"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა" - "როცა აყვავდა ნუშის" ულამაზესი მსახიობის ტკივილიანი ცხოვრება

"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა" - "როცა აყვავდა ნუშის" ულამაზესი მსახიობის ტკივილიანი ცხოვრება

რამდენიმე წლის წინ გავიცანი. შინ ვეწვიე. დაახლოებით, ისეთი იყო, როგორიც "გამომყვა" ბავშვობიდან და როგორიც წარმომედგინა დიდობაში - ძალიან ლამაზი და ღიმილიანი თინა ვარდანაშვილი. უბრალოდ ღიმილიანი კი არა, მომაჯადოებელი ღიმილით. განა, თქვენც ასე არ ჩაგებეჭდათ მეხსიერებაში?! უბრალოდ, გამიხარდა, რომ "ნამდვილიც" ისეთივე იყო, როგორც დიდი ხნის წინ, უფრო სწორად - ყოველთვის, გაზაფხულზე, "ნუშის ყვავილობისას"...

"ადრე გავთხოვდიო, - მიყვებოდა, - 20 წლისა მხატვარ სერგო ქობულაძის რძალი გავხდი და ჩემი ხელოვნებაც მთლიანად დაიჩრდილა... სერგო საოცარი ადამიანი იყო, თავისებური. პირველი შეხვედრისთანავე პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებდა. სულ სახელოსნოში მუშაობდა. მთელ დღეს ყავასა და ჩაის სმას ჯერდებოდა, მხოლოდ ერთხელ სადილობდა. ბავშვებზე კი გიჟდებოდა. დედამთილი მყავდა ანგელოზი, არაჩვეულებრივი ადამიანი.

თინა ვარდანაშვილისა და მერაბ ქობულაძის ქორწილი

ჩემი მეუღლე - მერაბ ქობულაძე მხატვარია, კერამიკოსი. ორი შვილი შეგვეძინა. ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი - სალომე დამეღუპა ავარიაში. ახლა ერთი ქალიშვილი დამრჩა, ლიზა. კარგი მეუღლე ჰყავს და ორი არაჩვეულებრივი შვილი. შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. სულ ვიწექი, არაფერი მინდოდა. ამ პატარებმა - შვილიშვილებმა კი სიცოცხლე დამიბრუნეს, ფეხზე წამომაყენეს და სულ სხვა ადამიანად ვიქეციო"...

მერე დაიჩივლასავით: რაც ასაკში შევედი, წონაში მოვიმატე და არ მომწონს. ვფიქრობ, სამოცს რომ გადავაბიჯებ, ახალ ცხოვრებას დავიწყებ და უფრო მივხედავ თავსო... სამოცს გადააბიჯა ცოტათი და... შარშან მეუღლე გარდაეცვალა, წლევანდელი გაზაფხულის მაისში უკვე 64 წლის გახდა, ივნისიდან კი... მართლაც ახალი ცხოვრება დაიწყო... ოღონდ ის არა, რასაც გულისხმობდა. სულ სხვა, მე და თქვენ რომ არ ვიცით, ისეთი - მარადიული რომ ჰქვია.

მე კი ისევ მასთან შეხვედრას დავუბრუნდები, ერთადერთს და ჩემთვის საოცრად შთამბეჭდავ შეხვედრას ქალბატონ თინა ვარდანაშვილთან, რომელსაც თვალები უბრწყინავდა, თავის ბედნიერ და უდარდელ ახალგაზრდობასა და იმ ამბებს რომ იხსენებდა, რომელმაც ადამიანებს მისი სახე დღემდე არ დაავიწყა.

"როცა აყვავდა ნუში"

- ისეთ ასაკში ვიყავი, ყველა რომ ოცნებობს კინოში გადაღებას. ფილმისთვის სკოლებში დაეძებდნენ ახალგაზრდებს. მეც დამიბარეს სინჯებზე და მალევე დამამტკიცეს მთავარ - ხათუნას როლზე. ძალიან გამიხარდა, თუმცა მეშინოდა... კამერა რომ ირთვებოდა, ვიბნეოდი, გული მიფართხალებდა, ვაითუ, რაღაც ვერ გამომივიდეს-მეთქი. საერთოდ, რთულია მსახიობობა, მით უმეტეს, პატარა და გამოუცდელი გოგონასთვის. მერე კი ნელ-ნელა მომეხსნა დაძაბულობა.

ფილმს საფუძვლად თბილისში რეალურად მომხდარი ორი ამბავი დაედო. პირველი შეჯიბრების ამბავი იყო - სინამდვილეშიც ასე მოხდა, რომ ვიღაცამ სხვის მაგივრად აიღო პირველი ადგილი, მეორე იყო - ავარიის. სულ ახალგაზრდები ვმონაწილეობდით და შესანიშნავი ჯგუფი შეიკრა.

"როცა აყვავდა ნუში" - თინა ვარდანაშვილი და ზურა ყიფშიძე

არაჩვეულებრივ მოგონებად დამრჩა ბიჭვინთაში გატარებული 24 დღე. პირველად ვიყავი უფროსების - ოჯახის წევრების გარეშე, რასაც გვინდოდა, იმას ვაკეთებდით. ცუდს კი არაფერს, მაგრამ გადაღების შემდეგ შინ რომ ვბრუნდებოდით, ხელოვანთა დასასვენებელ სახლში, ცოტას მართლაც ვისვენებდით და მერე ბოლო სართულზე, ბარში ავდიოდით, ვცეკვავდით, "ვიკლავდით" თავს, ღამეებს ვათენებდით და მაგრად ვერთობოდით. მთავარი იყო, მეორე დღეს ფორმაში ვყოფილიყავით, თუ არადა, დაგვსჯიდნენ ალბათ. მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და ყველაფერს ვუძლებდით. ერთი-ორჯერ იყო, რომ ბიჭებმა დალიეს და ცოტა "აურიეს", რის გამოც შენიშვნა მივიღეთ, თორემ უპრობლემო ბავშვები ვიყავით...განაგრძეთ კითხვა