"ბიძინა ივანიშვილი საპატიო სტუმარი იქნება" - ვინ მოხვდება ოპერის თეატრის გახსნაზე?

"ბიძინა ივანიშვილი საპატიო სტუმარი იქნება" - ვინ მოხვდება ოპერის თეატრის გახსნაზე?

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვარს გაიხსნება. ცნობილი გახდა, რომ ოპერის გახსნაზე, დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება და 30 წლის შემდეგ "აბესალომ და ეთერის" ნახვას მხოლოდ სპეციალურად მოწვეული სტუმრები შეძლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური სტუმრები მხოლოდ "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლები და ელიტის წევრები იქნებიან. ambebi.ge ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს დაუკავშირდა:

- ვინ მოხვდება ოპერის თეატრის გახსნაზე?

- არ ვადასტურებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მხოლოდ "ქართუს" წევრები დაესწრებიან წარმოდგენას. რადგან 1065 კაცს იტევს ჩვენი დარბაზი, ვეცადეთ არ გამოგვრჩენოდა არავინ, მოწვეული გვყავს ჩვენი სახელოვანი მომღერლები, საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, უცხოელი სტუმრები, სამხატვრო ხელმძღვანელები და შემდეგ ის ხალხი, ვინც თავისთავზე აიღო ოპერის თეატრის განახლება და ამდენი ხნის მანძილზე არემონტებდა თეატრს. ესენიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. უფრო მეტი აქცენტი გავაკეთეთ იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენი ღვაწლმოსილი მომღერლები და თეატრალური სამყაროს წევრები არიან. "ქართუ ჯგუფს" მადლობას ვეუბნებით, მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით ზოგადად ქართული კულტურის აღორძინებაში.

- ბიძინა ივანიშვილი მოწვეული გყავთ?

- რა თქმა უნდა, მოწვეულია, პირადად ამ ადამიანს ეკუთვნის ამხელა თეატრის აშენება, ის საპატიო სტუმარი იქნება.

- ნიკა გვარამიას განცხადებას თუ გაეცანით?

- წავიკითხე გვარამიას განცხადება. ქართული კულტურისთვის დიდი მონაპოვარია ფალიაშვილი, ვიტყოდი ცოტა სამარცხვინოა მისი ნათქვამი. მაგრამ ყველას მისი აზრი აქვს. ჩვენს სფეროში ჩვეულებრივი მომენტია ინტრიგები.

- მუსიკისმოცდნემ მზია ჯაფარიძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ოპერის თეატრი მუსიკოსების გარეშე გაიხსნება...

- სრულიად მუსიკალური საზოგადოება არის მოწვეული, ღვაწლმოსილი მუსიკოსები, პიანისტები, მუსიკისმცოდნეები და ა.შ. ვინც არის ჩართული მუსიკალურ ცხოვრებაში ყველა მოწვეული გვყავს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE