიკამ და ნინიმ პატარა მარიკო რამდენიმე წლის წინ მონათლეს, მაშინ თავადაც ბავშვები იყვნენ. თავის მხრივ ნინი ქარსელაძის ნათლია მომღერალი ლიზა ბაგრატიონია.
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ნათლიები თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა არიან. როგორც ნინი ამბობს, რაც დედა, ეკა კახიანი ახსოვს, იმ დროიდან ახსოვს თამრიკო და მაია, რომლებიც მისი მეორე დედები არიან. როგორც ნინიმ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, სიმღერის გარდა თამრიკო ჭოხონელიძისგან მას ტრავმებიც დაენათლა, რადგან ხშირად იღებს სხვადასხვა სახის ტრავმებს და ტრავმატოლოგიურში ნაცნობი სახეა.

ცნობილი ნათლიები ჰყავს ნინის ქალიშვილს, ელენე კუტალაძეს. მისი ნათლიები ქრისტინე იმედაძე, ქეთა თოფურია, სალომე გოგიაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე არიან.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას ნათლიაა. ბერა მომღერალმა პატარა ასაკში მონათლა. როგორც თავად ამბობს, ბოლო დროს საკუთარ ნათლულთან ხშირი ურთიერთობა აღარ აქვს.
თავად რეპერ ბერა ივანიშვილს რამდენიმე ნათლული ჰყავს, მისი ნათლულები არიან კახი კალაძის უფროსი ვაჟი ლევანიკო და ირაკლი ღარიბაშვილის მესამე ვაჟი გაბრიელი. პატარა ლევანიკო 2011 წელს გაქრისტიანდა, პრემიერ-მინისტრის ვაჟი კი 2015 წლის აგვისტოში მოინათლა. ბერა ივანიშვილის ნათლულია ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის უმცროსი ქალიშვილი ანასტასია კაკაბაძეც.
ბერა ივანიშვილის ვაჟის ბერუკას ნათლიები კი პატრიარქი ილია მეორე და რეპერი ამიკო ჯანელიძე არიან.

პიანისტ თათია შარანგიას მესამე ვაჟი ენდრიუ-ალესანდრო შელია ყოფილი პრემიერის და ამჟამად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა მონათლა.

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთია ოთხი ნათლიიდან, რომლებმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ქალიშვილი ანიტა მონათლეს.

ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ქალიშვილს ლილეს რამდენიმე ცნობილი ნათლია ჰყავს, მათ შორის დედის და მამის მეგობრები - ტელეწამყვანები ნინო ხოშტარია და თიკა ფაცაცია, "მოამბის" წამყვანი მარიამ ვაშაძე, ასევე მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე.

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი დუტა სხირტლაძის ქალიშვილის, სოფოს ნათლიაა. ეკას კიდევ ერთი ნათლული მსახიობი თამუნა ბუხნიკაშვილია. ეკას სულ ოთხი ნათლული ჰყავს და ნათლისღების დღესასწაულზე ხშირად მასპინძლობს მათ.
მსახიობი კოტე თოლორდავა, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა, მსახიობ ლევან ყოჩიშვილის ვაჟის ნათლია იყო. ლევანი და კოტე უნივერსიტეტიდან მეგობრობდნენ და ბოლოს დანათესავდნენ კიდეც. ერთად თამაშობდნენ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".