ქეიფი საფლავზე, ქელეხი, მსხვერპლშეწირვა - რას ფიქრობენ ცნობილი ქართველები გადაგვარებულ ქართულ ტრადიციებზე

ქეიფი საფლავზე, ქელეხი, მსხვერპლშეწირვა - რას ფიქრობენ ცნობილი ქართველები გადაგვარებულ ქართულ ტრადიციებზე

ტრადიცია თაობიდან თაობას გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმებია, რომელიც გარკვეულ სოციალურ ჯგუფში ან თაობაშია გავრცელებული. ქართველებს ბევრი ტრადიცია გვაქვს, უმეტესობა უმთავრესად წინაქრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს და მიუხედავად ტექნოლოგიების საუკუნისა, დღეს მაინც მყარად ფესვგადგმული განაგრძობს არსებობას. ხშირად ზოგიერთი დრომოჭმული ტრადიცია ვითომდაც ქრისტიანობით იხსნება, ალბათ იმიტომ, რომ რაღაცით იმ რიტუალს, რომელიც მოსასპობია, გამართლება მოუძებნონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად ზომიერებაც გვღალატობს, რაც ერს სამწუხაროდ, ზოგჯერ ცუდად წარმოგვაჩენს.

აღდგომის დღეებია, თემა ცხელია და აქვე საფლავზე პურმარილით გასვლის ტრადიციას შევეხები, რომელიც უმეტესად ღრეობით სრულდება; არანაკლებ შემზარავია ქრისტიანულ დღესასწაულებზე წარმართული მორალით მსხვერპლშეწირვის სისხლიანი ადათი; ასევე თამადის მიერ სუფრის წევრებისთვის ღვინის დაძალების რიტუალიც, თითქოსდა ჭიქებით განისაზღვრებოდეს ღმერთისა თუ მოყვასის სიყვარული, გარდაცვლილის პატივისცემა; ქელეხის ტრადიციაც არანაკლებ მოითხოვს კორექტივებს და ზოგადად, ქართულ სუფრაზე რელიგიურ დღესასწაულებზე სართულებად დახვავებული ხორაგი... სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ზოგჯერ ამ ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ ერის ამ კულტურას. ადათები ინსტიქტებისაგან განსხვავებით, თანდაყოლილი არ არის, თაობებს გადაეცემა და ასევე ცხოვრობს.

AMBEBI.GE ტრადიციების და ადათების საკითხზე რამდენიმე ცნობილ ადამიანს გაესაუბრა.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

- გავუფრთხილდეთ ტრადიციებს, პირველ რიგში, მათი არგადაჭარბებით ყველა ჩამოთვლილი ტრადიცია თავისი არსით ჰუმანურია. რაც შეეხება აღდგომას სასაფლაოზე გასვლას მცირე საკვებით, გარდა რიტუალური ნაწილისა, ერთგვარი საქველმოქმედო ფორმაც ჰქონდა. ბებიაჩემს ბაბუაჩემის სასაფლაოზე რამდენიმე პასკა და ხაჭაპური გაჰქონდა და გამოსაჩენ ადგილზე ტოვებდა. მერე ჩამოივლიდნენ შეჭივრებულები და მიჰქონდათ. მთავარი ზომიერების დაცვაა. ერთხელ ვიხუმრე კიდეც, ამ მიცვალებულთა დღეს კანონზომიერება იცვლება: თუ სხვა დღეებში მიცვალებულებს მიასვენებენ სასაფლაოზე, მიცვალებულთა დღეს სასაფლაოდან მოასვენებენ სიმთვრალისგან "გარდაცვლილებს". ასე არ ვარგა, არავის წაადგება. მათ შორის ტრადიციასაც.

ქელეხი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ის სტუმრის პატივსაცემად დამკვიდრდა, როცა შორი გზიდან მომავალი ადამიანი მოშივებული იყო, ჭირისუფალი ამ ფორმით უმასპინძლდებოდა. ადამიანი საკრალურობისკენ მიდრეკილია, ამიტომაც, მაგალითად, მიცვალებულისთვის რამის ჩატანება არ მგონია დიდი ტრაგედია, თუმცა ეს ქრისტიანული გადმოცემა არ არის. ძველი ცივილიზაციები, სადაც სხეულის კულტი ხშირად ერწყმოდა სულისას, ხშირად მიმართავდნენ ამ მეთოდს - ასე განსაჯეთ, ადამიანებსაც კი აყოლებდნენ, რაც ცხადია მიუღებელი ამბავია. ამგვარი ცოდნის ფრაგმენტული ნაწილია ეს ჩვევაც. იგივე ითქმის ცხოველების სასტიკ და მასობრივ შეწირვაზე. რაც შეეხება სუფრის ტრადიციებს, არ მგონია, რომ სასმლის დაჟინებული დაძალება რომელიმე ტრადიციის ნაწილი იყოს, ეს ადამიანის კულტურაზე და ეთიკურ მზაობაზე უფროა დამოკიდებული. მოკლედ, ტრადიციები მშვენიერი გვაქვს, ამ ტრადიცების შესაბიმის გაგება და გათავისება გვჭირდება.

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:

- ვერ უარვყოფთ, რომ ჩვენს წინაპარს ბევრი კარგი ტრადიცია აქვს შემონახული, თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ცუდიც გვაქვს. ბევრი ახალგაზრდის მხარდასაჭერად მინდა ვთქვა, რომ დაძალება იმისა, რომ რძალმა დედამთილს დედა დაუძახოს, კატასტროფაა. ეს დარღვევაც არის და სტრესიც, რადგანაც ეუბნებიან, რომ მისთვის სანუკვარი სიტყვა - დედა დედამთილს დაუძახოს. აქ ენით აუწერელი ტკივილი ჩნდება, რითაც ოჯახის ნგრევის პატარა ნიშანიც იკვეთება, რადგანაც დედაშვილობა ენით აუწერელი ფენომენია. ეს ტკივილი რძალმა რაც უნდა არ შეიმჩნიოს, მის ფსიქიკაში რაღაცები იმსხვრევა, რადგანაც მასზე ამ ფორმით ძალადობენ.

მიმაჩნია, რომ სუფრაზე ღვინის დაძალების მავნე ჩვევა უნდა მოიშალოს. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ," - ასეთი მიდგომაც არასდროს იყო გამართლებული. ვიმეორებ, ბევრი კარგი თვისება გვქონდა, თუმცა ზურგში დანის ჩარტყმაც და დიდი ღალატიც გვახასიათებდა.

მოკლედ, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ სუფრაზე ღვინის დაძალებას, - ეს პატარა კაცების თვისებაა. თუ შემთხვევით მოხდა და ვიღაც თამადად დანიშნეს, კატეგორიულად მოითხოვს, მოუსმინონ. თუ არ გისმენენ, ე.ი. არ ხარ საინტერესო. ჩემს თვალწინ ბევრი ასეთი სუფრა დაძაბულა, როცა თამადა დაჟინებით მოითხოვდა, მისთვის მოესმინათ. არადა, არიან თამადები, რომლებიც სუფრის თითოეულ წევრს თანაზიარს ხდის, რადგანაც იქ სიყვარულის მეტი გაზიარებაა. ადამიანებს დააძალო, მას მოუსმინონ, ვიმეორებ, პატარა კაცის თვისებაა, სასმელის დაძალება კი კატეგორიულად მიუღებელი! ის, ვინც ამას აკეთებს, ჩემს თვალში კნინდება. თუ ამით სიძლიერეს ამტკიცებს, ცდება, თუ ძალის დემონსტრირება უნდა, ადგეს და მკლავი გადაუწიოს. სუფრის წევრს ღვინით რატომ ასუსტებს?!

მაღიზიანებს სადღესაწაულო პერიოდში საკვებით გადატვირთული სუფრები. გასაგებია, რომ გინდა, განსაკუთრებულად შეხვდე დღესასწულს, მაგრამ აქ ზომიერება აშკარად გვღალატობს. არადა, მთავარი ავიწყდებათ, რომ ვთქვათ, აღდგომის დღესაწაულს წინ 49-დღიანი მარხვა უძღოდა. მაშინ რისთვის შეინახა ადამიანმა მარხვა? ჩვენს რწმენაშიც ბევრი რამ გაფერმკრთალდა. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს სუფრა სასაფლაოზე ინაცვლებს. მიცვალებულებთან პურმარილით მიდიან. ამის სანაცვლოდ, პანაშვიდი გადაუხადე. მოკლედ, ეს ყველაფერი დიდი მდაბიოობა, გაუნათლებლობა და ურწმუნობაა...

სასაფლაოზე ღრეობის გამო კი თავი აღარ გამოგვეყოფა, არადა, პრეტენზია გვაქვს, რომ ევროპელები ვართ. ეს უკულტურობა ხელს სერიოზულად გვიშლის. ცივილურ და კულტურულ ერებს ბევრად ჩამოგარჩენს. არადა, ამ დროს ალავერდის, ჯვრის, სვეტიცხოვლის, ჩაკრულოს პატრონები ვართ... რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშალოთ ეს უკულტურობა, თუმცა ბევრი რამ ჩვენმა წინაპარმა აღმოფხვრა და ჩვენამდე არ მოიტანა, ასევე უნდა შევძლოთ ჩვენც! ჯერ გავაფერმკრთალოთ და მერე წავშალოთ!

ზუზუ ბეჟაშვილი, მსახიობი:

- რელიგიური ადამიანი ვარ, მიყვარს ღმერთი, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მძიმედ მახსოვს ცხვრების შეწირვის ცერემონია, ამ ფაქტით გამოწვეული სისხლისღვრა. საოცრად განვიცდი, დღესასწაულებზე მონასტრების გარშემო ცხვრის ტყავები, თავები, რქები რომ ყრია... ეს ტრადიცია კი არა, ტრაგედიაა. სიბნელედ მეჩვენება. საცოდავი ცხოველის სისხლით ნეტავ, რომელი ცოდვა უნდა გამოისყიდოს ადამიანმა? დასანანია, რომ ადამიანები სინანულით არ ცდილობენ ცოდვის მონანიებას. ღმერთთან ურთიერთობაც სიყვარულეთან ერთად, ხომ ეს არის. მოდი, შევეშვათ ამ სისხლისღვრას! ეს ბნელი ტრადიცია იქნებ როგორღაც დავძლიოთ, იქნებ ერთმანეთი შევიყვაროთ!.. სამწუხაროა, რომ ერთმანეთის ჭამის ტრადიციაც მყარია ჩვენში...

რასაც ახლა ვიტყვი, ამის გამო შეიძლება ბევრმა გამკიცხოს, მაგრამ უარზე ვარ ქელეხის რიტუალზეც. რა ვქნა, არ მესმის, მირჩევნია ის თანხა, რაც ქელეხში უნდა დაიხარჯოს, ჯერ იმ ცოცხალს მოხმარდეს, სანამ ამქვეყნად არის და თუ მაინცდამაინც, ვინმე გაჭირვებულს გადაეცეს. რაც შეეხება ღრეობას, ესეც მაგიჟებს. მიყვარს სადღეგრძელო, როცა გულიდან მოდის. რა არის სადღეგრძელო, თუ არა ურთიერთობა? რასაც ისე ვერ გეტყვი, შეიძლება სადღეგრძელოში გამოვხატო, მაგრამ სიყალბე და ფარისევლობა სუფრაზე ჩემთვის მიუღებელი და დამღლელია. ასეთ სიტუაციებს ვერიდები და იქაურობას მალე ვტოვებ, არ ვიცი, ეს რამდენად სწყინთ, მაგრამ ასეა.

სასაფლაოზე სააღდგომოდ გაშლილი სუფრა კი ცალკე თემაა. სასაფლაოზე ასევე მაოცებს წამოჭიმული თანამედროვე "აკლდამები", სახლები თავის ავეჯით... არ ვიცი, ამას რა ჰქვია, ესეც ტრადიციაა? ჩვეულებრივი სიმახინჯეა. თუ საფლავზე გადიხარ და იქ საკვებს ტოვებ და მოდიხარ, ეს უფრო მადლი მგონია, რამდენი გაჭირვებულია, მივა და შეჭამს. ეს მადლიც არის და მიცვალებულებისთვის აღდგომის მილოცვა, სულიერებაც. მე კი ამ დღეს ეკლესიაში წასვლა, სანთლის დანთება და ლოცვა მირჩევნია, რადგანაც მჯერა, ღმერთს ეს ესმის. აქვე რადიკალიზმიც მაღიზიანებს. ათეისტებსაც პატივს ვცემ და მორწმუნეებსაც, მაგრამ როდესაც მორწმუნეებს დასცინიან, ეს დაუშვებელია. არანაირი უფლება არ გაქვს, ჩემს სულიერებას დასცინო, როცა მე ამით ვცხოვრობ, იმედი მაქვს... რა არის ღმერთი? ეს არც ტრადიციაა და არც ფანატიკოსობა. ღმერთი შენშია და ის უნდა იგრძნო...

გია ბუღაძე, მხატვარი:

- ტრადიცია ჩვენში ერთგვარად წარმართობის ნიშნით არის აღბეჭდილი. ყველანაირი ბოროტება თავის დროზე ხომ სიკეთე იყო, ანუ რაღაცამ თავის დრო მოჭამა და სხვა ფორმაში გადავიდა. მით უმეტეს, რომ კომუნისტების ბატონობისას მძვინვარე ათეიზმის პერიოდი გავიარეთ, შემდეგ თითქოს შემოვბრუნდით რელიგიური მიმართულებით, მაგრამ მანამდე გაბატონებულმა ათეიზმმა წარმართული, კერპთაყვანისმცემლური მაგიური ელემენტები გააღვიძა, რასაც სულიერ მატერიალიზმს ვუწოდებ, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარკვეულწილად ხალხურ მაგიასთან, ჯადოქრობასთან. ამის გამო ადამიანებში უცნაური წარმართული რიტუალები ცხოვრობს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან, მსხვერპლის სულიერ მნიშვნელობასთან.

იგივე მარხვა ჩვენთან უმეტესად აღქმულია როგორც დიეტა და არა შინაგანი პროცესი. ამას სასულიერო პირების გარკვეული ნაწილიც (30-40 პროცენტი) ხელს უწყობს. რაღაცნაირად, ღვთაებრივი რიტუალის ფულზე გაყიდვა ხდება...

ამ გადაგვარებული ტრადიციების (სიმპტომების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება), საშინლად წარმართული გამოვლენა, ხშირად შემზარავი და სისხლიანია. თუმცა ჩვენისთანა პატარა ერს ცუდთან ერთად, ბევრი კარგიც გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ერის მასშტაბი პატარაა, ცუდი მძაფრად ჩანს, მაგრამ ჩვენ გარშემო (ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით) სამეზობლოში თუ გავიხედავთ, იმედს ის მაძლევს, რომ ყველაზე მართებული, სწორი და ფხიზელი გონების ხალხი აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ 4 მილიონი ვართ, გინდაც ბოროტების და გინდაც სიკეთის დიდი მასშტაბი გვაქვს. ერთ მხარეს გვყავს შოთა რუსთაველი და შეიძლება გვყავდეს სტალინიც.

დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი მასშტაბი სიკეთიდან ბოროტებამდე არც ერთ ერს არ ექნება. ევროპელ ახლობლებს ხშირად რიტორიკულ შეკითხვას ვუსვამ ხოლმე, - როგორ გგონიათ, რამდენი ვართ ქართველები? მინიმუმ 50.000 მილიონი, - მპასუხობენ. რომ ვეუბნები 4 მილიონი ძლივს ვართ-მეთქი, ვერ ვაჯერებ იმიტომ, რომ თავისი ინტენსივობით, თვითგამოხატვის მასშტაბით, ერს დიდი დიაპაზონი აქვს. ხომ ვამბობ, ამიტომაც ჩანს ასე მძაფრად ჩვენი წარმართობა, თუმცა ბევრად წარმართია ის ერი, თუნდაც სამეზობლოში, რომელმაც სამარადჟამო პრეზიდენტად აირჩია ადამიანი და მერე მისმა შთამომავლებმა უნდა გააგრძელონ ეს გზა...

თუმცა, მიმაჩნია, რომ წარმართობაც დასაძლევად არ არის რთული, ისეთი პათოლოგიაც არ არის, როგორიც როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს სამეზობლოში, მაგრამ ეს, როგორც ქართველს, არ მაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდე და ვთქვა, რომ სხვებზე უკეთესები ვართ, რადგანაც ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE