გემს, რომელზეც 2.4 ტონა კოკაინი იპოვეს, ქართველი კაპიტანი ჰყავს - საფრანგეთის პოლიციამ უპრეცედენტო საქმე გახსნა

გემს, რომელზეც 2.4 ტონა კოკაინი იპოვეს, ქართველი კაპიტანი ჰყავს - საფრანგეთის პოლიციამ უპრეცედენტო საქმე გახსნა

საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვას დროშით მცურავი გემი "Carid Palm" (კარიბის პალმა) დააკავა, რომელზეც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის - 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების დაკავება უპრეცედენტო მოვლენაა საფრანგეთის ისტორიაში (იხილეთ კადრები გემიდან)

დაკავებულია გემის ეკიპაჟიც - 12 ადამიანი, რომლებიც ფრანგული მედიის ცნობით, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. დაკავებულია გემის კაპიტანიც, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ასევე ფრანგული მედიის ცნობით, გემი კოლუმბიიდან პოლონეთის პორტ გდანსკში მიემართებოდა. თუმცა, დაკავებული კაპიტნის შვილი "რეზონანსთან" საუბრისას გემის გადაადგილების სხვა მარშრუტს ასახელებს.

"კარიბის პალმის" დაკავება საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე 10 დეკემბერს მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, 2,4 ტონა კოკაინი გემზე არსებული რკინის კონსტრუქციებში იყო გადამალული. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის მიშელ შაპინის ცნობით, მისი ჯამური ღირებულება "შავ ბაზარზე" დაახლოებით 50 მილიონი ევროა.

"რეზონანსი" შეეცადა მომხდართან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გაერკვია. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, საქართველოს საკონსულოში გემის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა და დაკავების შესახებ პრესის საშუალებით გაიგეს. "რეზონანსს" საქართველოში საფრანგეთის საელჩომაც დაუდასტურა, რომ გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა დეტალები მათთვის ცნობილი არ არის. როგორც საელჩოში გვითხრე,ს დაკავებულები ქალაქ ბულონში იმყოფებიან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, კაპიტანი მამუკა ახალაძე "რეზონანსთან" კაპიტნის სახელსა და გვარს ასახელებს. "მხოლოდ ის ვიცით, რომ დაკავებულია კაპიტანი ბადრი ბერიძე. ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც წესი, ასეთ ფაქტებზე რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ახდენს. მათგან დამატებით ინფორმაციას ველოდებით. მხოლოდ ის ვიცით რა იყო გემზე და გემის სახელი. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. კაპიტნის ოჯახის წევრიც იყო მოსული, გვთხოვა დავხმარებოდით. ასეთ შემთხვევაში ვალდებული ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს შევატყობინოთ" - აღნიშნა ახალაძემ.

როგორც დაკავებული კაპიტნის ბადრი ბერიძის შვილმა გიორგი ბერიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, ორი თვის წინ მამამისს თურქეთის მოქალაქე ვინმე სათიხი დაუკავშირდა და დომინიკის რესპუბლიკიდან გემის ჩამოყვანისთვის დაიქირავა. "მამაჩემს ერთ-ერთ თურქულ კომპანიასთან ჰქონდა მიმოწერა, კომპანიის სახელი არ ვიცი. როგორც ვიცი, ამ თურქმა ეს გემი იყიდა და სურდა, რომ თურქეთში ჩამოეყვანა. გემი, თუ არ ვცდები დომინიკის რესპუბლიკაში იყო. მამაჩემი დაახლოებით 2 თვის წინ თურქეთში გაემგზავრა, სადაც 12 ადამიანი, ანუ გემის ეკიპაჟი დახვდა. როგორც მან მითხრა, უკრაინელები იყვნენ. დაახლოებით 1 კვირა თურქეთში იყო გაჩერებული, რაღაც საბუთებს აკეთებდნენ. შემდეგ ფრენა არ იყო და ამიტომაც მოუწიათ გაჩერება.

