მსოფლიო მოქალაქე ნიკოლოზ ბარტყულაშვილმა (მეტსახელად ნიქსი), "ბიბლუსის გალერეაში," 3 მარტს, სტუმრები საკუთარი წიგნის - "მოგზაური" პრეზენტაციაზე მიიწვია. იმ დღეს 30 წლის გახდა. მოვლილი აქვს 121 ქვეყანა, ფლობს 12 ენას, შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგია, რელიგია, კულტურა. მისი განვლილი გზა მაგალითია იმის, რომ მიზნისკენ სწრაფვისას არ არსებობს ბარიერი. თავისი პირველი წიგნით მკითხველს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს გარშემო იმოგზაურონ.
ბუნება ბავშვობიდან უყვარდა და მოგზაურობაც პირველად საქართველოში დაიწყო. ამბობს, თუ მოგზაურობის სურვილი გაქვს, ამისთვის მაინცდამაინც ფინანსები არ არის საჭირო. უცხო ქვეყნების მონახულება 9 წლის წინ გადაწყვიტა. პირველად 37 ქვეყანას გაეცნო და ისე მოიარა, რომ უბრალოდ, ოცნებები აეხდინა. მერე ამ ყველაფრისგან დადებითი ემოცია რომ მიიღო, ნელ-ნელა მიხვდა, რომ ეს მისი საქმე იყო.
"დავიწყე აზიით, - ჩინეთი, მალაიზია, ტაივანი, ფილიპინები და ა.შ. ჩემთვის დღემდე ყველაზე საინტერესოდ ეგ მხარე რჩება. მოულოდნელად შეგიძლია, იქაურ მეგაპოლისებში განსხვავება ნახო, მაგალითად, სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის.
კამბოჯა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, სადაც მაგალითად, ტრანსპორტის მოძრაობისას არანაირი წესი არ არსებობს. შეიძლება, სამი მანქანა მიდიოდეს და ისე აუაროს გვერდი ერთმა, რომ გაოცდე. სახელმწიფომ ბევრჯერ დასვა საკითხი, რომ მოძრაობა მოწესრიგებულიყო, მაგრამ დაასკვნეს, რომ წესების შემოღების შემთხვევაში, გაუჭირდებოდათ, რადგანაც მიუჩვევლები იყვნენ და უარეს ქაოსს გამოიწვევდა. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ერთმანეთს ღიმილით უთმობენ გზას და დარღვევისას არავინ ყვირის და ასიგნალებს. აგრესიულები არ არიან. გასაოცარია ისიც, რომ ასეთ ღარიბ ქვეყანაში როგორ ჰარმონიულად და ღიმილით, აგრესიის გარეშე ურთიერთობენ. ხმამაღალი სიტყვა არ გამიგონია.
ნორვეგიაზეც უნდა ვთქვა, მინდა, რომ საქართველომ მას მიჰბაძოს: 45-50 წლის წინ ის ვიკინგების ქვეყანა იყო, არაცივილიზებული და გაუნათლებელი ადამიანები ცხოვრობდნენ. დღეს კი ერთ-ერთი ცივილური ქვეყანაა, სერიოზულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან ბუნებაზე; ძალიან უფრთხილდებიან. აქვთ ვიწრო გზები, რომ ზედმეტი ბუნება, ბალახი არ დააზიანონ. ნორვეგიის ასეთი მოწესრიგებულობა ძალიან მომეწონა და მსგავსი საქართველოშიც მსურს, ვიხილო. არადა, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესოა საცხოვრებლად, კლიმატით...
ნორვეგია 8 თვე გაყინულია და იქ ხალხი 4 თვე სილამაზესა და ბუნებაზე ფიქრობს. საქართველოზე უკეთეს ზონაში არცერთი ქვეყანა არ არის. ჩემი მეგობარი უცხოელები აქაურობაზე გიჟდებიან", - ამბობს ნიქსი და საუბარს აფრიკაში მიღებული შთაბეჭდილებებით აგრძელებს.
"აფრიკა ისე მოვიარე, ჩამოსვლის მერე მივხვდი, თურმე რა საშიშ ადგილებში ვყოფილვარ. თავიდან ეგვიპტეში წავედი, საიდანაც კენიაში გადავედი, ფული მქონდა, გავუყევი ავტობუსით გზას და შუაგულ აფრიკაში აღმოვჩნდი... იქ ხალხი ველურად ცხოვრობს...".
მსოფლიო მოქალაქე დამწყებ მოგზაურებს კი აი, რას ურჩევს: "პირველი, რაც ყველაზე მთავარია, ღიმილით უნდა "შეიარაღდნენ", რითაც ნებისმიერი ადამიანის გულს მოინადირებთ, დადებით ენერგიას გადასცემთ და არ არსებობს, რომ მათი კეთილგანწყობა არ დაიმსახუროთ... დაბალი ბიუჯეტითაც შეიძლება მოგზაურობა. ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრეთ, მოგზაურობისას სიგარეტსა და ლუდს მაინცდამაინც ნუ მიეძალებით, ნებისმიერ ქვეყანაში იაფია წყალი, ვიდრე ალკოჰოლური და გაზიანი სასმელი. შეიქმენით ფსიქოლოგიური განწყობა, ერთ-ორ წინაღობაზე არ უნდა დაიბნეთ. რაც შეეხება ენას, საჭიროა ინგლისურის ცოდნა და თუ მესამე ენის არჩევაც გსურთ, ესპანური ჯობია. ესპანურად ოფიციალურად 6.000 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს და თუ ეს ენა იცი, იტალიურსაც გაიგებ".
- ახლა შენს წიგნზე გვესაუბრე.
- ეს წიგნი ჩემთვის ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის, უნდა გავავრცელო მსოფლიოში, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ. გარდა იმისა, რომ წიგნში მსოფლიოს ქვეყნებზე ვწერ, ვწერ საქართველოზეც, თუ როგორ ჩანს მოგზაურის თვალით ის.
- წიგნი რამდენიმე ენაზე გამოვიდა?
- ესპანური, რუსული, ინგლისური და ქართული ენა. შემდეგ გამოვა უფრო პატარა ბროშურებად, თითო ჟურნალი თითო ქვეყანაზე.
- როგორც გავიგეთ, მოგზაურის ლოგოც (დედამიწა ცილინდრით) შეგიქმნია.
- კი, ჩემი იდეით, როგორც მსოფლიო მოქალაქემ, ასეთი ლოგო შევქმენი, რაც უკვე დავაპატენტე. უბრალოდ, ახლა მისი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. შემდგომ იდეა მაქვს, რომ საქართველოში ამის მიხედვით დიდი სკულპტურაც დაიდგას. საქართველო აზია-ევროპას აერთებს და ევროპიდან აზიაში ხომ გადიან და პირიქით, ამიტომაც აქ უნდა იყოს მოგზაურის სკულპტურაც. ეს მნიშვნელოვანი ადგილია და უნდა გამოვაცოცხლოთ საქართველო, უნდა შემოვიარო ის და დოკუმენტური ფილმიც გადავიღო.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE
Meet Georgian world citizen who has visited 121 countries and speaks 12 languages