ავტორი:

"ვინც ჩემი ქალიშვილის გამტაცებლებს დახოცავს, 10 ათას ოქროს ლირას გადავუხდი!" - ქართულ-ებრაული სიყვარულის ამბავი

"ვინც ჩემი ქალიშვილის გამტაცებლებს დახოცავს, 10 ათას ოქროს ლირას გადავუხდი!" - ქართულ-ებრაული სიყვარულის ამბავი

ფოტოზე: სასტუმრო რიზეში, სადაც ესთერი და თედო ცხოვრობდნენ

აგვისტოს ბოლო დღეები ოსმალეთის ყოფილ სატახტო ქალაქში, სადაც კარგა ხანი დავყავი, უჩვეულოდ მზიანი იყო. იმდენად მზიანი, რომ არქივში მუშაობაც გამიძნელდა - სიცხის გამო, იქ კონდიციონერები ჩართეს და აცივდა. ერთი სიტყვით, გარეთ თუ მზე მწვავდა, შიგნით სიცივე მყინავდა, მაგრამ მაინც ვიქექებოდი იმ ძველ დოკუმენტებში, იქნებ რამე სახეიროს გადავაწყდე-მეთქი. არქივის ერთი თანამშრომელი გოგონა ისე გულთბილად მიღიმოდა ხოლმე, რომ სიცხეც მავიწყდებოდა და სიცივეც. წამოსვლის წინა დღეს, დოკუმენტებში ქექვას აღარ ვაპირებდი - ისე მივედი მასთან და ის-ის იყო, უნდა მეკითხა: ნუთუ ამ სიცივეში ჯდომას, თაქსიმზე პლომბირის ჭამა და შარლ დე კოსტერზე საუბარი არ ჯობია-მეთქი, რომ თავად დამასწრო და მითხრა: თქვენ რომ გაინტერესებთ, ზუსტად ისეთი რამ ვიპოვეო და მომცრო საქაღალდე მომაწოდა.

თაქსიმზე, არცთუ ისე საყოველთაოდ ცნობილ "პლომბირ-ბარში" იმ საღამოს მაინც კი დავსხედით, მაგრამ შარლ დე კოსტერი და მისი ტილ ულენშპიგელი სულაც აღარ გაგვხსენებია: ავდექი და ის ამბავი მოვუყევი, რაც იმ მომცრო საქაღალდეში მოთავსებულ ფარატინა ფურცლებზე ძველი, არაბულ-ოსმალური ანბანით ეწერა. ამ ანბანის წაკითხვა შარლ დე კოსტერის შემოქმედების მოყვარულ ლამაზ გოგონას არ შეეძლო და არც ის იცოდა, რომ ჩვენთან - საქართველოში არსებობს ერთი ძველი გურული დარდიმანდული სიმღერა "ურიელა", რომელშიც სწორედ იმ ამბის ანარეკლი ილანდება, დღეს თქვენც რომ უნდა მოგიყვეთ.

1908 წელს, ტრაპიზონი მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც, ქართული ქალაქი იყო - იქ ბლომად იყვნენ ადგილობრივი ლაზებიც და რუსეთის იმპერიიდან წასული გურულები, მეგრელები, იმერლები თუ აფხაზებიც. ქართველების მთავარი შეკრების ადგილი სოლომონ II-ის საფლავი გახლდათ: იქ ადგილობრივი მღვდელმსახურები თვეში ერთხელ მაინც იხდიდნენ ქართველი გვირგვინოსნის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს, რომელსაც ყველა ქართველი ესწრებოდა ხოლმე. იმ დღეს, როდესაც ოზურგეთის მაზრის მკვიდრი თევდორე კალანდარიშვილი რომელიღაც რუსული თუ ოსმალური ხომალდიდან, რომელზეც ცეცხლფარეშად იყო, ტრაპიზონის ნავსადგურში ძალით გადმოსვეს (კაპიტნისთვის შემოურტყამს და ეს არ აპატიეს), სწორედაც რომ საპარაკლისე დღე იყო. თევდორემ ნაცნობ თერძს მიაკითხა, მაგრამ მასთან არავინ დაუხვდა და მეზობლებმა სოლომონ II-ის საფლავის გზა მიასწავლეს.

გიორგი ნიკოლაძე, სევარიონ მირცხულავა და თედო კალანდარიშვილი. ფოტო გადაღებულია რიზეში, ფოტოგრაფ მორის დ"ევრეს მიერ

თევდორე კალანდარიშვილი პარაკლისს დაესწრო და იმ თერძის გარდა, სხვა ნაცნობებიც ბლომად ნახა. "მეზღვაური ვიყავი, გემზე ვმსახურობდი, მაგრამ კაპიტანთან ჩხუბი მომივიდა და შემომელახა... ახლა უსაქმოდ ვარ და ნებისმიერ სამუშაოს, რაც ჩემთვის იქნება შესაფერისი, შევასრულებ!" - ამცნო თედომ ერთ ტრაპიზონელ ლაზს,

რომელსაც სამუშაოს შოვნა ყველასთვის მუდამ შეეძლო. "სამუშაო აქ ბევრია... შენ ის მითხარი, მებაღეობა შეგიძლია?" - ჰკითხა თედოს ლაზმა და დადებითი პასუხის შემდგომ, უთხრა: აქ ერთი ებრაელი ცხოვრობს და პროფესიონალ მებაღეს ეძებსო. ერთი სიტყვით, მეორე დღეს, დილით ადრე თედო და ის ლაზი იმ ებრაელს მიადგნენ.

შიმუელ დე მერკადო ესპანეთიდან ლტოლვილი იმ ებრაელების შთამომავალი იყო, რომლებიც ხმელ-თაშუა ზღვისპირეთში ხეტიალის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში დაფუძნდნენ, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში კი სტამბოლიდან უკვე ტრაპიზონში გადავიდნენ - იქ, ქართულ გარემოცვაში, მუსლიმანები ებრაელებს ვერ ერჩოდნენ. შიმუელის ბაბუამაც, ტრაპიზონის ებრაულ უბანში უზარმაზა-რი სასახლე შეიძინა, უზარმაზარივე ადგილ-მამულით. სწორედ ამ ადგილ-მამულის მოსავლელად სჭირ-დებოდა მის შვილიშვილს - შიმუელს პროფესიონალი მებაღე.

მოხუც ებრაელს გაცნობისთანავე თვალში მოუვიდა ტანადი ქართველი ჭაბუკი, რომელსაც ეტყობო-და, რომ ყველა საქმეს გაართმევდა თავს და კმაყოფილება ვეღარ დამალა. შუამავალს დიდი მადლობა გადაუხადა, თედოს კი იმავე დღეს აუხსნა, რა და რა უნდა გაეკეთებინა. თან, რასაკვირველია, თავისი ბაღიც დაათვალიერებინა და ჯამაგირზეც მოურიგდა. გარდა მებაღეობისა, თედომ მამულის დაცვაც იკისრა და შიმუელ ეფენდისგან მეტად ძვირფასი საჩუქარი - ნამდვილი ამერიკული "ბერდენკა" და ბედაური მიიღო.

შიმუელ დე მერკადოს ერთადერთი ასული ჰყავდა, სახელად ესთერი. სწორედ იმ დროს, როდესაც თედომ ებრაელის მამულში მებაღედ დაიწყო მუშაობა, ესთერი მამამისმა ერთ სტამბოლელ ებრაელზე დანიშნა. სასიძო ვაჭარი იყო და ძირითადად, იტალიის ქალაქებში ვაჭრობდა. გოგონას დანიშნული არ უყვარდა და არც შეეძლო ჰყვარებოდა, რადგანაც პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა ქართველი მეზღვაური, რომელიც ბედს მებაღე გაეხადა. ესთერი თედოს მეუღლე ვერასოდეს გახდებოდა, რადგანაც აღმსარებლობა სხვადასხვა ჰქონდათ, მაგრამ გოგონას მაინც მგზნებარედ უყვარდა მებაღე, თან წარმოდგენაც არ სურდა იმისი, რომ ოდესმე სხვისი ცოლი უნდა გამხდარიყო. წაიკითხეთ სრულად