"სანამ მკვლელი არ დაისჯება, არ გავჩერდებით" - შს მინისტრის მოადგილე ხურჩაში მომხდარ დანაშაულზე

 "სანამ მკვლელი არ დაისჯება, არ გავჩერდებით" - შს მინისტრის მოადგილე ხურჩაში მომხდარ დანაშაულზე

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ყველა ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმს გამოიყენებს, რათა ხურჩაში მომხდარი ფაქტი დაუსჯელი არ დარჩეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თალაკვაძის ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს მალე მიმართავს მომხდარში დამნაშავეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე და რაშიდ კანჯიოღლის ძებნა საერთაშორისო მასშტაბითაც დაიწყება.

"მინდა, სამძიმარი ვუთხრა გიგა ოთხოზორიას ოჯახს, ეს არის ნამდვილად ტრაგიკული შემთხვევა. კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი იმ უსამართლობის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სანამ მკვლელი არ დაისჯება, ჩვენ არ გავჩერდებით, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმს, რომ ეს ფაქტი არ დარჩეს დაუსჯელი. იცით, რომ შსს-მ დაიწყო გამოძიება დაუყოვნებლივ და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დახმარებით უმოკლეს დროში დაადგინდა სავარაუდო მკვლელი. რაშიდ კანჯიოღლი პასუხისგებაში მისცა პროკურატურამ 108-ე და 236-ე მუხლებით, ასევე, დამატებით უნდა გითხრათ, რომ სულ მალე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ძებნის თაობაზე და საერთაშორისო მასშტაბითაც დაიწყება ამ ადამიანის ძებნა. ეს ადამიანი უკვე მიეცა პასუხისგებაში. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და დარწმუნებული ვარ, მასთან მიმართებაში მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო თანამეგრობასთან, ასევე, ვთანამშრომლობთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და გვაქვს შიდა ეროვნული მექანიზმები, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის აღკვეთას და მის დასჯას ითვალისწინებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შს მინისტრის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ ხურჩაში მომხდარი შემთხვევა ერთადერთი არაა და მსგავსი შემთხვევები წარსულშიც ხდებოდა. არჩილ თალაკვაძემ 2007-2012 წლებში მომხდარი კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. აქვე შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შს სამინისტროს დანაყოფების მიერ პატრულირება შესუსტებული არ არის. "შს სამინისტროს დანაყოფების მიერ პატრულირება არათუ შესუსტებული, პირიქით – გაძლიერებულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გარკვეულ ზონებში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასაც კი არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმებები თავის დროზე იყო მიღწეული. სამწუხაროდ, არც ქართულ მხარეს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ საშუალება, გააკონტროლონ სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ იქ სიტუაცია არის უკონტროლო. ასეულობით პოლიციელი პატრულირებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან და რომ არა ჩვენი დანაყოფების პატრულირება ამ ხაზებთან, შესაძლოა, მეტი ინციდენი მომხდარიყო", – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, თუ საგუშაგოების დამატება გახდება საჭირო, ძალოვანი უწყება მზად არის, წარმომადგენლობა კიდევ უფრო გაზარდოს. ამასთან, შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სუს-ის ძალისხმევით, აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

11 წლის თერჯოლელი ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას 4 წელი მიესაჯა

"გუმათში შეკრებილები პოლიციის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ... დაწყებულია გამოძიება" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ - გორის რაიონში ერთი პირია დაკავებული