კანის კრეატიულ ფესტივალზე ქართულმა სარეკლამო კომპანია "ლივინგსტონმა" და "ნატახტარმა" მორიგ წარმატებას მიაღწიეს. კანის ლომების ფესტივალი 60 წელზე მეტია იმართება. ფესტივალი მონაწილეებს 17 ნომინაციაში ავლენს, ქართული სარეკლამო კამპანიის გვერდით კი მსოფლიოს ისეთი ბრენდების სარეკლამო კამპანიები იყვნენ, როგორიც არის "სამსუნგი", "რენო" და სხვა.
"ლივინგსტონმა" კანის კრეატიულ ფესტივალზე წელს "ნატახტრის" ახალი ლუდის Old Irish-ის კრეატიული სარეკლამო კამპანიისთვის მიიღო ბრინჯაოს ლომი, შარშან კი წარმატება მოიპოვა პროექტისთვის "ძეგლები ლუდის სიყვარულისთვის", რომლისთვისაც ასევე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ქართული ჯგუფი კანში კიდევ ერთ წარმატებას ელოდება. "ambebi.ge" წელს გამარჯვებული პროექტის პროდიუსერს ნათია გოგავას კანში დაუკავშირდა.
- ელოდით წარმატებას კანის ფესტივალზე?
- რა თქმა უნდა, გვქონდა წარმატების იმედი, მაგრამ წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთული იყო, ნამუშევარი რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიაში გვქონდა გაგზავნილი და ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც პიარის კატეგორიაში ავიღეთ მთავარი პრიზი. ამ კატეგორიაში სულ 2300 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩვენი პროექტი ნამუშევრების სამ საუკეთესო პროცენტში მოხვდა. ეს პრიზი ნიშნავს იმას, რომ საქართველოშიც შეგვიძლია საუკეთესო სტანდარტის ნამუშევრების შექმნა, რადგან მომავალში უფრო ფართო ასპარეზზე გავიდეთ და დიდ კომპანიებს შევეჯიბროთ.
- რატომ გახდა ეს ნამუშევარი ჟიურის რჩეული?
- ჟიურის წევრებთან დღეს გვექნება გასაუბრება. ჩვენი აზრით, ისინი მოხიბლა იმან, რომ რეალობად ვაქციეთ დაპირება "აღმოაჩინე ირლანდიური გემო", რაც იყო მოცემული ბრენდის სლოგანში. სავარაუდოდ, ეს იყო მთავარი, რამაც მოხიბლა ჟიური.
- როგორც ვიცი დღეს კიდევ ერთი პრიზის მოლოდინშია "ლივინგსტონი"...
- დიახ, დღეს მედიაკატეგორიაში ველოდებით პრიზს. მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, მოვხვდით საუკეთესო შორტლისტში, ამ კატეგორიაში მთლიანი ნამუშევრების 5-10 პროცენტი ხვდება და სწორედ ამ მცირე კატეგორიაში მოხვდა ჩვენი კომპანიაც. მივიღებთ თუ არა პრიზს ამ კატეგორიაშიც, საღამოს 7 საათზე გახდება ცნობილი.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE