რომელ აბანოში ამოწმებდნენ თბილისელი სადედამთილოები საპატარძლოების სილამაზეს

რომელ აბანოში ამოწმებდნენ თბილისელი სადედამთილოები საპატარძლოების სილამაზეს

ზოგჯერ თბილისის უბნების სახელწოდებებს ისე წარმოვთქვამთ, რომ მათ შესახებ ბევრი რამ არც ვიცით. სიტყვა "უბნის" შემცველი რამდენიმე დასახლებაა ჩვენს ქალაქში (აბანოთუბანი, ვაზისუბანი, ანჩისხატის უბანი, სვანეთის უბანი, ოქროს უბანი), რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ.

აბანოთუბანი

აბანოთუბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. სახელწოდება უძველესი დროიდან ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ ცნობილ აბანოებს უკავშირდება. იცით, რომ თავად ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V საუკუნეში, ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება. X საუკუნეში კი არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი "გზათა და სამეფოთა წიგნში" აღნიშნავს: "ქალაქში არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს". ისტორიული ცნობებით, XIII საუკუნეში თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლოც გვაწვდის, XVIII საუკუნეში - რუსი ვაჭარი - ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის.

XVII-XIX საუკუნეებში თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, "გრილი" (შიოევის), "ჭრელი" და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და შემდგომი ხანის სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა.

ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონია. აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ ადამიანები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. ამბობენ, რომ აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს...

ვაზისუბანი

ვაზისუბანი თბილისში 80-იან წლებში გაშენებული ერთ-ერთი საცხოვრებელი დასახლებაა. მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, თბილისის ზღვის სიახლოვეს, ადმინისტრაციული თვალსაზრისით მიეკუთვნება ისანი-სამგორის მუნიციპალიტეტს, სადაც არის საჯარო სკოლები, ბაგა-ბაღები, ეკლესიები... საუკუნეების წინ ამ ტერიტორიაზე გაშენებული იყო ვაზი და სახელწოდებაც ამ დასახლებას აქედან აქვს შეძენილი. ვაზისუბანში თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ოლიმპიური ქალაქი აშენდა. ვაზისუბანს აქვს ასევე მშენებარე მეტრო, რომელზე მუშაობაც 1980-იან წლებში, ამ უბნის გაშენებისთანავე დაიწყო, მაგრამ დღემდე შეჩერებულია.

ანჩიხატის უბანი

ანჩისხატის უბანი ძველი თბილისის ერთ-ერთი კუთხეა, რომელიც ანჩისხატის ეკლესიის მიდამოებს მოიცავდა. ჩრდილოეთით მას საზღვრავდა ქალაქის გალავანი (ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ), აღმოსავლეთით - მტკვარი, სამხრეთით - მეფის სასახლე, ე. წ. ბატონის სასახლე (ერეკლეს მოედანთან), დასავლეთით - ახლანდელი ავლევის ქუჩა. ქალაქში შესასვლელი ერთ-ერთი გზა ავანაანთ ხევზე (ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩები) გადებული ხიდით და "დაბლა კარის" ანუ "წყლის კარის" (ძველი თბილისის ერთ-ერთი კარი) გავლით პირველად ანჩისხატის უბანში შედიოდა.

"წყლის კარიდან" ბატონის მოედნამდე მტკვრის პარალელურად ქუჩა გადიოდა, რომელსაც ახლოს "წყლის კარის ქუჩას" ეძახდნენ, ხოლო მის გაგრძელებას - "ანჩისხატის ქუჩას" (ორივე ახლა უკვე შავთელის ქუჩის ნაწილია). ეს ქუჩა წარმოადგენდა ანჩისხატის უბნის ცენტრალურ ნაწილს, სადაც XV-XVI საუკუნეებში ძირითადად ქართველი არისტოკრატია ცხოვრობდა. ანჩისხატის ქუჩაზე მხოლოდ ბატონიშვილები სახლობდნენ. XVII საუკუნიდან კი ამ რაიონში სხვა თავადებიც დასახლდნენ. XVIII საუკუნეში უბანში იყო მთავარეპისკოპოსის, მუხრანბატონების, ამილახვრების, არაგვის ერისთავების, ქსნის ერისთავების, ორბელიანების, ციციშვილების, გედევანიშვილების, გერმანოზაშვილების, აბაშიძეების და სხვათა სასახლეები.

სვანეთის უბანი

სვანეთის უბანი - თბილისის ძველი უბანი გახლავთ, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული. ის ადმინისტრაციული დაყოფით ჩუღურეთის მუნიციპალიტეტს განეკუთვნება. სახელწოდება "სვანეთის უბანი" XIX საუკუნის II ნახევარში გაჩნდა. ბევრს ჰგონია, რადგან ეს დასახლება ცოტა მაღლა, მთაზეა გაშენებული, ამიტომ ჰქვია სვანეთის უბანი. იმასაც ამბობენ, რომ იქ ადრე სვანები ცხოვრობდნენ და ეს სახელი ამიტომ ეწოდა. არადა, ამ უბნის ტერიტორიაზე ადრე ტყე იყო და იქაურობა დაუსახლებელი ტერიტორია გახლდათ.

XIX საუკუნის ბოლოს გორის რაიონის სოფელ სვენეთიდან ამ ტერიტორიაზე ხალხი ჩამოსახლდა და იქაურობა აითვისეს. იქ სვენეთელები დასახლდნენ. თავიდან, "სვენეთის უბანს" ეძახდნენ, მერე ამ სიტყვამ "სვენეთი" გარკვეული ცვლილება განიცადა და გახდა "სვანეთი".

ოქროს უბანი

თბილისში, ჩუღურეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ნაწილი ოქროს უბნის სახელით არის ცნობილი (მარჯანიშვილის მეტროს ზედა, მიმდებარე ნაწილი, ე.წ. მალაკნების ხიდამდე). თუ რატომ უწოდებენ ამ დასახლებას ოქროს უბანს, ისტორიულ წყაროებში თითქმის არ არის ინფორმაცია. უფროსი თაობის განმარტებით კი ამ ნაწილისთვის ოქროს უბანი ერთი კაცის, მეტსახელად "ოქროს" გამო XX საუკუნეში უწოდებიათ, რომელიც თანაუბნელებისთვის ავტორიტეტი ყოფილა და მას ასე მოიხსენიებდნენ ხოლმე - "ოქროს" უბანში მივდივარ, ან "ოქროს" უბნიდან ვიღაც მოვიდა და ა.შ. მოკლედ, ასე, დროთა განმავლობაში დამკვიდრდა სახელი "ოქროს უბანი".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქედაში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

„ვოლვო კავკასიის“ ახალი შოურუმი ახლა უკვე უზბეკეთში

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?