საქართველოში, სავაჭრო ობიექტების ყველაზე მსხვილმა ქსელმა „ნიკორა“ სუპერმარკეტმა, ჯამურ ნომინაციაში - დინამიურად მზარდი ქსელი, ხარისხის ნიშანი, ეფექტური მარკეტინგი, მუდმივი პროგრესი, გაიმარჯვა.
წარმატებული ბიზნესკომპანიების რიგით XVI დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური პრიზი და სიგელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, დავით ურუშაძეს გადაეცა.
როგორც ცნობილია, ”ნიკორა ტრეიდს” ოქტომბერში, ”ნუგეშის” ქსელიც შეუერთდა. მოცემული მომენტისთვის, ,,ნიკორას“ სუპერმარკეტები 206 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.
რა ტიპის ღონისძიებებს უკავშირებენ კომპანიაში ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მოპოვებას, რა პროცესები მიმდინარეობს ქსელში ”ნიკორასა” და ”ნუგეშის” გაერთიანების შედეგად და რას სთავაზობენ სავაჭრო ობიექტები საახალწლოდ მომხმარებლებს, - ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE ”ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელ დირექტორს დავით ურუშაძეს ესაუბრა.
დავით ურუშაძე:
- დინამიურად მზარდი ქსელი, ხარისხის ნიშანი, ეფექტური მარკეტინგი, მუდმივი პროგრესი - ჯამური ნომინაციაა. 2015 წელს ბაზრის წილის გაზრდის მიზნით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა და აღნიშნული ჯილდო მოვიპოვეთ. ორგანიზატორებმა საბაზრო სეგმენტის შეაფასეს და ასე გამოგვავლინეს. დაჯილდოება მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია "გორბის" ორგანიზებით მოეწყო.
- თქენი აზრით, რომელმა ძირითადმა ფაქტორებმა განაპირობეს ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მოპოვება?
- არსებობიდან დღემდე, ”ნიკორას” სუპერმარკეტების ქსელი არასდროს ყოფილა პასიურ მდგომარეობაში, მუდმივად იზრდებოდა, საქმიანობა მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა, 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, დღემდე, კომპანიამ განვითარების აბსოლუტურად სხვა ტემპი აიღო. ეს გამოიხატებოდა როგორც თბილისში ჩვენს მიერ ახალი მაღაზიების გახსნაში, ასევე გეოგრაფიული არეალის გაფართოებაში. გასულ წელს კახეთში გადავინაცვლეთ, 2015 წლის დასაწყისიდან დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქში ვართ წარმოდგენილი. 2015 წლის მეორე კვარტალში კი, ”ნიკორას” და ”ნუგეშის” დამფუძნებლებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქსელთან მოხდა შერწყმა.
”ნიკორას” სუპერმარკეტები, ”ნუგეში” და ”ლიბრე” სხვადასხვა ბრენდებია, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული. სწორედ ეს კომპანია დაჯილდოვდა და არა რომელიმე კონკრეტული ბრენდი. აღსანიშნავია, ისიც რომ წელს ,,გოლდენ ბრენდის“ ჯილდოც ავიღეთ.
- რა პასუხისმგებლობას სძენს ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მოპოვება კომპანიას?
- თუ სკოლაში მოსწავლე სამიანზე სწავლობს და ოთხიანს მიიღებს, შემდეგ ოთხოსნობისა და ხუთოსნობის შენარჩუნებისთვის უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. როდესაც რაღაცაში გაღიარებენ და კომპანიის მიმართ მოლოდინი ჩნდება, მიღწეულის შესანარჩუნებლად და მომავალ წელს უფრო მეტის გასაკეთებლად ორმაგი მუშაობა გიწევს. ეს გარკვეულწილად სტიმული და პასუხისმგებლობაა. როდესაც აღიარება არ გაქვს და არავინ გამჩნევს, კარგი იქნები, თუ ცუდი - შენთვის ხარ. მაგრამ აღიარება უკეთესის და უკეთესის გაკეთებისკენ გიბიძგებს.
- რამდენიმე თვის წინ, ”ნუგეშის” ქსელის ”ნიკორას ”მფლობელობაში გადასვლის შესახებ გახდა ცნობილი. როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა ინიციატივები განხორციელდა და კიდევ რა სიახლეები ელით მომხმარებლებს?
- გარიგება ოქტომბერში დასრულდა. ჩვენს სავაჭრო ობიექტებში ასორტიმენტის განახლება ბრენდების გამრავალფეროვნებით იგეგმება. ვაპირებთ პროდუქცია გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ჰქონდეს ფართო არჩევანი, რასაც ეტაპობრივად ვაკეთებთ და მნიშვნელოვანწილად უკვე განვახორციელეთ კიდეც.
- სულ მალე, ახალი წელი დადგება. სხვადასხვა პროფილის მქონე კომპანიებმა, მათ შორის, სავაჭრო ობიექტებმა საახალწლო კამპანია უკვე დაიწყეს. რას სთავაზობს ”ნიკორას” სუპერმარკეტების ქსელი მომხმარებლებს საახალწლოდ?
- ტრადიციულად, ახალი წელი ჩვენს ფილიალებში მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან აბსოლუტურად ყველას დიდი მოლოდინი აქვს. ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, მომხმარებლებს ისეთ საქონელს ვთავაზობთ, რომელიც მათთვის მხოლოდ საახალწლოდ არის მომზადებული. ამ მიმართულებით, ყოველი წელი განსაკუთრებულია. წელსაც გვინდა მომხმარებელს რაიმე საინტერესო შევთავაზოთ. ქსელში კონკრეტული საახალწლო ასორტიმენტი შეგვაქვს. მომწოდებლებს, რომლებიც ტკბილეულს და სხვა სადღესასწაულო საქონელს გვაწვდიან, შემოაქვთ ახალი ნაწარმი, რაც წინა წელს არ ყოფილა, ამით ასორტიმენტს ვამდიდრებთ. ფასდაკლებები და აქციები ყოველ თვე გვაქვს, თუმცა საახალწლოდ ფასდაკლებული პროდუქცია უფრო ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ტრადიციისამებრ წინასაახალწლო პერიოდში გაიმართება ,,ტკბილი დღეები“, რომელსაც დეგუსტაციის სახე ექნება და ჩვენთან მოსული მომხმარებელი ტკბილეულის დაგემოვნებას შეძლებს.
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა ტიპის ღონისძიებების განხორციელება აქვს დაგეგმილი კომპანიას ახლო და შედარებით, გრძელვადიან პერსპექტივაში?
- კვლავინდებურად აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას და ისევ დიდი აქცენტი დაეთმობა გეოგრაფიულ გაშლას. ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა ქალაქსა და მსხვილ რეგიონალურ ცენტრში ჩვენი სავაჭრო ობიექტი იყოს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს ჩვენი მომსახურებისა და მუდმივად განახლებადი პროდუქციით სარგებლობის საშუალება ჰქონდეს.
ნატალია დადიანი, AMBEBI.GE
R