ბონდო მღებრიშვილი - უდიპლომო მსახიობი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ქართველ მასონს განასახიერებს

ბონდო მღებრიშვილი - უდიპლომო მსახიობი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ქართველ მასონს განასახიერებს

სულ მალე ეკრანებზე ფილმი The Shadow Within გამოვა, სადაც ჰოლივუდის წამყვან ვარსკვლავებთან ერთად, ქართველი უდიპლომო მსახიობი ბონდო მღებრიშვილიც თამაშობს. ბონდო ბელგიაში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს. როგორ მოხვდა ლინდსი ლოჰანთან გადაღებაზე, ამის შესახებ თავად გვიამბობს.

- ფილმს ჰქვია The Shadow Within, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. ფილმის შექმნელებს ჩემმა აგენტმა აჩვენა ჩემი მონაცემები, დამირეკა და მითხრა, შესაძლოა ლოს-ანჯელესიდან დაგირეკონ და ფილმზე დაგამტკიცონო, მართლაც დამირეკეს და მოვხვდი ჰოლივუდურ პროექტში. 9 დღე მიწევს მათთან ერთად მუშაობა.

- სად მიმდინარეობს გადაღებები?

- გადაღებები ბრიუსელში და ლონდონში მიმდინარეობს. ჩემი პერსონაჟი არის მასონი, რომელიც ზოგჯერ ვამპირი ხდება და ადამიანებს კლავს, ხდება შარლოტ ბეკეტის მტერი, თუ რატომ, ამას მხოლოდ ფილმიდან შეიტყობთ. ამ დანაშაულს კი იძიებს ლინდსი ლოჰანის პერსონაჟი, მეტის თქმის უფლება ამ ეტაპზე არ მაქვს. ეს არის ჰოლივუდური პროექტი, ჩემი ოცნება იყო ჰოლივუდში მოხვედრა, სანამ ტრეილერს არ ვნახავ, ვერ ვიჯერებ რომ ოცნება ამიხდა. ის ფაქტი, რომ ასეთი ვარსკვლავების გვერდით თამაშობს ჩემი პერსონაჟი, დიდი მიღწევაა ჩემთვის, ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ მასონი ქართველია.

- გაიცანით უკვე ლინდსი ლოჰანი?

- კი, გავიცანი ლინდსი ლოჰანიც, შარლოტა ბეკეტიც და ჯანი კაპალდიც. სამივე ძალიან მაგარი მსახიობია, ჯანი ძალიან მეხმარება ფილმში. სცენარის მიხედვით, მისი დაუძინებელი მტერი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მეხმარება, როცა ერთად ვმუშაობთ. კიდევ რამდენიმე ამერიკულ პროექტში ვარ მიწვეული. ეს არის ახალი ფილმი და ოთხი ეპიზოდი ერთ-ერთ სერიალში.

- რატომ არ თანამშრომლობთ ქართველ რეჟისორებთან?

- ვითანამშრომლებ აუცილებლად. ჩვენ ნიჭიერი რეჟისორები გვყავს. სამწუხაროდ საქართველოში ბევრ ფილმებს ვერ იღებენ, რაც სირცხვილია. ის ფაქტი, რომ ზაზა ურუშაძე მოხვდა "ოსკარების" დაჯილდოვების ცერემონიალზე, დიდი წარმატებაა, მგონი ვერ ხვდება ბევრი ადამიანი, ეს რა შედეგია. შანსი უნდა მისცენ ქართველ რეჟისორებს, რაც შეიძლება ბევრი ფილმი გადაიღონ. ეს წინ წაწევს საქართველოს და ქართულ კინოინდუსტრიას. ბიზნესმენს უნდა ესმოდეს, რომ კინოში ჩადებული ფული ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE