სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიულ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა

სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიულ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა

სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა. "ბიზნესკონტაქტის" ინფორმაციით, პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი, რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა გადალახა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა, ანუ დაახლოებით 8%-მა შეძლო.

381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, 317-დან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 15%-მა მოახერხა. საერთო რაოდენობის 9%-მა გადალახა ზღვარი ბუნებისმეტყველებაში, 19%-მა ფიზიკაში და თითქმის 17%-მა ქიმიაში.

რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, საიდანაც ზღვარის გადალახვა 83-მა შეძლო, 29-დან 10-მა დაამტკიცა თავის კომპეტენცია გერმანულ ენაში, რაც შეეხება რუსულს, ამ შემთხვევაში ზღვარის გადალახვა გამოცდაზე გასული საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა შეძლო. უნდა ითქვას, რომ ჩატარებული 19 საგნობრივი გამოცდიდან რუსული ენის 55%-იანი შედეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო, გამომდინარე იქედან, რომ წინა წლებიდან მოყოლებული არსებობს პრობლემა. სახელმწიფომ სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალა. შეიქმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა მასწავლებელს თანაბრად ექნება საშუალება, საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს. ეს სისტემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პირველად 2016 წლის ზამთარში ჩატარდა ტესტირება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განმავლობაში და წელიწადში ორჯერ გადამზადების კვალდაკვალ ისინი შეძლებენ, ჩააბარონ ტესტი", - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საკითხის კომენტირებისას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია