რატომ უნდა დავიცვათ მარხვა და როგორ ვიმარხულოთ - ის, რაც მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს

რატომ უნდა დავიცვათ მარხვა და როგორ ვიმარხულოთ - ის, რაც მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს

ღვთის რწმენა და სიყვარული ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს, მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ არის ცხოველი, როდესაც მათი გამოვლინება საქმით ხდება. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ღმერთის ადამიანისადმი სიყვარულის საპასუხოდ, ამქვეყნიურ სიამეებს - საკვებს, გართობას, შვებას ცოტათი მოიკლებენ და თავშეკავებულნი იქნებიან. ეს არის მარხვა.

ამიტომ ადამიანი, ლოცვის მსგავსად, მარხვაშიც უნდა იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება, ამიტომ ეკლესიამ დააწესა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა - მარხვისა, რომლიც საწინდარია, იმისა, რომ ადამიანი ოდესმე ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას შეძლებს.

 

წელიწადში ოთხი ხანგრძლივი მარხვაა დაწესებული, რომელიც წინ ოთხ დიდ დღესასწაულს უძღვის:

* დიდი მარხვა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;

* საშობაო მარხვა - ქრისტეს შობის წინ;

* მარიამობის მარხვა - ღმრთისმშობლის მიძინების წინ;

* პეტრეპავლობის მარხვა - მოციქულთა თავთა - წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულის წინ.

* დიდი მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივია. იგი აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება;

* მარიამობის მარხვა ორკვირიანია და 14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე გრძელდება, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს - მის მიძინებას.

* პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია 9 დღიდან თვე-ნახევრამდე. იმიტომ, რომ მისი დასასრული უძრავია, დასაწყისი კი - მოძრავი და უკავშირდება სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც, აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული (აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს).

განსაკუთრებულ დღეებში ეკლესიამ ერთდღიანი მარხვები დაადგინა:

* ყოველი კვირის ოთხშაბათ-პარასკევი, რადგან ოთხშაბათს იუდამ იესო გასცა, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს;

* ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი;

* იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი;

* ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი.

მსგეფსი

წლის განმავლობაში არსებობს რამდენიმე კვირა ანუ შვიდეული, როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი არასამარხვო დღეებია, ანუ ხსნილი. ასეთ შვიდეულს მსგეფსი ჰქვია. წელიწადში სულ ხუთი მსგეფსია:

* შობიდან ნათლისღებამდე - 7 იანვარიდან - 17 იანვრამდე;

* მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - დიდი მარხვის დაწყების წინ მესამე კვირა;

* ყველიერის შვიდეული - დიდი მარხვის წინ ბოლო კვირა; ხსნილია ყველითა და კვერცხით;

* ბრწყინვალე შვიდეული - აღდგომის შემდეგი კვირა;

* სულთმოფენობის შვიდეული - სულთმოფენობის დღესასწაულის მომდევნო კვირა.

როგორ ვიმარხულოთ:

მარხვის დროს ადამიანმა არ უნდა მიიღოს გარკვეული სახის საკვები: ხორცეული (ცხოველი, ფრინველი), რძის ნაწარმი (რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი, კარაქი) და კვერცხი.

შეიძლება: პური, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და თაფლი.

ტრადიციულად არსებობს მარხვის შენახვის საყოველთაო წესები, რომელიც საერთოა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიისთვის, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებშიც შეიძლება იცვლებოდეს მარხვის სიმკაცრე გეოგრაფიული მდებარეობისა თუ კონკრეტული ვითარების მიხედვით (ძირითადად ეს ეხება თევზის მიღებას მარხვისას და მძიმე მარხვის შენახვას). არსებობს აგრეთვე ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციები (მაგალითად, ფერისცვალებამდე ერიდებიან ყურძნის და ზოგიერთი სხვა ხილის ჭამას).

რაც შეეხება თევზს, იგი საზოგადოდ სამარხვო პროდუქტად მიიჩნევა, მაგრამ მისი მიღება-არმიღების საკითხი მარხვის სიმკაცრეზეა დამოკიდებული. ასევეა ღვინოც. მიუხედავად მისი მცენარეული წარმოშობისა, იგი სახსნილო პროდუქტად მიიჩნევა და, თუ ხსნილში თრობა არ შეიძლება, მარხვაში მისი მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობითაა დასაშვები და ისიც - შაბათ-კვირას.

როცა მორწმუნეს მარხვის შენახვა არ შეუძლია

ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში, არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია.

მარხვის შენახვა არ არის სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისთვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ, ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისთვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არათუ სავალდებულო არ არის, მავნებელიცაა. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ხორცისგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მომზადებულია "წესი ქრისტიანის ცხოვრებისას" მიხედვით

დავით კოდუას საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 8 პაციენტი - განახლებული მონაცემები რეგიონების მიხედვით

რა შედეგით დასრულდა შეხვედრა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის?