თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, ხანძრის შენობის სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება მოხსნილია.
"დამწვარია კორპუსის პირველი სართული, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხდა და მისი სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. დაშავებულია ერთი პირი. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განმარტეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
რაც შეეხება იმას, გახდა თუ არა საჭირო კორპუსიდან ადგილობრივების ევაკუაცია, როგორც უწყებაში აღნიშნეს, "მსგავს სიტუაციებში ხანძრის ლოკალიზების პარალელურად ყოველთვის ხდება შენობიდან ხალხის გამოყვანა".
ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
ხანძრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება
ფოტოების წყარო: საშკა ანთელავა