"წმინდანი რატომ უნდა ამოიღო მიწიდან, სათამაშოა?!" - მამა გაბრიელის და ძმის ნეშტის დაბრუნებას ითხოვს

"წმინდანი რატომ უნდა ამოიღო მიწიდან, სათამაშოა?!" - მამა გაბრიელის და ძმის ნეშტის დაბრუნებას ითხოვს

წმინდა მამა გაბრიელის და ემა ურგებაძე, რომელიც უკმაყოფილოა ძმის წინდა ნაწილების მიწიდან ამოღებით, განგაშის ზარებს სცემს და აცხადებს:"2014 წლის 22 თებერვლის შემდეგ, რაც ჩემი ძმის წმინდა ნაწილები მიწიდან ამოიღეს და ლუსკუმაში ჩაასვენეს, მოსვენება დავკარგე. მას შემდეგ ორჯერ შეუცვალეს ადგილი: ჯერ ხის ლუსკუმაში მოათავსეს, უკაცრავად და ხის ყუთში, შემდეგ - ქვისაში. ჩემი ძმის წმინდა ნაწილებს ყუთი რად უნდა, ასე დაიბარა? არ იციან, რომ ნეშტის ასე წვალება არ შეიძლება? სამარიდან მიცვალებულის ამოსვენება წმინადნიც რომ იყოს, ქრისტიანულია? ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოიტანს. ხმამაღლა ვაცხადებ და მოვითხოვ: მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დააბრუნონ იქ, სადაც იყო, ჩაასვენონ სამარეში, გააკეთონ ისეთივე საფლავი, როგორიც იყო - ზამთარ-ზაფხულ წალკოტი და სამოთხე!

გაბრიელის საფლავის მიწას დიდი მადლი ჰქონდა - ლუსკუმაში ჩასვენება-ამოსვენებით ეს მადლი იკარგება. მიწას სასწაულმოქმედი ძალა იმიტომ ჰქონდა, რომ გაბრიელის უხრწნელ ნეშტს ეხებოდა, ის ხომ კუბოს გარეშე, მანტიით იყო დაკრძალული. მიწა მადლით ივსებოდა. ახლა ამ ქვაში იკარგება ის ყველაფერი, ამდენი არ ესმით, არ იციან? ავადმყოფებს ზეთი მიჰქონდათ, მათთვის წამალი იყო, იცხებდნენ და კურნების ძალა ჰქონდა, რამდენი გამოჯანმრთელდა. სად არის ახლა ის ზეთი?! დღეს სამთავროს ტაძარში მისული ადამიანები ხელს ჰკიდებენ ქვის ლუსკუმას და მამა გაბრიელის ნეშტს მინებიდან ისე დასცქერიან, როგორც მუზეუმის ექსპონატს, ღმერთმა ყველას უშველოს, წმინდა გაბრიელს ვთხოვ, დალოცოს ყოველი მომლოცველი, ვინც კი მის ნეშტს მიუახლოვდება.

- თავის დროზე მამა გაბრიელს თავის სამუდამო განსასვენებელზე თქვენთან არ უსაუბრია?

- ის არ უთქვამს, საფლავიდან ამომიღეთ, ლუსკუმაში ჩამაწვინეთ, ტაძრიდან ტაძარში მატარეთ და მერე ქვაში ჩამაწვინეთო. მას ეს ყუთები არ აინტერესედა. წმინდანი რატომ უნდა ამოიღო მიწიდან, შენი სათამაშოა?! ასე პამპულაობა არ შეიძლება. კითხვას ვსვამ - განა ეკლესიურია საფლავიდან ნეშტის ამოღება, ქუჩა-ქუჩა ტარება, ერთი წლის განმავლობაში ჯერ ხის ყუთში გაჩერება და მერე ქვის ყუთში გადასვენება? ასეთი დამოკიდებულება სიკეთეს არავის მოუტანს. წმინდანს თავის ადგილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჯერ სადა ხართ, კიდევ რაღაცას მოიგონებენ, სხვაგან გადაასვენებენ. თურმე, იმ ადგილას, სადაც ქვას აცემენტებდნენ, გაბრიელი გამოეცხადათ - ასე აწვალებენ და კიდევ უკვირთ?

ყოველგვარი დაფიქრების გარეშე მოქმედებენ. თუ მაინცდამაინც ეკლესია უნდოდათ, თვითონ საფლავი მოექციათ პატარა ეკლესიაში, მის თავზე ოთხ სვეტზე შემდგარი პატარა სამლოცველო გაეკეთებინათ. ერთხელ მივედი და კინაღამ გული გამისკდა - იმ ადგილას, სადაც გაბრიელის საფლავი იყო, უზარმაზარი ქვა-ლოდი დაედოთ. შემდეგ ის პატრიარქმა ააღებინა. მხოლოდ იმას მოვითხოვ, ხალხს დაუბრუნონ წმინდა მამა გაბრიელის საფლავი - დააბრუნონ იქ, სადაც იყო, საფლავში დაასვენონ. აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს... თუმცა, რაც უნდა ვთქვა, ყველაფერი მაინც ისე მოხდება, როგორც ჩემს ძმას სურდა. დრო გავა და ყველაფერი დალაგდება!

ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

"მეწყერი დაძრულია, ნაპრალები ვითარდება სწრაფად... - 35 ფოტო ლისი-მუხათწყაროდან, სადაც გეოლოგები მუშაობენ

ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"ბარსელონის ცენტრალურ სასამართლოში სპეციალური განყოფილებაა ქართველებისთვის" - რას ყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი ადვოკატი?