"როდესაც ადგილზე ჩავიდა, იქიდან დამირეკა და მითხრა - რომელი გემიც უნდა წამომეყვანა, ის აღარ არის და სხვა გემი დამხვდა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ტექნიკურად გამართული არ არის, ძრავა არ მუშაობსო. როდესაც ამ თურქს გემის მდგომარეობის შესახებ შეატყობინა, მან უთხრა, რომ რემონტი მანდ ძვირი დამიჯდება, აქედან ჩემს ხელოსნებს გამოვაგზავნი და გემი ისე გავაკეთოთ, რომ როგორმე ევროპაში შემოხვიდეო. აქ უკვე კაპიტალურად გავაკეთებთო", - აღნიშნა დაკავებული კაპიტნის შვილმა.

მისივე თქმით, მამამისი ორი კვირის განმავლობაში დომინიკის რესპუბლიკაში სასტუმროში იმყოფებოდა. ამ დროისთვის გემი რემონტდებოდა. "ბოლოს როცა ველაპარაკე, მითხრა - გემი რაღაცნაირად შეკეთდა და 2 დღეში გამოვალთო. მან ასევე მითხრა, რომ პოლონეთში უნდა შევიდეთ, რაღაც ტვირთი ავიღოთო. ბოლოს ის მითხრა, რომ ერთი თვე ვეღარ დაგიკავშირდებიო. მანამდე ისიც მითხრა, რომ გემს როცა ჩამოვიყვან, ერთი თვე სახლში ჩამოვალ და მერე სხვა გემის გამოყვანა შემომთავაზაო.

"გემის სახელის მეშვეობით ადგილმდებარეობას ვარკვევდით. სპეციალური საიტია, რომელიც გემის ტრანსპორტირებას აჩვენებს. ერთი თვის შემდეგ როდესაც გემი ევროპას უახლოვდებოდა, საფრანგეთთან ახლოს იყო, ინგლისსა და საფრანგეთს შუაში მოდიოდა. 11 დეკემბერს ზარი შემოვიდა ისეთი ნომრიდან, სადაც უკან არ ირეკებოდა. ქართული ნომერი იყო. მითხრეს, რომ მამაშენმა დაგვიბარა და ქალაქ ლილიში, პოლიციაში ვარო. როდესაც გადარეკვას ვცდილობდი, ვერ დავრეკე და როგორც შემდეგ მითხრეს, როუმინგით რეკავდა და მაგიტომ ვერ დავურეკე.

"ამის შემდეგ კავშირი გაწყდა. ორშაბათს სატრანსპორტო სააგენტოში მივედი. ვუთხარი რაც ხდებოდა, წერილი დამაწერინეს. საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მივწერე და ალბათ პასუხს შემატყობინებენ. გუშინ შემთხვევით ჩემმა დამ ინტერნეტში, გემის სახელწოდების მეშვეობით გაიგო, რომ გემი საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა. როგორც წავიკითხე გემის კორპუსში რკინის კონსტრუქციებში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს".

"მართალია, გემის კაპიტანი მამაჩემი იყო, მაგრამ როდესაც მეპატრონე გემზე რაიმეს ტვირთავს, მისი გახსნის უფლება კაპიტანს არ აქვს მითუმეტეს, რომ ეს ტვირთი რკინის კონსტრუქციაში იყო მოქცეული. როდესაც გემი დააკავეს, დარწმუნებული ვარ, ამ სასაზღვრო პოლიციას ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

"სხვათა შორის, იმ თურქის ნომერი მქონდა. როდესაც მამაჩემს ვეღარ ვუკავშირდებოდი, ვურეკავდი, რუსულად საუბრობდა. როდესაც ეს ამბავი გავიგე, გადავურეკე და ტელეფონი გათიშული ჰქონდა" - აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

ლიკა ამირაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

იხილეთ ვიდეო

ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები და რას ამბობს მათზე მეზობელი - "იცით რა წყნარები არიან? გაკვირვებულია ყველა"

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა - რას წერს ტელეწამყვანის მეუღლე "ფეისბუქზე"?

რას პასუხობს ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას - "წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა... ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით"