სკანდალი ბათუმის VI საბავშვო ბაღში - ძიძა 4 წლის მოზარდზე ძალადობაში ამხილეს

სკანდალი ბათუმის VI საბავშვო ბაღში - ძიძა 4 წლის მოზარდზე ძალადობაში ამხილეს

ბათუმის მეექვსე საბავშვო ბაღში ინცინდენტი მოხდა. 4 წლის გოგონას შეურაცხმყოფელი სიტყვებით ძიძამ ქეთევან ტერენაძემ იმ დროს მიმართა, როცა ბავშვი აბაზანაში დასაბანად შეიყვანა. "თმას არ შეგატოვებ თავზე, საზიზღარო... მოეთრიე აგერ, არ დასრიალდე და არ გადამრიო... დედა როგორ წეიქცა ეს სასიკვდილე... სიკვდილი და გადაშენება შენი პატრონის... ბინძურო შენ, ხმა არ გავიგონო შენი", - აღნიშნული ფრაზების ვიდეო-აუდიო ჩანაწერი ამავე ბაღის ერთ-ერთ აღმზრდელს ნათია ცინცაძეს ტელეფონით აქვს დაფიქსირებული. ის ამტკიცებს, რომ ძიძამ მოზარდს დაბანის დროს რამდეჯერმე "შემოულაწუნა" კიდეც. ნათია ცინცაძის კამერას ასევე, დაფიქსირებული ჰყავს მოზარდი გოგონა სრულიად შიშველ მდგომარეობაში როცა ჯგუფში ბავშვების გარემოცვაში დგას.

მოზარდის შეურაცხყოფისთვის ქეთევან ტერენაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ბაღის აღსაზრდელების მშობლები ძიძას დადებითად ახასიათებენ, ნათია ცინცაძის მიმართ კი პრეტენზიები აქვთ და ვიდეოს გადაღების გამო საყვედურობენ. დღეს საბავშვო ბაღში დაპირისპირებაც იყო. მეექვსე ბაღის გამგემ გურანდა გობაძემ კადრების ავტორს ბაღის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი, კადრების ავტორმა კი გამგეს არაკომპეტენტური მმართველი უწოდა და საბავშვო ბაღის დატოვებისკენ მოუწოდა. ბათუმის ბაღების გაერთიანების თავმჯდომარე ნატალია ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აღმზრდელი დედის სამსახურიდან გათავისუფლების გამო (ამავე ბაღის ყოფილი გამგე, რომელიც ვიდეოს ავტორის დედაა, თანამდებობიდან სამსახურეობრივი გულგრილობის გამო გაათავისუფლეს) "შურისძიებას" ცდილობს. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი კომენტარს არ აკეთებს და ამ დრომდე სიტუაციაში გარკვევას ცდილობს. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები, საქმეში მონაწილე პირების გამოკითხვები დაიწყო.

ამ ამბის მთავარმა საკითხმა, ძიძის მიერ მოზარდისადმი შეურაცხყოფის ფაქტმა მეორე პლანზე გადაიწია, ბაღის უფროსების და უმცროსების კამათი კი დაპირისპირებაში გადაიზარდა. გათავისუფლებული ძიძა ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს. "ამბები.გე" გთავაზობთ ბაღის თანამშრომლების კომენტარებს, დასკვნის გამოტანა კი მკითხველისთვის მიგვინდია:

ნათია ცინცაძე - აღმზრდელი (კადრების ავტორი):

მეუბნებიან, რომ მშობლებისთვის არ უნდა მეთქვა ვიდეოს შესახებ. მე თამამად ვიტყვი, რომ ვარ მასწავლებელი და ვარ დედა, ფაქტი რომ დამემალა მაშინ ვიქნებოდი დამნაშავე. ვიდეოს გადაღების შემდეგ შევედი გამგეს მოვალეობის შემსრულებელთან გურანდა გობაძესთან და ვაჩვენე მასალა. მითხრა, რომ იყო გაოგნებული, თუმცა უნდა გავჩუმებულიყავი. არასპეციალისტია, ბავშვთან შეხება არ ჰქონია არასდროს, არ იცის მსგავსი საკითხები როგორ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენს ბაღში მას მხარს მხოლოდ მის მიერ დანიშნული 5-6 თანამშრომელი უჭერს. შემდეგ მივმართე ბაღების გაერთიანების დირექტორს ნატალია ზაქარეიშვილს. მან კი მითხრა, რომ ვიდეოზე ინცინდენტი არ იყო, იქ იყო ყვირილი. ქალბატონ ნატალიას არ ჰქონდა უფლება გაეიოლებინა სიტუაცია. ამიტომ, გადავწყვიტე პირდაპირ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან წავსულიყავი და მეთხოვა შველა. ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომ შენ დედა არ ხარ? ძიძას რატომ არ მოქაჩე თმაშიო, ემოცია ვერ დამალა. ძიძა გაათავისუფლეს, მაგრამ მე მთხოვენ პასუხს, თუ რატომ გადავიღე ვიდეო, არ გამოვრიცხავ, ჩემს გათავისუფლებას ცდილობდნენ. რაც შეეხება დედაჩემს, 6 თვის წინ უკანონოდ, სამსახურეობრივი გულგრილობის გამო გაუშვეს", - აღნიშნა ნათია ცინცაძემ.

გურანდა გობაძე - მეექვსე ბაღის გამგეს მოვალეობის შემსრულებელი:

კადრები მეორე ჯგუფის აღმზრდელმა ქალბატონმა ნათია ცინცაძემ გადაიღო, შემდეგ კი ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს. როგორც კი შემოვედი ბაღში, მშობლებისგან წამოვიდა აგრესია. ვიდეო საკმაოდ მძიმე სანახავია, ცემის ფაქტი არ არის დაფიქსირებული, მაგრამ არის შეურაცხმყოფელი სიტყვები. ასევე ვფიქრობ, რომ ხომ არ არის ეს სცენა დადგმული, იმიტომ, რომ აღმზრდელი სამი წუთის განმავლობაში იღებდა ვიდეოს, ანუ იმ წუთას არ მოვიდა და არ გამაგებინა ამბავი. ან ბავშვი აეყვანა ხელში, ან გადაეღო ერთი წუთი და მერე უმალვე მიეღო ზომები. ვვარაუდობ ამას იმიტომ, რომ საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე, რომელიც სასამართლოს გზით გაათავისუფლეს, არის ნათია ცინცაძის დედა და შესაბამისად, მის ინტერესებში შედიოდა ბაღის და პირადად ჩემი დისკრედიტაცია. ბაღში თანამშრომლებს შორისაც არის დაპირისპირება. მშობლებს გამოვკითხე და ძიძა, ქალბატონი ქეთევანი დადებითად დაახასიათეს. ბაღების გაერთიანებას მივმართე მოხსენებითი ბარათით, აღვწერე ფაქტი და ველოდებით სანქციებს.

ნატალია ზაქარეიშვილი - ბაღების გაერთიანების დირექტორი:

ბაღში მოხდა ინცინდენტი. საბავშვო ბაღის გამგე, უფროსი აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე და მუსიკის მასწავლეებლი მოხსენებითი ბარათით განმარტავენ სიტიუაციას. ძიძამ განაცხადა, რომ იმ დღეს იყო ძალიან გაღიზიანებული, მან აღიარა თავისი დანაშაული, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე ვერ დარჩებოდა, ძიძა დაისაჯა და გათავისუფლებულია სამსახურიდან. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ ბაღში და სხვათაშორის, მშობლები დადებითად ახასიათებდა. ვიდეო გადაღებულია ამავე ბაღის აღმზრდელის ნათია ცინძაძის მიერ, ეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვიდეო მაქვს ნანახი და ძალიან შემაძრწუნებელია. უხეში სიტყვებით მიმართავს ბავშვებს, მოვალ და დაგაწიწკნი თმებს და ასე შემდეგ, მიჭირს ამ სიტყვების გამეორება. ამავე დღეს, მოქმედმა გამგემ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ბაღში იყო დაძაბული სიტუაცია. რადმენიმე თვის წინ მოიხსნა ბაღის გამგე, რომელიც ნათია ცინცაძის დედა იყო და თანამშრომლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

ბათუმის მეექვსე ბაღში არსებული სიტუაციის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ბათუმის მერია ცდილობს. როგორც მერიის პრესსასმახურში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურები დადებენ დასკვნას, რის შემდეგაც გიორგი ერმაკოვი გააკეთებს განმარტებებს.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ბათუმი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია