ტონგასთან თამაშის წინ საკითხავი - როცა რაგბი და გამარჯვება ერთია

ტონგასთან თამაშის წინ საკითხავი - როცა რაგბი და გამარჯვება ერთია

ჩვენში, რაგბი და გამარჯვება დიდი ხანია სინონიმებად არის ქცეული, თუმცა ამ გამარჯვევებშიც არის ერთი ისეთი, რომელმაც ქართული რაგბი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. კი ბატონო, დიდი იყო რუსთა პირველი ძლევა, არანაკლებ დიდი იყო რუსთა ძლევით მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება, უმნიშვნელოვანესი იყო 2007 წლის მსოფლიოს თასზე პირველი გამარჯვება ნამიბიასთან (თანაც როგორი შთამბეჭდავი 30-0), თუმცა შარშანდელ მსოფლიოზე ტონგას დამარცხება მაინც ამათზე მეტია. ეს ის გამარჯვება იყო, რომლისთვისაც თაობები ემზადებოდნენ და შედგა კიდეც. მანამდე ტონგასთან სამჯერ გვქონდა ნათამაშები და მოგებათა ნიხრი მათ სასარგებლოდ იყო 1-2, მსოფლიო თასზე გავთანაბრდით (თუმცა ვგონებ ოდენ ქულებით, თორემ მსოფლიოზე მიღწეული შედეგი გაცილებით დიდი, ვიდრე რაგინდარა ტესტი). ხვალ ისევ ტონგაა (თბილისის დროით 04:45), მართალია თამაში ფიჯიშია, თუმცა ტონგელთათვის მშობლიური წყნარი ოკეანე იქაცაა.

რა გასაკვირია, რომ ტონგელები რევანშისთვის ემზადებიან. ამას არც მალავენ, მაგრამ იქვე აყოლებენ, რომ იციან, ეს ძალიან რთული იქნება. სირთულის საილუსტრაციოდ, წინა შაბათს, სამოასთან გამართული მატჩიც გამოდგება. მართალია, სამოა არ იყო სრული შემადგენლობით, მაგრამ თუ დანაკლისზე ვისაუბრებთ, ჩვენ უფრო მეტი და რაც მთავარია, ჩვენი გუნდისთვის უფრო წონიანი მორაგბეები გვაკლდნენ. ჰოდა ამ სამოასთან სტუმრად 19-19 დავასრულეთ და იმდენად ახლოს ვიყავით მოგებასთან, რომ ფრე არასასურველ შედეგად ჩავთვალეთ, არადა 2013 წლის ნოემბერში თბილისში სამოასთან მოგება მართლა გმირობა იყო, დღეს კი სტუმრად მიღწეული ფრე გვეცოტავება. ასეთი ფატქები ყველაზე კარგად წარმოაჩენს ჩვენი გუნდის ზრდას, თორემ რუსეთ-ესპანეთთან გამარჯვება ყოველდღიურობადაა ქცეული.

ბორჯღალოსნებმა პირველი მატჩი 1989 წელს გამართეს, ხვალ 190-ე რკენა იქნება. ერთი საინტერესო ფაქტია, გუნდის კაპიტანი შალვა სუთიაშვილი მეთოთხმეტედ გაუძღვება გუნდს და აქამდე გამართული თამაშებიდან 12 მოგება, ერთი ფრე და არცერთი მარცხი აქვს. იმედია, ხვალინდელი თამაშიც გააგრძელბს ამ ლამაზ ტენდენციას.

ჩვენი ბიჭების თამაშს მსოფლიო რაგბი გამადიდებელი შუშით უყურებს. ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი მსოფლიო რაგბის ელიტაშია და არა იქ, სადაც ყოველი წლის თებერვალ-მარტში გვათამაშებენ. კი ბატონო, დარჩეს ის ტურნირიც (ევროპის ერთა თასი), მაგრამ მოგვცენ უფლება და იქ საქართველოს ა ნაკრებმა იბურთაოს, ხოლო ეროვნული გუნდი ბობოლებთან გვათამაშონ. ამით პირველ რიგში, რაგბი იხეირებს და სანაკრებოდ დასაწინაურებელი ბიჭებისათვის მშვენიერი გამოცდა იქნება, თუმცა ეს ყველაფერი შორეული პერსპექტივაა, მაგრამ მთავარია, რომ რეალობაა.

უკვე მეორე შაბათია გულშემატკივრებს დილის ძილი არ გვაქვს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამის გამო არავის ვსაყვედურობთ. ეგ კი არა მადლობლებიც ვართ, რომ ასეთი კარგი მიზეზის გამო გვიწევს გაღვიძება. როგორც წესი, ახლადაგაღვიძებულნი ან ყავას ან რაიმე ენერგეტიკულ სასმელს სვამენ გამოსაფხიზლებლად, მაგრამ ამ შაბათს ეს არ იქნება საჭირო, რადგან რაგბის მოყვარულთათვის ქართულ რაგბზე ენერგიული არაფერია.

ასე რომ, შაბათ დილას მაგარი რაგბია, რომლის არნახვა დანაშაული იქნება ღვთისა და ერის წინაშე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი