ცოტა ხნის წინ "ფეისბუქში" ერთი საინტერესო გვერდი გაჩნდა - Mshibzia. ეს სიტყვა აფხაზურად მისალმებას ნიშანავს. "ფეისბუქ-გვერდთან" ერთად ვებ-გვერდი - Mshibzia.com ამოქმედდა. რატომ შეიქმნა ეს გვერდი და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, ამის გარკვევა იდეის ერთ-ერთ ავტორთან, ბაჩო მებურიშვილთან ვცადეთ:

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ რამე ორგანიზაციას და მით უფრო პოლიტიკურ მხარეს, აქვე გეტყვით, რომ არასოდეს ვითანამშრომლებთ არა მარტო პოლიტიკოსებთან, არამედ კომერციულ ორგანიზაციებთანაც. ჩვენ ეს პროექტი არ გავაკეთეთ იმისათვის, რომ მივიღოთ რაიმე ტიპის დივიდენდები. გადაწყვეტილება, რომ მსაგავსი პროექტი განგვეხორციელებინა მივიღეთ რამდენიმე მეგობარმა. იდეა წამოვიდა იქიდან, რომ რაც უფრო ვუღრმავდებით ამ თემას, ვხედავთ, რომ ქართველებს და აფხაზებს ურთიერთობა თითქმის აღარ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ადამიანების ძალიან მცირე კატეგორიას, ვისაც კავშირები აქვთ შემორჩენილი. დაახლოებით 8000 დღეა ჩვენ და აფხაზები ერთმანეთს არ მივსალმებივართ და გადავწყვიტეთ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, სიჩუმის 8000 დღე მისალმებებით შეგვევსო. გვინდოდა ჩვენი აფხაზი მეგობრებისთვის გვეჩვენებინა, რომ ქართველები მხოლოდ ნეგატიურად არ არიან განწყობილი და არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მათ სიკეთე გაუგზავნონ მისალმების გზავნილით. როგორც უკვე ვთქვი, 8000 დღეა გამარჯობის გარეშე და ამის შევსება გვინდა, თუმცა თუ ავალთ მილიონ მისალმებამდე, ეს იქნება ძალიან კარგი, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად ვუყურებთ ამ ყველაფერს და არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ პროექტით ჩვენ აფხაზეთში სიტუაციას შევცვლით ან თუნდაც იქაურ მოსახლეობას განწყობას შევაცვლევინებთ. თუ ჩვენ თუნდაც 5 ადამიანს ქართველების მიმართ განწყობას შევუცვლით, ჩავთვლით, რომ პროექტმა მისია შეასრულა.
- აფხაზური მხარისაგან როგორია გამოხმაურება?
- გამოხმაურება ქართული მხარისაგან გაცილებით მეტია და ძირითადად დადებითი. რაც შეეხება აფხაზური მხარის გამოხმაურებას, არის ნეგატიურიც და დადებითიც. ისინი შეჩვეული არიან, რომ ყოველი აქცია, რომელიც კეთდება, არის რაღაცისათვის გამიზნული ან რომელიმე ფირმა ფუთავს თავის პროდუქტს ან პოლიტიკოსი იყენებს საიმიჯოდ და სხვა. და ამ პროექტზეც ისინი წერენ - ამ პროექტით რა გინდათ? რას მოითხოვთ? უჭირთ დაჯერება, რომ ეს პროექტი არავითარ ქვეტექსტებს არ შეიცავს, თუმცა საბედნიეროდ არიან ისეთებიც, ვინც წერს, რომ სჯერა საქართველოში მხოლოდ ცუდი არ უნდათ მათთვის. ჩემი აზრით, თუნდაც ერთი ასეთი კომენტარისთვის ღირდა ამ პროექტის დაწყება.
- სამომავლოდ თუ აპირებთ რაიმე სიახლეებს?
- დიახ, უკვე დაწყებული გვაქვს და ალბათ შემოდგომისთვის მზად იქნება საიტი, სადაც ჩვენ შევეცდებით ერთგვარი დოკუმენტური ველი შევქმნათ და გავაცოცხლოთ ის პერიოდი, სანამ ომი დაიწყებოდა. ერთადერთი, სადაც ჩვენი მეგობრობა შემონახულია, ეს არის ფოტოსურათები, რომელიც დარჩენილია საოჯახო ალბომებში და ეს ყველაფერი გადაღებულია ომამდე. გვინდა შევაგროვოთ ეს ფოტოები და შევქმნათ მეგობრული ციფრული ველი.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE